პიონგჩანგის ზამთრის ოლიმიადაზე ორივე სამედლო დღე მოვლენებით დახუნძლული გამოვიდა. სნოუბორდში ჯერ მხოლოდ საკვალიფიკაციო შეჯიბრი გაიმართა, მაგრამ იაპონელი იური ოკუბოს მძიმე დახეთქებამ ქომაგის გული შეძრა. საბედნიეროდ, უბედურება არ დატრიალდა, სპორტსმენი შედარებით ადვილად გადარჩა.

ოლიმპიური მედლების ათვლა თხილამურობაში დაიწყო, სადაც 10 თებერვალი შვედი შარლოტ კალას დღე გამოდგა. 2017-18 წლების მსოფლიო თასის ოდინდელი ლიდერი, რომელიც მომდევნო ეტაპების ჩაგდების შედეგად საერთო ჩათვლაში მე-6 პოზიციამდე ჩამოცოცდა, 15 კილომეტრზე შერეული სტილით სრიალში (7,5 + 7,5 სკიათლონი) შეუდარებელი იყო და ზურგში მსუნთქავი კონკურენტის გარეშე უწია ფინიშს. მსოფლიო თასის ნორვეგიელი ლიდერი, ჰაიდი ვენგი, ტრასის პირველ ნახევარში ლიდერთა შორის იყო, მაგრამ თხილამურების გამოცვლის შემდეგ მოეშვა და რაღა მედალი, კინაღამ ათეულს მიღმა დარჩა (მე-9 ადგილი).

შარლოტ კალას კომფორტული ფინიში. ფოტო: www.olympic.org

11 თებერვალს ვაჟთა ანალოგიურ ჭიდილში ერთხელაც დამტკიცდა, რომ მსოფლიო თასის ლიდერობა ოლიმპიადის ავტომატურ მოგებას არ ნიშნავს. მოხდა მოსალოდნელი: პოდიუმი ნორვეგიელებმა შეავსეს. სიმონ ჰეგსტად კრიუგერმა ოქროს მედალი მოიპოვა, მარტინ იონსრუდ სუნდბიუს ვერცხლი ერგო, ჰანს კრისტერ ჰოლუნდს – ბრინჯაო. და მოხდა მოულოდნელი: მსოფლიო თასის დისციპლინათა უმრავლესობისა და საერთო ჩათვლის უპირობო ლიდერი (ესეც ნორვეგიელი) იოჰანეს ჰოსფლოტ კლებო მხოლოდ მეათე იყო ფინიშზე. ლომივით იბრძოლა ოლიმპიურმა ათლეტმა რუსეთიდან (კორექტულობა გამოვიჩინოთ და რუსი სპორტსმენები სოკ-ის დადგენილი ტერმინით მოვიხსენიოთ), დენის სპიცოვმა და მეოთხე ადგილს გამორჩა.

ნორვეგიული ტრიო (მარცხნიდან): სუნდბიუ, კრიუგერი, ჰოლუნდი – მედლები ჩვენ და მხოლოდ ჩვენ. ფოტო: www.xinhuanet.com

10 და 11 თებერვალს, უფრო გვიან, ქალთა და ვაჟთა მედლები ბიათლონშიც გათამაშდა. სუსტი სქესი 7,5 კილომეტრიან სპრინტში ცდიდა ძალას, ძლიერებმა იგივე დისციპლინა 10 კილომეტრზე მოსინჯეს. გერმანელებს დარჩათ ბურთი და მოედანი ორივე შემთხვევაში და თუ ლაურა დალმაიერი შარშანდელი მსოფლიო თასის გამარჯვებული და უკვე სახელმოხვეჭილი ახალგაზრდა გოგოა, არნე პაიფერისგან ოლიმპიადის მოგებას ძნელად თუ იფიქრებდა კაცი, რადგან იგი უკვე კარგა ხანია, ათეულის სტაბილური წევრის რეპუტაციითღა სარგებლობს ბიატლონის სამყაროში. გასლოვაკებული რუსი ანასტასია კუზმინა, ვინც წლევანდელ მსოფლიო თასზე ჯერჯერობით სწორუპოვარია, პიონგჩანგში აქამდე მხოლოდ მოცახცახე მაჯით გამოირჩა, სამი სროლა ააცილა და მე-13 ადგილზე დარჩა. ფრანგი მაესტრო მარტინ ფურკადიც ასევე უხეიროდ აწვებოდა შაშხანის სასხლეტს და მე-8 ადგილს დასჯერდა. მსოფლიო თასზე მისი მთავარი თავის ტკივილებიდან ნორვეგიელი იოჰანეს ტინეს ბიო გუშინ ნაბახუსევი იქნებოდა (აბა, ოთხ “ხაიას” სხვანაირად როგორ ახსნით?) და 31-ე პოზიციაზე გაიყინა, ხოლო რუსი ანტონ შიპულინი მოსკოვშია და ვლადიმირ პუტინის სახელზე ხოტბას აღავლენს, ჩემი თავი ყოველთვის მისი გუნდის წევრად მიმაჩნდა და მომავალ არჩევნებზეც გვერდით მიგულოსო (დისკვალიფიცირებულ ოლიმპიელთა სიაში გახლავთ მოხვედრილი).

ლაურა დალმაიერს ფიონგჩანგში მიზანიც უვარგოდა და ჯანიც. ფოტო: wtop.com

ციგაობის ვაჟთა ინდივიდუალური რბოლა ავსტრიელმა დავიდ გლაირშერმა მოიგო და სიხარულით კინაღამ შეიშალა, ხოლო შორტტრეკში მასპინძელთა ყულაბაც პირველი ოქროთი შეივსო (ვაჟთა 1500-მეტრიანი რბოლა ლიმ ჰიოჯუნმა მოიგო).

დავიდ გლაირშერი – ნეტავ უფრო მეტიც მაყვირა! ფოტო: www.pyeongchang2018.com

რაც შეეხება ციგურაობას, აქ რა მოგიყვეთ: ჩემთან, ოჯახში მგონი ახლაც ინახება ჰოლანდიურიდან ქართულად გადმოთარგმნილი მერი მეიპს დოჯის “ჰანს ბრინკერი ანუ ვერცხლის ციგურები”. გადაიკითხეთ, შვილებსაც წააკითხეთ და გასაგები გახდება, ქალთა სამკილომეტრიან რბოლაში სამივე მედალი ნარინჯისფრებს რად დარჩათ (კარლინ ახტერეეკტე, ირეენ ვუსტი, ანტიონეტე დე იონგი) და ვაჟთა ხუთკილომეტრიანი გარბენიც მაინცდამაინც ჰოლანდიელმა სვენ კრამერმა რატომ მოიგო.

მარცხნიდან: ვუსტი, ახტეერეკტე, დე იონგი. ფოტო: www.pyeongchang2018.com