გარიგებაში ეჭვმტანილი „ლევანტეს“ და „სარაგოსას“ ფეხბურთელების, მწვრთნელების, დირექტორების და პრეზიდენტების სასამართლო მოსმენა ვალენსიაში 27 თებერვალს განახლდება. საქმე შარშან ივლისში დროებით შეწყდა და წლეულს გაგრძელება იქნება.
ანტიკორუფციულმა სამსახურმა „ლევანტე“ – „სარაგოსას“ მატჩს ხელი 2011-ის შემოდგომაზე ჩაავლო. 2010-11 სეზონის ბოლო ტურში, რომელიც 21-22 მაისს გაიმართა, „ლევანტემ“ „სარაგოსას“ უმასპინძლა. „ლევანტე“ არხეინად იყო, „სარაგოსა“ კი მხოლოდ მოგების შემთხვევაში დარჩებოდა პრიმერაში. თამაში 1:2 დასრულდა, „სარაგოსა“ დარჩა და შედეგად „დეპორტივო“ გავარდა.
დეპორელთა მაშინდელმა პრეზიდენტმა აუგუსტო სესარ ლენდოირომ გარიგების სუნი იყნოსა და ეჭვები ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასს გაუზიარა. ტებასმა ანტიკორუცფიულ სამსახურს მიმართა და დაიწყო ეჭვმიტანილების საბანკო ანგარიშების შემოწმება იმ წელსვე, მაგრამ იმდენი ხალხია გარეული ამ ამბავში, რომ სერიალივით გაიწელა და დღემდე ვერ დალაგდნენ.
მაშინ „სარაგოსას“ მექსიკელი ხავიერ აგირე თავკაცობდა. აგირეს „ოსასუნაში“, „სარაგოსაში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „ესპანიოლში“, მექსიკის და იაპონიის ნაკრებში უმუშავია. იაპონის ნაკრებიდან სამი წლის წინ გაუშვეს, როცა შეიტყვეს რომ მისი საქმე სასამართლოში იყო.
2011-ში სარაგოსელები იყვნენ გაბი ( ამჟამად „ატლეტიკოს“ კაპიტანი ) და მანჩესტერელი ანდრე ერერა, „ლევანტეში“ კი თამაშობდნენ ყოფილი თბილისის დინამოელები ჩისკო მუნიოსი და რაფა ხორდა.
„ლევანტესთან“ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე „სარაგოსას“ მწვრთნელის და 10 ფეხბურთელის ანგარიშზე კლუბის ანგარიშიდან 965 000 ევრო ჩაირიცხა – დაახლოებით 88 000 თითოზე ( მათ შორის არიან გაბი და ერერაც ). ამაში საეჭვო არაფერია, მაგრამ მატჩის მომდევნო დღეებში ფეხბურთელებმა და მწვრთნელმაც თანხა ნაღდ ფულად გაიტანეს და სწორედ ამ ფაქტს ებღაუჭება პოლიცია. სამი წლის წინ დაკითხვაზე ზოგმა თქვა ფული კლუბის პრეზიდენტს დავუბრუნეო, ზოგმა დუმილის უფლება გამოიყენა და ზოგმაც აბდაუბდა ილაპარაკა.
გამოძიება ეჭვობს, რომ განაღდებული ფული „ლევანტეს“ რომელიმე ფეხბურთელს ან შუამავალს გადასცეს და მერე მან დაურიგა მოთამაშეებს. საინტერესოა, რომ ზოგიერთმა ლევანტელმა ფეხბურთელმა 22 მაისიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ბანკის ბარათით მხოლოდ ერთი-ორჯერ ისარგებლა. მაგალითად ექტორ როდასმა საეჭვო მატჩიდან 141 დღის განმავლობაში ბანკომატიდან 290 ევრო გაიტანა, ხოლო მატჩამდე 141 დღეში 20 030 ევრო. ნაღდი ფული თუ ჰქონდა, ბანკომატთან რაღა ესაქმებოდა.
დაახლოებით 50 კაცია დასაკითხ-გამოსაკითხი და ეს ამბავი ალბათ კიდევ გაიწელება, განახლებულ სასამართლო პროცესზე კი პირველ ნომრად ხავიერ აგირე ონაინდია გახლავთ დაბარებული. მექსიკაში დაბადებული, ბასკი ემიგრანტების შვილი, მეტსახელად „ბასკი“.