პიონგჩანგის ოლიმპიადა, რომლის გახსნამდეც სამი დღე დარჩა, გაუთვალისწინებელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქში ვირუსული ინფექცია გავრცელდა. ვირუსით, რომელიც გასტროენტერიტს იწვევს, უკვე დაავადდნენ როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე სპორტსმენებიც. ვირუსის შემდგომი გავრცელების და ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად, საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე 1200 თანამშრომელი დაითხოვა.
ლი ჰი ბომი, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი: მსურს ყველას ბოდიში მოგიხადოთ. ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ასევე სხვა კომპეტენტური ორგანოები ახლა კონტრზომებზე მუშაობენ, რომელთა შესახებაც უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ.
ეპიდემიის გავრცელების გარდა, ოლიმპიადას ძლიერი ყინვებიც ემუქრება. ბოლო დღეებია, ღამით ტემპერატურა -21 გრადუსამდე ეცემა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ მაყურებლებს თბილი გადასაფარებლებით და ცხელი სასმელებით მაქსიმალურად მოამარაგებენ.