დღეს დილით ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში “გოლდენ სტეიტმა” მორიგ მეტოქეს ჩაუტარა ღია გაკვეთილი. ამჯერად მსხვერპლი “მინესოტა” გახლდათ. თავად განსაჯეთ: სასტარტო შემადგენლობის ხუთმა მოთამაშემ ერთად 96 ქულა მოინაგრა, კევინ დიურანტმა სულაც სამმაგი დუბლით (28-10-11) გააბრუა სტუმრები. სათადარიგოებმაც გამოიდეს თავი და ზაზა ფაჩულიას საიუბილეო დღე სათანადოდ მიულოცეს – ზაზა სასტარტო შემადგენლობაში გავიდა პარკეტზე და ეს მისი მე-1000 მატჩი იყო NBA-ში. ქართველმა გოლიათმა 9 ქულა მიითვალა და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ კარიერის ჯამური მონაგარი 7000 ქულამდე გაეზარდა ფაჩულია ჯერ მხოლოდ 33 წლისაა და ეგებ, ორიოდ წელიწადში იმ ზეკლუბის წევრიც გახდეს, რომლის წევრებსაც კარიერაში 10 000 ქულა მოუპოვებიათ.