2016 წლის 31 იანვარს, კრაკოვში, სახელბურთო ევრო-2016-ის ფინალის დასკვნითი წუთები ესპანეთის ნაკრებს მწარედ დაამახსოვრდა. არა იმიტომ, რომ თამაშის ბედი ერთმა ტყორცნამ და წამებმა გადაწყვიტა. პირიქით, გერმანია რამდენიმე ბურთით წინ იყო და გამარჯვებაში დარწმუნებული ბურთს ლაღად, მეტიც, დაუდევრად ათამაშებდა. წუხელ, ევრო-2018-ის მთავარი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ესპანელებმა სისხლი აიღეს, თან ზუსტად ორი წლის წინანდელი სახით: ბოლო წუთზე სამი ბურთით დაწინაურდნენ, დასკვნითი კომბინაცია კომფორტულად გაითამაშეს და 59:49-ზე ერთიც შეადგეს დიდი ზეიმ-ზეიმით. ესპანეთი ნახევარფინალშია, სადაც ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი (საფრანგეთი) ელის. გუშინ ფრანგებმა პრინციპულ თამაშში ხორვატები დასცეს, რომელთაც 14 ათასი ქომაგისგან “არენა ზაგრებისთვის” ჭერის ახდამაც ვერ უშველა. მასპინძლებს ნუგეშად მე-5 ადგილისთვის ჩეხეთთან მატჩი შერჩათ. ამ უკანასკნელთათვის აღნიშნული თამაში ნუგეში კი არა, მოულოდნელი საჩუქარი გახლავთ – ასე მაღლა ჩეხები ევროსარბიელზე 1996 წლის შემდეგ არ ასულან.
მეორე ნახევარფინალური წყვილი ოლიმიურმა ჩემპიონმა დანიამ და შვედეთმა დააკომპლექტეს. თანაგრძნობის ღირსია ნორვეგია, ვინც გუშინ სწორედ შვედეთს მოუგო და მაინც დასკვნითი რაუნდის მიღმა დარჩა.
მთავარი ჯგუფური ტურნირის დასკვნითი ცხრილები
ხელბურთი, ევრო 2018. ჯგუფი I
ნაკრები | მოგება | ფრე | წაგება | გატ./გაშ. | ქულა |
---|---|---|---|---|---|
საფრანგეთი | 5 | 0 | 0 | 156:130 | 10 |
შვედეთი | 3 | 0 | 2 | 136:127 | 6 |
ხორვატია | 3 | 0 | 2 | 147:138 | 6 |
ნორვეგია | 3 | 0 | 2 | 152:144 | 6 |
ბელარუსი | 1 | 0 | 4 | 128:146 | 2 |
სერბეთი | 0 | 0 | 5 | 131:165 | 0 |
ხელბურთი, ევრო 2018. ჯგუფი II
ნაკრები | მოგება | ფრე | წაგება | გატ./გაშ. | ქულა |
---|---|---|---|---|---|
დანია | 4 | 0 | 1 | 140:123 | 8 |
ესპანეთი | 3 | 0 | 2 | 142:118 | 6 |
ჩეხეთი | 2 | 1 | 2 | 113:131 | 5 |
სლოვენია | 1 | 2 | 2 | 134:133 | 4 |
გერმანია | 1 | 2 | 2 | 124:126 | 4 |
მაკედონია | 1 | 1 | 3 | 114:136 | 3 |