ზოგადად, იანვარი სანაკრებო ფეხბურთისთვის „მკვდარი“ თვეა, მაგრამ ტურნირებსა და ამხანაგურებს ხელს არავინ უშლის. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილი 17-წლამდელები მინსკში, 12-გუნდიან ტურნირზე თამაშობენ, ხოლო გიორგი ცეცაძის 21-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში გამართა შეკრება და აზერბაიჯანს 1:1 ეთამაშა.
უმცროსებით დავიწყოთ. ყოჩაღი გუნდი ჰყავს ნემსაძეს, კარგი ინდივიდუალისტებითა და აგრესიული შეტევებით. ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩევიან, ორივენი თავდამსხმელები არიან. კარგია მარჯვენა მცველ-ნახევარმცველი ცოტნე კაპანაძე, ცენტრალური მცველები შოთა ნონიკაშვილი და ივა გელაშვილი…
ჯგუფში ყაზახეთთან ჯერ ვიგებდით დავითაშვილის პენალტით, მერე ვაგებდით და მეორე ტაიმში კაპანაძემ გაათანაბრა, მერე კი გიორგი გულიაშვილს გაუკეთა საგოლე პასი და 3:2 ვიმარჯვეთ. ლოგიკურად, უფრო მსუყე ანგარიშითაც შეიძლებოდა მოგება, რადგან დიდი სათამაშო უპირატესობა გვქონდა.
მეორე თამაშში მოლდოვასთან დავითაშვილმა საჯარიმო გაიტანა, მერე კი კვარაცხელიამ ორი გოლი დაამატა და 3:0 მოვიგეთ.
ამ ასაკში ხშირად იგებენ ჩვენები და მომავალი ჩვენი ჩანს ხოლმე… მაგრამ მერე ვეღარ ყწყობენ ფეხს. ნამდვილად არ გვინდა, რომ ნემსაძის გუნდსაც ასე დაემართოს. იმედია, ამ ბიჭებიდან არაერთი ითამაშებს დიდ ფეხბურთს.
შუადღით უკრაინას ვხვდებით, რომელსაც ჩვენებივით ორი მოგება აქვს, ოღონდ ბურთების შეფარდებაც უკეთესი სხვაობა და ამიტომ პირველზე გასასვლელად ჩვენებს ხელს მხოლოდ მოგება აძლევს, თუმცა ისედაც გასულები ვართ ჯგუფიდან.
17-წლამდელები ყაზახეთთან: ხარშილაძე, გელაშვილი, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, კაპანაძე, შალიკაშვილი, ჩოთალიშვილი, შვარცი, გულიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია.
შეცვლაზე შევიდნენ: იაკობიძე, აბზიანიძე, ჩიხრაძე, დეკანოსიძე.
17-წლამდელები მოლდოვასთან: ხარშილაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, აბზიანიძე, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, შვარცი, კვარაცხელია, დავითაშვილი, იაკობიძე, გულიაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: კალანდაძე, დეკანოსიძე, გაგუა, ბაქრაძე, ჩოთალიშვილი, ჭავჭანიძე, ჩიხრაძე.
21-წლამდელებს რაც შეეხება, ცეცაძე უძლიერეს შემადგენლობას ვერ შეკრებდა, რადგან ფეხბურთელთა უმეტესობა თავის კლუბში დაკავებულია. ასევე იყვნენ აზერბაიჯანელებიც. ასე რომ, ექსპერიმენტული გუნდებით ითამაშეს. 1:1 დასრულდა და გოლები გამოდგა კურიოზული. განსაკუთრებით საქართველოს კარში გავიდა გამოგონილი.
ჩვენებმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაუშვეს, როცა გიორგი ახალაძეს ბურთი აეჭრა ფეხიდან და მეკარე გიორგი ჩოჩიშვილმაც ვერ მოიგერია. არადა, რა საგოლე მომენტი, რის საგოლე მომენტი… დაიწყო მეორე ნახევარი და მალე გავათანაბრეთ: ახლა აზერბაიჯანელ მცველს მოეჭრა ბურთი, რომელმაც უცნაური ტრაქეტორია მოხაზა და მეტოქის კარისკენ წავიდა, იქ კი ბექა მიქელთაძემ იმარჯვა და თავით დაამატა კარში.
21-წლამდელები აზერბაიჯანთან: ჩოჩიშვილი, ნადირაძე, ქანთარია, კობოური, ახალაძე, სამურკასოვი, ბაშელეიშვილი, შულაია, რუხაძე, არველაძე, მიქელთაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: შოვნაძე, ჩაჩუა, კამლაძე, გიორბელიძე, კუცია, ხარებაშვილი, მაჭარაშვილი, გადრანი, საღრიშვილი, ღუდუშაური.