არსენ ვენგერმა ახალშეძენილი ჰენრიკ მხითარიანი შეიცოდა — „მანჩესტერ იუნაიტედში” ისეთი კოშმარი გადახდა, რომ შეიძლება იარების მოშუშებას მთელი ცხოვრება მოუნდესო. „არსენალის” თავკაცი აპირებს სომეხ ვარსკვლავს ჟოზე მოურინიუს ბოროტების სამეფო თანდათანობით დაავიწყოს.
ვენგერი: „რასაკვირველია, ვღელავ იმაზე, თუ რამდენად დაამჩნია „მანჩესტერ იუნაიტედში” განცდილმა მას კვალი. ვაპირებ მხითარიანთან ერთად დავჯდე და წარსული გავაანალიზო, რათა გადავწყვიტოთ, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა დავეხმარო მდგომარეობიდან გამოსვლაში. ჩვენ მას ახალ შანსს მივცემთ, რომელსაც ყველა იმსახურებს. მწამს, რომ მისი დონის ფეხბურთელი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს”.
ჰენრიკ მხითარიანი ჟოზე მოურინიუს ხელში „მანჩესტერ იუნაიტედის” უსარგებლო წევრად იქცა, მაგრამ მისდა ბედად „იუნაიტედმა” და „არსენალმა” ფეხბურთელები გაცვალეს: მხითარიანი მანჩესტერიდან ლონდონს გაემგზავრა, ლონდონიდან კი მანჩესტერში ალექსის სანჩესი ჩავიდა.
„მას ის თვისებები აქვს, რომელთა წყალობით ჩვენს ტექნიკურ ფეხბურთს მოერგება. მხითარიანი გუნდური ფეხბურთელია, რის გამოც მწამს, რომ მისი ყიდვა გამართლებული ნაბიჯი იყო. მას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში”, — დასძინა ვენგერმა.
ჰენრიკ მხითარიანი დღეს „კარაბაოს თასის” ნახევარფინალში „ჩელსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რადგან ამ შეჯიბრებაში „ბრისტოლ სიტის” წინააღმდეგ „იუნაიტედის” შემადგენლობაში რამდენიმე წუთი დაჰყო მოედანზე. ის შეხვედრა „იუნაიტედმა” წააგო 1:2.