საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, უმცროსი ნოდარ ახალკაცი ცხრა წელიწადი არ გამოჩენილა ქართულ მედიასივრცეში. „სარბიელთან“ უმცროსი ახალკაცი აქტუალურ თემებზე საუბრობს და ვფიქრობ, ყოველივე ეს საინტერესო იქნება ჩვენი გულშემატკივრისთვის, ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის. ჩვენს რესპონდენტს უცხოეთში ტელეფონით დავუკავშირდით და აქეთურ-იქეთურზე ვესაუბრეთ.

– შარშან აპრილიდან შვეიცარიაში, ციურიხში ვცხოვრობ, გერმანიიდან აქ გადმოსვლის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ფიფაში ვმუშაობ, ამ ორგანიზაციის წევრი ასოციაციების მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ. ეროვნული ასოციაციების წესდება უნდა შეესაბამებოდეს ფიფას წესდებას, არ უნდა შეიქმნას კრიტიკული სიტუაციები, არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ჩარევა ეროვნული ფედერაციის საქმიანობაში – ეს დეპარტამენტი ძირითადად ამ საკითხებს მოიცავს, თუ ამ მხრივ რამე დარღვევაა, ნორმალიზაციის კომიტეტი ერთვება საქმეში, რომელიც ფაქტობრივად ანაცვლებს ფედერაციის აღმასკომს და უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ფიფას წევრ ასოციაციებში.

– შეიძლება ითქვას, ფიფას ისეთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობთ, რომლის საქმიანობაც ერთობ აქტუალურია ქართული სინამდვილესთვის – ალბათ იცით, თუ როგორ გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბოლო არჩევნები და რა აზრის ხართ ამის თაობაზე?
– არ მაქვს სრული ინფორმაცია ამ არჩევნების შესახებ, იმ დროისთვის არ ვიყავი საქართველოში და ამ კითხვაზე ჩემი პასუხი კომპეტენტური ვერ იქნება.
– როცა თქვენ გახდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მაშინაც ისე ჩანდა, რომ არჩევნებში ხელისუფლების ფავორიტმა გაიმარჯვა…
– როცა 2004 წელს დღის წესრიგში დადგა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის ჩატარება, დავფიქრდი, მიმეღო თუ არა მონაწილეობა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში. იმ დროისთვის ფეხბურთში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება მქონდა, 29 წლის კი გახლდით, თუმცა ვფიქრობ, ამ საქმისთვის გამოუცდელი არ ვიყავი. ვისაუბრე მერაბ ჟორდანიასთან და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამ გადაწყვეტილებისთვის, მორალური თვალსაზრისით მისგან უნდა მიმეღო არჩევნებში მონაწილეობის უფლება და როცა მისგან სრული მხარდაჭერა ვიგრძენი, გადაწყვეტილებაც მივიღე. მანამდე ხომ ჟორდანია იყო ფედერაციის პრეზიდენტი, რიგგარეშე ყრილობამდე კი დაპატიმრებული გახლდათ. მოკლედ, ამ ყველაფრის შემდეგ ჩავერთვე წინასაარჩევნო კამპანიაში, ფედერაციის ყველა წევრს შევხვდი და ჩემი პროგრამა გავაცანი.
– საბოლოო ჯამში, თუ რა როგორ მოხდა, ქართულმა საფეხბურთო სამყარომ თითქმის ყველაფერი იცის. 2015 წელს გამართულ არჩევნებში, როცა ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა, ისიც კი მოხდა, რომ ყრილობის წინა დღეს მისი კონკურენტის ერთ-ერთი მხარდამჭერი დელეგატი დააპატიმრეს – ასეთ დროს ფიფას შესაბამისმა კომიტეტმა არანაირი რეაგირება არ უნდა მოახდინოს?
– ჩვენი მუშაობის პრინციპი ასეთია: ფიფას უკავშირდება კონკრეტული სუბიექტი, აცნობს საკუთარ პოზიციას და თუ რამე არ ხდება ფიფას წესდების შესაბამისად, დეპარტამენტი იწყებს კონკრეტულ საქმეზე მუშაობას. თუ არავინ არ მოგვმართა, ხელ-ფეხი შეკრული გვაქვს.
– შარშანწინ ფიფაში ხელმძღვანელობა შეიცვალა ექსტრაორდინარული კონგრესის შედეგად და ორგანიზაციას ჯანი ინფანტინო ჩაუდგა სათავეში, მან ზეპ ბლატერის ადგილი დაიკავა. რა შედეგი მოიტანა ცვლილებებმა?
– ცვლილებების შედეგად ფიფა ძირეული გარდაქმნების სტადიაშია. შეიცვალა წესდება, ორგანიზაცია უფრო გამჭვირვალე გახდა, უფრო მეტ ყურადღებას უთმობს წევრ ასოციაციებს, რომელთა დაფინანსება გაიზარდა და შესაბამისად გაჩნდა მეტი შესაძლებლობა ახალი პროექტების განსახორციელებლად.
– ბლატერის პრეზიდენტობის დროს ფიფა ყოველ წევრ ასოციაციას ოთხ წელიწადში ერთ მილიონ დოლარს აძლევდა – ამ დროისთვის ეს თანხა რამდენადაა გაზრდილი?
– ერთი მილიონი ხუთ მილიონამდე გაიზარდა, ანუ თითოეული წევრი ასოციაცია წელიწადში იღებს 1 250 000 დოლარს, საიდანაც 500 ათასი არის ასე ვთქვათ ყოველდღიური ხარჯებისთვის, 750 ათასი კი პროექტების დაფინანსებისთვის.
– უეფა თავის წევრ ასოციაციებს უფრო მეტ თანხას აძლევს ყოველწლიურად, დაახლოებით 2 მილიონ ევროს…
– ფიფა შემოსავალს იღებს ოთხწლიან ციკლში, ანუ ამ პერიოდში ერთხელ გამართული მსოფლიო თასიდან. ფიფაში 211 წევრი ასოციაციაა გაერთიანებული. მსოფლიოს ჩემპიონატიდან მიღებული შემოსავლით ფინანსდება ფიფას სხვა ტურნირებიც. უეფას კი ევროპის ჩემპიონატის გარდა აქვს სხვა შემოსავლიანი ტურნირიც – ჩემპიონთა ლიგა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ფიფას ყველანაირი შემოსავალი და ხარჯები ახლა გამჭვირვალეა, მანამდე კი წაგება არ ჩანდა ამ ორგანიზაციის ფინანსურ დასკვნებში.
– ფეხბურთის ფედერაციას დავუბრუნდეთ. როგორ ფიქრობთ, ამ ორგანიზაციის საქმიანობა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების შედეგით უნდა ფასდებოდეს?
– თუ გაქვს კარგი შედეგები, მერე ყველაფერი რიგიანად მიდის. ფეხბურთი შედეგზე, გამარჯვებაზე ორიენტირებული თამაშია და ცხადია, ფედერაციის მუშაობა ამით ფასდება, თუმცა გარდა დღევანდელი შედეგისა, ფედერაციამ უნდა შექმნას პირობები ფეხბურთის გრძელვადიანი განვითარებისთვის.
– ფეხბურთის ფედერაციის თქვენი პრეზიდენტობის დროს საქართველოს ნაკრებს ვერ ჰქონდა კარგი შედეგები. როგორ შეაფასებდით საკუთარ საქმიანობას ამ თანამდებობაზე?
– თუ დღეს ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრები 100 საფეხურის იქით არის, ჩემი პრეზიდენტობის დროს 73-ე ადგილზე იყო, მაშინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა თურქეთი, ურუგვაი და შოტლანდია, ალბათ გახსოვთ გერმანიასთან, იტალიასთან და უკრაინასთან გამართული მატჩებიც, როცა ჩვენმა გუნდმა საკმაოდ ხარისხიანი თამაში აჩვენა და ზოგადად აღმავლობის გზაზე იდგა. შეიქმნა დადებითი მუხტი და საქართველოს ნაკრების საშინაო შეხვედრებს 50 ათასამდე ქომაგი ესწრებოდა. ჩვენს კლუბებსაც ევროსარბიელზე მაშინ ბევრად უკეთესი შედეგი ჰქონდათ, ვიდრე ახლა აქვთ. საქართველოს ნაკრებმა ქეცბაიას ხელქვეით შინ ესპანეთთან 0:1 რომ წააგო, იმ თამაშის განაცხადში მყოფი 18 ფეხბურთელიდან, 15-ს ახალგაზრდული ნაკრების მაისურა ჰქონდა მორგებული ჩვენ დროს. ჩვენ, გერმანელი სპეციალისტების დახმარებით შევიმუშავეთ განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელსაც მისი შესრულების შემთხვევაში შედეგი უნდა მოეტანა მომავალში…

გიორგი დევდარიანის გაწვრთნილმა ასაკობრივმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე კარგად რომ ითამაშა, იმ გუნდის საფუძველიც უკვე მაშინ ჩაიყარა, ჩვენი გუნდი რომ ხელმძღვანელობდა ფედერაციას. ჯანო ანანიძის ამბავსაც გაგახსენებთ. მას რუსეთის ნაკრებში თამაშს სთავაზობდნენ და ცხადია, ასეთ დროს ცდუნება დიდია, თუმცა ანანიძემ უარი თქვა რუსული ნაკრების მაისურზე. მაშინ საქართველოს ნაკრებს ექტორ კუპერი თავკაცობდა და საგანგებოდ ვესაუბრე ანანიძეზე. მე მას ვუთხარი — ხვალ თქვენ შეიძლება აღარ იყოთ ნაკრების მწვრთნელი და მე ფედერაციის პრეზიდენტი, ჯანო კი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი უნდა იყოს მეთქი. ჯანოს მამასაც შევხვდი და ღიად დავაფიქსირე თუ რა ხედვა მქონდა ჯანოსთან მიმართებაში, ფეხბურთელთან, რომელიც მომავალში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად უნდა ჩამოყალიბებულიყო. კუპერმა გამოიძახა ჯანო შეკრებაზე, დააკვირდა და იტალიასთან თერთმეტეულშიც მოახვედრა. იცით ფიფას წესები, თუ ფეხბურთელმა ერთი წუთი მაინც ითამაშა ეროვნულ გუნდში, სხვა ნაკრებში ვეღარ ითამაშებს და ასე შევუნარჩუნეთ ანანიძე საქართველოს, ის ახლა  გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ფედერაციის საქმიანობა ასეთი მუშაობითაც უნდა ფასდებოდეს.
კუპერის ხელქვეით ნაკრებმა ერთი მატჩიც ვერ მოიგო შესარჩევში…
ჰოდა ამის შემდეგ გავაკეთე კიდეც განცხადება თანამდებობის დატოვებაზე.
ფედერაციის სათავეში როგორც კი მოხვედით, ნაკრებიდან დაითხოვეთ ალენ ჟირესი და მის ნაცვლად გუნდი გაიოზ დარსაძეს ჩააბარეთ…
მაშინდელ საქართველოს ნაკრებში თაობებს შორის რვაწლიანი ჩავარდნა იყო და ამის შესახებ მას ვუთხარი, რომ საჭიროა სათანადო ზომების მიღება და ახალგაზრდების პირველ ნაკრებში დაწინაურება, მან კი მიპასუხა, რომ არ იყო მზად ამ ნაბიჯისთვის. მე საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედე და არა იმისთვის, რომ შედარებით კომფორტულ მდგომარეობაში ვყოფილიყავი. ამ გადაწყვეტილებას ბევრი სირთულე მოჰყვა. თუ საქმის ინტერესები გამოძრავებს, არ უნდა გქონდეს შეცდომის დაშვების შიში. ფეხბურთი ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების სარკეა. ნახეთ, რა კეთდება ფეხბურთის მომავლისთვის ჩვენთან და სხვა ქვეყნებში. 80-იან წლებში, ნოდარ ახალკაცის თბილისის „დინამოს“ შედეგებმა თამასა ძალიან მაღლა აწია და გულშემატკივრის ამბიცია სწორედ ამ მეხსიერებას უკავშირდება. თუმცა ბევრს ავიწყდება, რომ მაშინდელი წარმატებების რეცეპტი, წლების განმავლობაში გაწეული დაუღალავი და ყოველდღიური შრომის შედეგი. და რა თქმა უნდა იმისა, რომ ამ გუნდის შემოქმედი ნოდარ ახალკაცი იყო. ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ მამაჩემზეა საუბარი. უბრალოდ, ის დროს უსწრებდა და გუნდს მომავლის ფეხბურთს, დღევანდელი თანამედროვე საფეხბურთო მოთხოვნების და სტანდარტების ფეხბურთს ათამაშებდა. და ეს 40 წლის წინ… დღეს ყველას მოსწონს იურგენ კლოპის „ლივერპული“, თუ როგორ თამაშობს კლოპის გუნდი კონტრპრესინგს, ოღონდაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ერთ დღეში ვერ მოხდება. ნოდარ ახალკაცი 1976-82 წლებში „დინამოს“ საუკეთესო კადრების ფილტრაციას ახდენდა, იმ გუნდში დღევანდელ ფეხბურთში გაბატონებულ ფასეულობებს ნერგავდა. ნახეთ როგორ კონტრპრესინგს თამაშობდა გუნდი 80-იან წლებში. ვიცი, გიყვართ ისლანდიის ნაკრების მაგალითის მოყვანა. ამ ქვეყანაში კლიმატური პირობების გამო წელიწადში 6 თვე ფეხბურთს ვერ თამაშობდნენ და დაიწყეს დარბაზების მშენებლობა, სადაც ხელოვნურ საფარს აგებდნენ, რის მერეც ისლანდიაში შესაძლებელი გახდა წელიწადში 365 დღე ეთამაშათ ფეხბურთი, დაიწყეს ტაქტიკური განათლება ბავშვთა ფეხბურთში, small sided games სისტემა ბავშვებისთვის, რაც გულისხმობს ბურთთან მეტ შეხებას, სულ მოძრაობაში ყოფნას, ერთი ერთზე თამაშის დახვეწას. გერმანიაში კი უკვე იმდენია პროლიცენზიის მქონე მწვრთნელი, რომ ისინი უკვე ბავშვებში მუშაობენ.
– საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, უმცროს ნოდარ ახალკაცს აკლდა გამოცდილება – ასეთი შეფასება რამდენად მისაღებია თქვენთვის?
– არის გამოცდილება, რომელსაც იღებ ცოდნით და არის გამოცდილება, რომელიც მხოლოდ ასაკთან ერთად მოდის. როცა ფედერაციის პრეზიდენტად მოვდიოდი, არ მქონდა იმის ილუზია, რომ წნეხის ქვეშ არ მოვექცეოდი. ფეხბურთის სამართავად რომ მოდიხარ, ყოველთვის გჭირდება სახელმწიფოს დახმარება. მაშინ შევხვდი ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს და მათ მითხრეს, რასაც ჩვენ გეტყვით, ის უნდა გააკეთოო, მე კი ვუპასუხე, საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ ფეხბურთს ვემსახურო და არა თქვენ, მეთქი. ამის შემდეგ მითხრეს, თუ ასეა, იცოდე, დღეიდან ჩვენ ვართ შენი პირველი მტრებიო. ფედერაციის პრეზიდენტად 5 წელი ვიმუშავე და ერთ დღესაც არ ჩაუვლია ისე, ჩემ წინააღმდეგ მიზანმიმართულად რომ არ ემოქმედათ. ასეთ დროს ვერანაირი ცხოვრებისეული გამოცდილება ვერ გიშველის, თავი უნდა გადადო საქმისთვის.
– მეორედ რომ იყარეთ კენჭი ფედერაციის პრეზიდენტობისთვის, არჩევნებში გიორგი ნემსაძემ გაიმარჯვა, თუმცა აქედან დაახლოებით ერთ საათში გამოვიდა ტელევიზიით და პრეზიდენტობაზე უარი თქვა. მერე ისევ გაიმართა არჩევნები და ისევ თქვენ აგირჩიეს პრეზიდენტად. ამ ყველაფერს მოჰყვა თქვენი კრიტიკა – რამდენად სამართლიანი იყო ეს ყველაფერი?
– ნემსაძესთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მაკავშირებდა და ეს ახლაც ასეა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ჩვენი ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახლდათ. როცა მისი განცხადებიდან 4 დღის შემდეგ ისევ ჩავერთე არჩევნებში, ერთი ამბავი ატყდა, ნოდარ ახალკაცმა ეს როგორ გაბედა, რა უღირსად მოიქცაო. ძალიან გულნატკენი ვიყავი, იმდენად, რომ 2009 წლის შემდეგ ახლა პირველად დავთანხმდი ინტერვიუზე. ჩემი ღირსების საკითხი მაშინ დადგა, რომ ნემსაძესთან პაექრობისას ყრილობის 13-მა დელეგატმა დამიჭირა მხარი, საფეხბურთო ოჯახის წარმომადგენლებმა, ჩემს კონკურენტს კი ხმა იმათ მისცეს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ საფეხბურთო ოჯახს. ამის შემდეგ უნდა გავქცეულიყავი ფიფა-უეფაში და უნდა მეთქვა, რომ არჩევნები არ ჩატარდა ნეიტრალიტეტის დაცვით?! ანუ პირადი ღირსებით უნდა მეხელმძღვანელა თუ საქმის ინტერესებით? ეს რომ გამეკეთებინა, იყო იმის საშიშროება, რომ საქართველო გაერიცხათ ფიფა-უეფადან. როცა დღის წესრიგში დადგა ხელახალი არჩევნები 4 დღის შემდეგ, არ დავიხურე ქუდი, არ შემეძლო უარი მეთქვა დაწყებულ საქმეზე.
– ფედერაციის პრეზიდენტი ახალკაცი იყო „ზესტაფონის“ ქომაგი, ერთ-ერთ თამაშზე „ზესტაფონის“ სიმბოლოიანი კაშნეც კი ეკეთა – ზოგიერთი გულშემატკივრის მეხსიერებაში ასეთად რჩებით…
– იმასაც ამბობენ, თითქოს გულშემატკივარს შევპირდი, საქართველოს ნაკრები ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებდა. სინამდვილეში კი ვთქვი, რომ ამ მიზნისთვის ყველაფერს გავაკეთებდი და ვფიქრობ, საამისოდ თავი არ დამიზოგავს. რაც შეეხება კაშნეს, ეს საქართველოს თასის ფინალზე იყო, როცა „ზესტაფონი“ თბილისის „ლოკომოტივს“ ხვდებოდა. მაშინ ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი და კანდიდატად წარდგენილი ვიყავი „ზესტაფონის“ მიერ, მეც ღიად ვაფიქსირებდი ჩემს სიმპათიებს ამ გუნდის  მიმართ, ხოლო მას შემდეგ, რაც ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს, ჩემთვის ყველა ქართული კლუბი ერთი იყო.
– თქვენი პრეზიდენტობის დროს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მეტწილად „ზესტაფონის“ ფეხბურთელები თამაშობდნენ, თითქოს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ეს გუნდი იყო გზა ასაკობრივი ნაკრებებისკენ…
– ეს ფეხბურთელები ჯერ სხვადასხვა კლუბებიდან მოდიოდნენ ნაკრებ გუნდებში და მერე ხვდებოდნენ „ზესტაფონში“. ეს კლუბი ცდილობდა თავი მოეყარა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის და ვფიქრობ, ამაში დასაძრახი არაფერია.
– ქართულ ფეხბურთში დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?
– ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია. თუ საქართველოდან ვინმე მომმართავს რჩევისთვის, ყველანაირად გვერდში დავუდგები. ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ფეხბურთისადმი პროფესიული მიდგომა და თავგანწირვაა.