„არსენალის” ლეგენდარულმა თავდამსხმელმა და „სანის” ბლოგერმა იან რაიტმა ალექსის სანჩესის „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე, უფრო კი ამ ტრანსფერის რევოლუციურ მნიშვნელობაზე მოსაზრება გამოთქვა, რომელსაც გთავაზობთ:
„ალექსის სანჩესმა წლების განმავლობაში ბევრი გუნდის დაცვა დაარბია, ახლა კი იგივე სატრანსფერო სისტემას გაუკეთა.
რა მნიშვნელობა აქვს, რატომ ამჯობინა მან „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგება „ეტიჰედზე” გადასვლას. არ გინდათ იმაზე ფიქრი, მართალი იყო თუ მტყუანი „მანჩესტერ სიტის” სიტყვას რომ აძლევდა, სინამდვილეში კი „მანჩესტერ იუნაიტედში” გადადიოდა. ვფიქრობ, ამ ისტორიაში მთავარი ის არის, რომ მომავალში სანჩესის ტრანსფერს გავიხსენებთ როგორც საეტაპო მოვლენას, რომელმაც ახალი ნორმა დაამკვიდრა.
კერძოდ, ძველ კლუბთან ბოლო თვეებში კონტრაქტის გაწყვეტას და ახალ კლუბში უფასოდ ან იაფად გადასვლას სულ უფრო და უფრო მეტი ვარსკვლავი დაიწყებს. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ დღევანდელ ფეხბურთში მთელი ძალაუფლება მოთამაშეების ხელშია, რაც მათთვის და მათი მყიდველი კლუბებისთვის დიდი ხეირის მომტანია. რასაკვირველია, ჯერჯერობით ასტრონომიული ტრანსფერებიც იქნება, მაგრამ მერწმუნეთ, ეს გამონაკლისი გახდება.
ხეირს დააკვირდით: ფეხბურთელს, რომლის ღირებულებაც კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე 18 თვით ადრე ვთქვათ 80 მილიონი გირვანქაა, ამ ვადის ბოლოს შეუძლია უფასოდ გადავიდეს სხვა გუნდში. სანაცვლოდ, ახალი კლუბი მას ვეებერთელა ხელფასის გარდა საკონტრაქტო 25 მილიონსაც გადაუხდის.
ასე მოხდა სანჩესის შემთხვევაში — ჩილელი „არსენალიდან” ხელშეკრულების ვადის გასვლამდე რამდენიმე თვით ადრე წავიდა.
მყიდველი კლუბი ამ თანხას სიამოვნებით იხდის, რადგან ჯამში ფეხბურთელს იაფად ყიდულობს.
ასე მაგალითად, თუ თქვენ პოლ პოგბას მსგავსად კვირაში 200 000 გირვანქას გიხდიან, სანჩესის მსგავსი კომბინაციის ჩატარება გაწყობთ — მთავარია კლუბთან, რომელშიც თამაშობთ ახალი ხელშეკრულება არ გააფორმოთ, რათა ბოლოს გაქცევის საშუალება გქონდეთ.
რასაკვირველია, ეს ბიჭები ლუკმა-პურისთვის არ იბრძვიან. ისინი ისედაც მულტი-მილიონერები არიან, მაგრამ ძველი კლუბიდან ბოლო თვეებში გაქცევით ახალი კლუბისთვის კიდევ უფრო მეტის გამორთმევა შეუძლიათ.
ერთადერთი, რაც ასეთ დროს მოითხოვება ორმხრივი წერილობითი პირობაა: კლუბი დაწერს, რომ აუცილებლად გიყიდის, შენ კი დაწერ, რომ ამ კლუბს აუცილებლად თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდები.
ერთადერთი, ტრავმამ არ უნდა აგირიოს გეგმები, თუმცა, იმ ფეხბურთელებს, ჩვენ რომ ვლაპარაკობთ, ისეთ ხელფასებს უხდიან, ისინი უკვე ისეთი მდიდრები არიან, რომ გარისკვად უღირთ.
აღწერილ კომბინაციაში გამყიდველი კლუბი წაგებული რჩება, მაგრამ ის სხვას გაუკეთებს იგივეს და თავის წილ სარფს მაინც ნახავს.
ვიცი, „პარი სენ ჟერმენმა” ნეიმარში სულელური თანხა გადაიხადა, მაგრამ „პარი სენ ჟერმენის” მსგავსი მდიდარი კლუბი ცოტაა. მერწმუნეთ, ასეთი გარიგებები დროთა განმავლობაში შემცირდება, ხოლო სანჩესის ტიპის ტრანსფერები გახშირდება.
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: სატრანსფერო სისტემა შეირყა!
ალექსისი აისბერგის წვერი იყო.
ქვემოთ ახალი ეპოქაა!”