თუკი თანამედროვე ფეხბურთში რამე თვალშისაცემია, ეს მწვრთნელების ჟოზე მოურინიუსა და პეპ გვარდიოლას ქიშპი გახლავთ. ტიტულების რაოდენობით კატალონიელი პორტუგალიელს აღემატება, მაგრამ ჩილელი ალექსის სანჩესისთვის ბრძოლაში „განსაკუთრებულმა” იძალა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სანჩესი გვარდიოლას ფეხბურთელი იყო და თან სადმე სხვა კლუბში კი არა, თვით „ბარსელონაში” — პეპის დროს „ბარსელონა” განსაკუთრებით რომ „ბარსელონობდა”, მაშინ.
აქამდე, როგორც ჟოზეს ისე პეპის ხელმძღვანელობით თერთმეტ ფეხბურთელს ჰქონდა ნათამაშები. ახლა, ამ “ჟო-პების” კლუბს ალექსის სანჩესიც დაემატა.
ჩამოვთვალოთ თორმეტივე: ჩაბი ალონსო, სამუელ ეტო’ო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პედრო, სესკ ფაბრეგასი, მაქსველი, არიენ რობენი, კლაუდიო პისარო, ეიდურ გუდიონსენი, კევინ დე ბრუინი, ორიოლ რომეუ და ალექსის სანჩესი.