- წილისყრის შედეგებს თუ გაეცანი?
- რომელი წილისყრის?
- ჩემპიონთა ლიგის.
- არავითარი წილისყრა არ ყოფილა.
- როგორ, აი, წყვილები.
- ჰმ… წყვილები.
- რატომ დამცინი?
- კარგად შეინახე ეგ წყვილები, არავინ მოგპაროს.
- აჰა, ჩაიხედე და ნახავ, თუ არ იყო წილისყრა.
- არ მინდა, მე ეგ წყვილები აგვისტოში ვიცოდი.
- ვა?
- რა ვა? ვიცოდი.
- საიდან?
- გამოვთვალე ყველაფერი ჩაწყობილია.
- ყველა თამაში?
- სად ხედავ თამაშს?
- ვინ ჩააწყო?
- მე რა ვიცი, ჩაწყობილია. ყველაფერი წინდაწინ ვიცოდი.
- შენ ლიგი მომგებიც გეცოდინება.
- ვიცი, „იუვენტუსი“ მოიგებს.
- აბა, თამაშს რაღა აზრი აქვს?
- ფული ხომ უნდა გაკეთდეს.
- ვინ აკეთებს ამ ფულს.
- ყველა.
- სისულელეა. ზიდანმა იცის, რომ ჩაწყობილი?
- არასწორი შეკითხვაა.
- რატომ არის არასწორი? ოთხასოთხმოცმა ფეხბურთელმა, ოცდაოთხმა მწვრთნელმა, ოთდაოთხმა პრეზიდენტმა და კიდევ ვიღაც ჯეელებმა იციან, რომ ჩაწყობილია და მე არ ვიცი?
- მე ხომ ვიცი?
- შენ ვინ გითხრა?
- ჩემით გამოვთვალე.
- ზიდანს მაინც არ ეცოდინება.
- დღეს მთავარი გატანა არ არის.
- აბა, რა?
- როცა საჭიროა გაიტანო, როცა საჭიროა ააცილო.
- ეგ რაღა ფეხბურთია?
- ვინ გითხრა რომ ფეხბურთია?
- აბა, რა არის?
- მე რა ვიცი. „იუვე“ აიღებს, აი, ნახავ.
- რატომ?
- რიგმა მოუწია.
- რიგმა მოუწია?
- ჰო, პურის რიგში რომ დგახარ, ხომ მოგიწევს პური?
- შენი აზრით, ფეხბურთი პურის რიგია?
- „იუვე“ აიღებს.
- და „ინტერი“?
- „ინტერი“ უკვე ჩამდგარია რიგში.
- და „მანჩესტერი“?
- აი, ეგ მაეჭვებს. კარგად ვერ გამოვთვალე „იუვეს“ რიგია, თუ „მანჩესტერის“.
- რატომ?
- ინფორმაცია არ არის.
- და გაზა?
- გაზა რა შუაშია?
- გაზამაც იცის, რომ ჩაწყობილია?
- გაზას ვინ ეტყვის მაგას.
- სიმეონეს თუ ეუბნებიან?
- მე რა გითხარი, მაგის სახელი აღარ ახსენო-მეთქი.
- სისულელეა. ეგრე არ არსებობს.
- რო აიღებს, მერე ნახავ.
- შეიძლება აიღოს, მაგრამ ეგ ჩაწყობას ნიშნავს? „იუვე“ ისედაც სულ ფინალშია.
- ჰოდა, მოუწია რიგმა.
- „მანჩესტერი“ რომ არასდროს არის ფინალში? როგორღა მოუწია?
- ეეე, უნდა გამოვთვალო.
- მასწავლე ეგ გამოთვლა.
- არ ისწავლება.
- ალგებრა ისწავლება და ეგ არა?
- გამოთვლა ფეხბურთი ხომ არ გგონია?
19.12.1998