როდესაც ადამიანს მაისურზე Frente Atletico აწერია, ესე იგი მადრიდის „ატლეტიკოს” გულშემატკივართა ყველაზე აგრესიული დაჯგუფების, ულტრასის წევრია. სწორედ ასეთ მაისურიანი 22 წლის ახალგაზრდა დაჭრეს მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოს” სტადიონთან, მეტრო „ლას მუსასის” ჩასასვლელთან.

ახალგაზრდა „ლა პას ჰოსპიტალში” გააქანეს. სასწრაფოს ექიმების თქმით ის დაჭრილი იყო ბარძაყში, მკლავსა და ზურგში — ასე იტყობინება „მუნდო დეპორტივო”. დაზარალებულის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა. AS ცოტა სხვანაირად წერს — ახალგაზრდას ყველაზე სახიფათო ჭრილობა კისერში აქვს მიყენებულიო.

ინციდენტმა დაჩრდილა ესპანეთის „სამეფო თასის” მეოთხედფინალური მატჩი „ატლეტიკოსა” და „სევილიას” შორის. ანგარიში 73-ე წუთზე მასპინძელმა, „ჩელსის” ყოფილმა ფორვარდმა დიეგო კოშტამ გახსნა, მაგრამ სტუმარმა, „მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ნახევარმცველმა ხესუს ნავასმა 80-ე წუთზე გაქვითა, ხოლო 88-ე წუთზე არგენტინელმა ხოაკინ კორეამ „სევილიას” გამარჯვების გოლი გაიტანა.