ეს ჩანაწერი შეგიძლიათ არ წაიკითხოთ, რადგან ყოფილი თხუთმეტი წლის ბიჭის მოგონებაა და დღევანდელ ამბებთან კავშირში არ არის.  ბიჭი მე ვარ, ხოლო ის, რაც გამახსენდა დიდი-დიდი ხუთ წუთს გრძელდებოდა. არც კი ვიცი რამ მომაგონა ან ღირდა კი საერთოდ ამ ტექსტის ასაკრეფად ლეპტოპის ჩართვა?

1979 წლის 7 ნოემბრის დილას, კლასელებთან ერთად რუსთაველზე, მელიქ-აზარიანცის სახლთან, შუა ქუჩაში ვიდექი. უფრო ზუსტად, იქ ვიდექი, სადაც გრიბოედოვის და სარაჯიშვილის ქუჩები რუსთაველის გამზირს უერთდება. გვეცვა თეთრი პერანგები (შიგნიდან ჩათბუნებულები ვიქნებოდით), სკოლის ლურჯი შარვლები და ვღლაბუცობდით. მზე ანათებდა. პარადი იყო, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 62-ე წლისთავი. რიგს ველოდით. მთავრობის სასახლესთან აგებული ტრიბუნის წინ უნდა გაგვევლო.

— მხნედ მოაბიჯებს პირველი მაისის რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობა! — ჩემი თაობის ხალხს კარგად ეხსომება ეს ყველაფერი.

მაგრამ, ის დღე სხვა ასეთი დღეებისგან მაინც ძალიან განსხვავდებოდა. საღამოს, ვ.ი. ლენინის სახელობის „დინამოს” სტადიონზე ჩვენები „ჰამბურგს” ეთამაშებოდნენ. „ჰამბურგამდე” „ლივერპულს” გადავუარეთ და ეს ქვეყანა ჩვენი გვეგონა. „ჰამბურგთან” იქ, გერმანიაში, 3:1 გვქონდა წაგებული, მაგრამ მერე, რა.

ვდგევართ, ვღლაბუცობთ და… უცებ, რას ვხედავთ: იქვე, ჩვენგან ხუთ-ათ მეტრში, ტროტუარზე ჯიმი ჰარტვიგი მოდის მაგარ, ქერა რუსის ნაშასთან ერთად. ნაშა თარჯიმანია. შეთავსებით ალბათ კაგებეშნიცაც; ჩაცმითაც უფრო საზღვარგარეთულად აცვია, ვიდრე საბჭოურად. ჰარტვიგი კი სპორტულებშია.

ახლა, ვინ იყო ეს ჰარტვიგი. ეს გახლდათ „ჰამბურგის” შავკანიანი ნახევარმცველი, რომელიც კიგანის, კალცის და ჰრუბეშის ფონზე არ ბრწყინავდა, მაგრამ ბრძოლით და კანის ფერით იქცევდა ყურადღებას. მოკლედ, დიდი გუნდის ფეხბურთელი ბრძანდებოდა, რომლის ახლოდან დანახვა ჩვენთვის ერთ რამედ ღირდა. საბჭოთა მოსწავლეების უმრავლესობას ხომ უცხოელი მხოლოდ ტელევიზორში გვყავდა ნანახი, აქ კი უბრალოდ უცხოელს კი არა, მთელ ჰარტვიგს გადავეყარეთ! თან, მეტოქეს! იმას, ვინც ჩვენებს საღამოს უნდა დაემარცხებინათ!

და კარგი ნარეპეტიციებივით ყველამ ერთად სამით ნული ვაჩვენეთ. აი, ნეკს, არათითს და შუათითს რომ გაშლი, საჩვენებელს კი მოხრი და ცერს ისე მიადებ, ნულს რომ დაემსგავსოს.

ჰარტვიგმა კუშტი გამომეტყველებით შეგვხედა და… პასუხად სამი თითის კომბინაცია გვაჩვენა.

საიდან იცოდა ამ გერმანელმა კაცმა ეს რუსული ჟესტი? იმ კაგებეშნიცამ ხომ არ ასწავლა, ნეტავ?

სულ ეს იყო. მერე ჩვენ წავედით და ტრიბუნაზე მდგომ ამხანაგ ე. შევარდნაძეს ხელი დავუქნიეთ. მან ცივი ღიმილით დაგვიკრა თავი.

ხოლო ჯიმი ჰარტვიგი და მისი თანაგუნდელები, საღამოს მოედანზე გამოვიდნენ და მოგვიგეს. დაგვადეს. გული ჩაგვწყვიტეს.

მე ტრიბუნაზე ვიყავი. ამხანაგი ე. შევარდნაძეც ტრიბუნაზე იყო.

დღემდე მწარედ მახსენდება ის თამაში.

მორჩა, რისი მოყოლაც მონდოდა მოგიყევით. ხომ გაფრთხილებდით, წაკითხვად არც ღირს, მეთქი.

ისე, „ვიკიპედიაში” ჩავიხედე და რა აღმოვაჩინე, იცით? ჯიმი ჰარტვიგი ფეხბურთელობის მერე სატალევიზიო შოუმენი და თეატრის მსახიობი გამხდარა….

წილი
წინა სტატიადა
შემდეგი სტატიახა ხა ხა!
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.