„როცა 12 წლისა ოჯახს ცრემლიანი თვალებით ტოვებდი და ლისაბონში გადადიოდი, ყველა ამბობდა, რომ მორიგი ლაწირაკი ხარ მადეირადან, მალევე რომ დაუბრუნდება ოჯახს, შენ კი 17-საც არ იყავი და „სპორტინგის“ ძირითადში თამაშობდი…

როცა უფროსებთან დაიწყე თამაში, ტექნიკურად კარგად მომზადებულ მეტიჩარას გეძახდნენ, შენ კი რამდენიმე თვეში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გააფორმე კონტრაქტი…

ინგლისში ჩასვლის შემდეგ შენზე ამბობდნენ, რომ პერსპექტიული ხარ, მაგრამ მალე ჩაიკარგები გუნდში, შენ კი ექვს სეზონში 118 გოლი გაიტანე…

როცა „რეალში“ გადახვედი, ყველა ამბობდა, რომ მაისურების გასაყიდად სჭირდებოდი, შენ კი 418 მატჩში 422 გოლით, პრაქტიკულად, ყველა რეკორდი მოხსენი…

როცა 2008 წელს პირველი „ოქროს ბურთი“ მიიღე, ყველა ამბობდა, რომ ეს შენი მაქსიმუმი იყო, შენ კი კიდევ ოთხჯერ ირგუნე ეს ჯილდო…

როცა ნაკრების კაპიტანი გახდი, ყველა ამბობდა, რომ მორიგი კაპიტანი ხარ ქარიზმისა და ლიდერის უნარების გარეშე, შენ კი ჩვენი თანამემამულეებიდან პირველმა აღმართე ევროპის ჩემპიონთა თასი…

დღეს, როცა რთული პერიოდი გაქვს, ყველა ამბობს, რომ დაბერდი და ძველებურად თამაში აღარ გამოგივა…

არ ინერვიულო! როცა მორიგი თასით ხელში ეიფელის კოშკიდან ღიმილიანი გადმოხედავ ევროპას, მორიგ გადამწყვეტ გოლს გაიტან, ანაც მორიგ პირად ტიტულს მოიგებ, ეს ხალხი ძველებურად მოგაჩერდება და ოვაციას გაგიმართავს.

გკოცნი.
შენი და კატია ავეირუ

ეს წერილი „ტვიტერში“ დაიდო. საჭიროა ახსნა, ვინ არის ადრესატი? პირველი შემთხვევაა, როცა მთავარი გმირის ვინაობას არ დავწერ.
თუმცა, მთავარი მაინც წერილის ავტორია.
აფერუმ, ქალავ!

წილი
წინა სტატიაკორეა ყინულზე გაერთიანდება
შემდეგი სტატიასამი თითის კომბინაცია
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".