მოსკოვის „სპარტაკი“ ისევ გაეხვია სკანდალში. ამბავი სოციალურ ქსელში „სპარტაკის“ ქართული გვარის მქონე ფეხბურთელის გიორგი ჯიქიას გადაღებულ, დაკომენტარებულ და კლუბის სახელით ატვირთულ პოსტს მოჰყვა. „ტვიტერზე“ გაავრცელებული კადრები დუბაის შეკრებაზეა გადაღებული, სადაც „სპარტაკის“ ფერადკანიანი ფეხბურთელები – პედრო როხა, ფერნანდო და ლუის ადრიანო მზის გულზე ვარჯიშობენ.

ვიდეოს თან ახლავს კომენტარი: „შეხედეთ, როგორ დნებიან „შოკოლადეები“ მზეზე”.

მანამდე, მოსკოვურ გუნდს უეფას ახალგაზრდული ლიგის თამაშებზე  წაუყენეს მსგავსი პრეტენზიები და  გუნდის კაპიტანი ლეონიდ მირონოვი ლივერპულელი რაიან ბრუსტერის მიმართ რასისტულ მოქცევაში დაადანაშაულეს. 19 წლის ფეხბურთელს 10 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, თუკი ევროპის ფეხბურთის მესვეურები მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას დაადასტურებენ.

„ლივერპული“ იმასაც ჩივის, რომ ბრუსტერის თანაგუნდელს ბობი ადეკანს ფანებმა ასევე რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამას გარდა, გასულ ოქტომბერს რუსეთის საფეხბურთო კავშირმა მოსკოვის „სპარტაკი“ 100 ათასი რუბლით დააჯარიმა, ნალჩიკის „სპარტაკთან“ გამართულ მატჩზე ფანების მხრიდან ანტიისლამური შეძახილების გამო.

რუსეთის ნაკრების მეკარე იგორ აკენფეევი და გიორგი ჯიქია

ორგანიზაცია „ფეხბურთი ევროპაში რასიზმის წინააღმდეგ“ (FARE)  აღმასრულებელი დირექტორი პიარა პოუერი „სპარტაკის“ ტვიტს გამოეხმაურა:

„შოკის მომგვრელია, რომ რუსეთის უმსხვილესი კლუბი იწყნარებს და ავრცელებს რასისტულ შენიშვნებს. ისინი უკვე დაჯარიმდნენ ანტიისლამური შეძახილებისთვის, თუმცა აშკარაა ამ გზავნილის აზრი ვერც კლუბის მენეჯმენტმა გაიგო და ვერც ფეხბურთელებმა. რასიზმი ერთ-ერთი უმნიშვნელვანესი პრობლემაა, რასაც რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის წინ აწყდება. ასეთი შენიშვნები ცხადყოფს, როგორი დამოკიდებულება აქვს ხალხს უმცირესობების მიმართ ამ ქვეყანაში“.