ხელბურთში საკრალური რიცხვი, ვფიქრობთ, არ არსებობს, მაგრამ ევრო-2018-ის პირველ ტურში თექვსმეტიდან ხუთმა გუნდმა 32-32 გოლი უთავაზა მეტოქეს და თამაში ხუთივემ მოიგო, ზოგმა გაჭირვებით, სხვებმა კომფორტულად. ტურის ცენტრალური თამაში არა სპორტულ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში ხორვატია – სერბეთი გახლდათ და მოედანზე აშკარა ფავორიტის (ხორვატია) ყოფნის მიუხედავად, სერბთა ახალგაზრდულმა კოლექტივმა თამაშის პირველი მესამედი ყოჩაღად ჩაატარა. სერბები წელში თამაშის 27-ე წუთზე დაშვებულმა სულელურმა შეცდომამ და ხორვატთა ნაყოფიერმა კონტრიერიშმა გადატეხა. პირველი ტაიმის ხუთბურთიანი სხვაობით მოგების შემდეგ ხორვატებმა მეორე ნახევარში ენით მოძმენი უფრო ახლოს არაფრით გაიკარეს და ბოლოს სხვაობა 10 ქულამდეც გაზარდეს – 32:22.
იმავე ჯგუფში (ვინ ელოდა) ისლანდიამ შვედეთი დასცა ვეტერან გუდიონ ვალურ სიგურდსონის წინამძღოლობით, ვისი დებიუტიც ევროპირველობებზე შორეულ 2000 წელს შედგა. 4:0 სასტარტო გაქცევის შემდეგაც მთელი პირველი ტაიმი კუნძულელებს დარჩათ. თამაშის 42-ე წუთზე გოლების სხვაობამ 10 ბურთს უწია და შვედებიც გამოფხიზლდნენ. ანგარიშში სხვაობამ შაგრენის ტყავივით დალევა იწყო და ნახევარკუნძულის ბიჭებს კარგა ხუთი წუთიც ჰქონდათ სამბურთიანი სხვაობის მოსასპობად, მაგრამ ნახსენები ბებერი მგლის პენალტმა თამაშს პრაქტიკული აზრი დაუკარგა (26:24).
B-ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონ ფრანგებს, ჰოი, როგორ გაუჭირდათ მეორე სკანდინავიური ნაკრების მორევა და ეს გასაკვირიც ვერ იქნება: ნორვეგია შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარცხით გამწარებული გამოდიოდა მოედანზე. მძიმე და ლამაზი თამაში არამხოლოდ ფრაგმენტების (29-ე წუთზე სანდერ საგოსენის მიერ ფრანგთა კარში შეგდებულ გოლს დააკვირდით – “ენ-ბი-ეი” გაგახსენდებათ), არამედ სრულად ნახვის ღირსია. მთელი თამაში წინ მყოფმა სკანდინავებმა ანგარიშში უპირატესობა 52-დან 56-ე წუთებზე დათმეს და მატჩის დამთავრებამდე 30 წამით ადრე გაშვებული გოლის გასაქვითად ძალა არ ეყოთ (31:32)
B ჯგუფში ბელარუსი – ავსტრიაც დრამატული თამაში გამოდგა. სლავები ორივე ტაიმის მანძილზე ერთი, ორი ან სამი ბურთით მუდამ წინ იყვნენ და საბოლოო შედეგიც მათ სასარგებლოდ ჩამოიქნა – 27:26.
C ჯგუფის თამაშებზე საუბარს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიისა (ასეთია ამ ქვეყნის სრული სახელი საბერძნეთის მაკედონიისგან გამოსარჩევად) და სლოვენიის მატჩით დავიწყებთ. ამ გუნდებიდან საჩემპიონო ამბიციები არცერთს გააჩნია, მაგრამ აღმა კი ორივე მიდის: სკოპიეს “ვარდარმა” 2017 წელს სახელბურთო ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მაკედონიის ნაკრებსაც, განსაკუთრებით თავდამსხმელებით, სწორედ ეს კლუბი კვებავს. სლოვენის ნაკრებმა კი, ხანგრძლივი კრიზისის შემდეგ, 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევრო-2018-ზე გამოჩნდება, უძაღლო (გერმანიის და ესპანეთის ჩავარდნებს ვგულისხმობთ) ქვეყანაში კატები (სლოვენია) ყეფდნენ, თუ სლოვენიური ხელბურთის აღორძინება შეუქცევადი პროცესია. მაკედონელებთან ექს-იუგოსლავურ დერბიში სლოვენებმა გაცეცხლებით იომეს და ბეწვზე წააგეს – 24:25. გერმანიას კი მონტენეგროსთან პრობლემები წამითაც არ შექმნია – 32:19.
D ჯგუფში ფავორიტები ფავორიტობდნენ: ესპანეთს ჩეხეთი შემოეჭამა – 32:15, დანიას კი უნგრეთთან პირველ ტაიმში მისჭირდა, მერე კი ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ხელი გამოიღეს და თამაში კომფორტული სხვაობით, 32:25 მოიგეს.