მსოფლიო ჩოგბურთის ლესბოსელი ლეგენდა ამერიკელი ბილი ჯინ კინგი გაბრაზდა და „მელბურნ პარკში” მარგარეტ კორტის სახელობის არენისთვის მარგარეტ კორტის სახელის ჩამოცილება მოითხოვა. მიზეზი: ავსტრალიელი ლეგენდა ლგბტ თემზე ცუდად ლაპარაკობს.

ბილი ჯინ კინგი ავსტრალიის ღია პირველობის „წლის ქალად” გამოაცხადეს, რადგან მელბურნში მისი პირველი გამარჯვებიდან 50 წელიწადი გავიდა, მაგრამ ამერიკელმა კოპები შეკრა და დაიქუხა, მოქმედი ჩოგბურთელი რომ ვიყო, დღევანდელ შეჯიბრებაში მონაწილეობას არ მივიღებდიო.

1970 წელს მარგარეტ კორტმა ბილი ჯინ კინგს „უიმბლდონის” ფინალში მოუგო

„ყველაფერი კარგად იყო სანამ მან (მარგარეტ კორტმა) ჩემს თემზე შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გააკეთა. მან სულსა და გულში ღრმა ჭრილობები მომაყენა” — თქვა ბილი ჯინმა.

კორტი 60-70-იან წლებში ბრწყინავდა, მან დიდი სლემის 24 ტიტული მოიგო, შემდეგ კი მშობლიურ ავსტრალიაში პასტორი გახდა. შარშან, ავსტრალიაში ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც ხმა ავსტრალიელი ერისა იყო — „დიახ”! ამის გამგონე ჩოგბურთის ვარსკვლავთ ვარსკვლავმა თავი ვეღარ შეიკავა და ცხელ-ცხელი კომენტარები ავტომატის ტყვიებივით მიაყარა საზოგადოებას. ცხადია, ლგბტ ხალხმა საპასუხო რეაქცია არ დააკლო.

მარია შარაპოვა უცოდველი კრავის მზერით

მარგარეტ კორტმა თქვა ჩოგბურთი გადავსებულია ლესბოსელებითო და ტრანსგენდეგ ახალგაზრდობაზეც მკვახედ ილაპარაკა.

2003 წელს, სანამ ლგბტ ვნებათაღელვა დაიწყებოდა, ბილი ჯინ კინგმა „მელბურნ პარკის” პირველი კორტისთვის მისი ყოფილი მეტოქის სახელის დარქმევა მოიწონა, მაგრამ ბოლო მოვლენების ფონზე გადაირია.

„როდესაც ერთ-ერთ კორტს როდ ლეივერის სახელი უწოდეს, ხმა ავიმაღლე, მარგარეტის სახელს რატომ არ სცემთ პატივს, მეთქი. მაგრამ მწამს, რომ როდესაც შენს სახელს რაიმე ნაგებობას არქმევენ, პასუხისმგებლობაც გეკისრება. სარბიელი, რომელსაც შენი სახელი ჰქვია, საჯაროა და იქ ყველას გაშლილი ხელით უნდა ეგებებოდე”, — მრისხანებდა ბილი ჯინ კინგი, რომელსაც მხარი კიდევ ერთმა ყოფილმა ვარსკვლავმა, ჩეხმა მარტინა ნავრატილოვამ აუბა და მარგარეტ კორტის გამონათქვამებს ავადმყოფური და საშიში უწოდა.

რაც შეეხება კორტს, ის შეჯიბრებაზე დასწრებას საერთოდ არ აპირებს, რა დროს ჩოგბურთია, კიბორჩხალების დასაჭერად მივდივარო.

ავსტრალიის ღია პირველობას კიდევ ერთი ხმაურიანი ამბავი უძღოდა წინ. კენჭისყრის ჩასატარებლად მიიწვიეს მარია შარაპოვა, რომელსაც პრეპარატ მელდონიუმის მიღების გამო თხუთმეტთვიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მისჯილი და სასჯელის ვადა სულ ახლახან გაუვიდა.

სხვა ვერავინ ნახეს, ნეტავ?

ავსტრალიის ღია პირველობა 15 იანვარს, ორშაბათს იწყება.