მთელმა მსოფლიომ გაიგო ეს ამბავი და “სარბიელის” მკითხველებმაც. ოლიმპიური ჩემპიონი დეივ შულცი მილიონერმა ჯონ დიუპონმა მოჰკლა.

რატომ და რისთვის გამოესალმა სიცოცხლეს განთქმული მოჭიდავე, ძნელი სათქმელია – ფილადელფიელი დეტექტივები ჯერჯერობით დუმან და დიუპონიც ვერავის მიაწვდენს ხმას ციხიდან.

ფაქტი კი ერთია, „ნისან-პატრული“ რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო.

მსოფლიოს მრავალ ჭკუიდან შემცდარ მილიონერს წესად აქვს, რომ რაღაც სპორტი ამოიჩემოს და მას გადაჰყვეს თან.

ამ სპორტში დასაოსტატებლად – გოლფი იქნება, ჩოგბურთი თუ კრივი, მილიონერი თუ არაფერს იშურებს, საუკეთესო ოსტატს მიიწვევს და პირობებსაც შეუქმნის. მაგრამ ეს წყეული მილიონები, ისედაც აფრაკად მყოფ მილიონერს მთლად აგიჟებენ. ამას ჰგონია, რომ ინსტრუქტორი, ანუ მოწვეული მასწავლებელი მისი ყმაა და რასაც უნდა, იმას მოსწევს.

ასე დაემართა ჯონ დიუპონსაც. 57 წლის კაცი ჭიდაობაზე გადაირია და მსოფლიოს ჩემპიონობა გადაწყვიტა. ამისთვის მან დიდი სპორტული დარბაზი ააგო ნიუტონ-სკვერში, ფილადელფიის სამხრეთ გარეუბანში, სადაც მისი მამული „ფოქსქეჩერი“ (მელიის დამჭერი) ძევს. მასწავლებლად კი დეივ შულცი მიიწვია.

აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ჭიდაობა ჯონ დიუპონს საპენსიო გართობად ჰქონდა. მანამდე ის ცნობილი იყო როგორც ყველაზე დიდი ტირის პატრონი, თოფ-იარაღზე გადარეული კაცი და ჩაუქი მსროლელი, საუკეთესო გართობად კი თავისი მამულის ჯავშანტრანსპორტიორით შემოვლა უჩანდა.

ასეთ კაცთან მუშაობდა 36 წლის დეივი, რომელსაც მართლაც საუცხოო პირობები ჰქონდა და დიუპონის ხელქვეით მყოფ სიუტონ-სკვეის გუნდსაც ავარჯიშებდა.

ასე დააკავეს ჯონ დიუპონი

ეხლა მაგ ჯონ დიუპონის ავან-ჩავანს აღარ იკითხავთ. იგია ამერიკის ხუთ უმდიდრეს გვართაგან ერთ-ერთის ნაშიერი, 50 მილიონი დოლარის და ათი ამდენი უძრავი ქონების პატრონი. ზრდილობიანად – ექსცენტრიკული მილიონერი, უზრდელად – ნაბიჭვარი. ერთი ყოყლოჩინა და მედიდური კაცი, რომელსაც ეგონა, რომ ფულით სპორტსმენი შეიქნებოდა, ეს ის ვინმე გახლავთ, ვინაც ამერიკის ჭიდაობის ფედერაციას ყოველწლიურად 400 ათას დოლარს ჩუქნიდა და ამავდროულად საუკეთესო მოჭიდავე მოუკლა.

გვარი კი ცნობლი აქვს, მისი წინაპარი პიერ სამუელ დიუპონ დე ნემური მეფე ლუი XVI-ის ძმაკაცი და კარისკაცი იყო. 1802 წელს ნაპოლეონს ამერიკაში გაექცა და აქ ფინდიხის – ტყვია-წამლის ქარხანა გახსნა. ამით იშოვეს დიუპონებმა ფული – რაც მაშინ ომები იყო.

ჯონ დიუპონს ტყვია-წამალი ბავშვობიდანვე უყვარდა, თოფ-იარაღიც.

იმ დღეს დეივი ეზოში იყო – ის ხომ ოჯახით იქვე, ფოქსქეჩერის მამულში ცხოვრობდა.

ფოქსქეჩერის ალყა ორ დღეს გრძელდებოდა. პოლიციელები ერიდებოდნენ ე-მაგ ჩუბინთან პირისპირ შებმას, ვინ იცის, რამდენს დაგვაწვენსო. ბოლოს კი ისეთი რამ მოიფიქრეს, რითაც თბილისელ მკვლელს, თუნდაც მილიონერს ვერ გააცურებ. მათ შუქი და გათბობა გამოურთეს დიუპონს. ესეც გარეთ გამოვიდა – ამბის გასარკვევად და ჩაავლეს კიდეც. დვიჟოკი რომ ჰქონოდა, ალბათ საერთოდ ვერ დაიჭერდნენ. „აგევეზე“ ხომ ლაპარაკიც არ არის…

ჩვენ კი ვხუმრობთ და დეივ შულცი, დიდი სპორტსმენი, მოკლულია. ჭორებს რომ შევეშვათ – ერთი ხუშტურიანი მილიონერის ტვინის ქეიფის გამო.

13.02.1996

 

წილი
წინა სტატიაბარსამ ობელისკი დადგა
შემდეგი სტატიარა ხმაურია? რეალმა მოიგო!
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.