გაბრიელ ომარ ბატისტუტა დაიბადა 1968 წლის 1 თებერვალს. 2005 წლის 14 მარტს კი მსოფლიო სააგენტოებისა და ინტერნეტსაიტების საშუალებით ცნობილი გახდა, რომ ის ფეხბურთიდან მიდის.
„მე ვაცხადებ, რომ თამაშს თავს ვანებებ და დიდ მადლობას ვუძღვნი ყველას, ვინც ჩემი კარიერა წარმატებული გახადა. აქვე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთში მოღვაწეობას განვაგრძობ, ოღონდ როლს შევიცვლი. აუცილებლად გავაგრძელებ საქმიანობას სამენეჯერო და სარეკლამო სფეროებში, ხოლო სამწვრთნელო საქმეს ბოლომდე შევისწავლი“ – განაცხადა არგენტინის ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდმა ბომბარდირმა, 78 შეხვედრაში 56 გოლის ავტორმა, მსოფლიოს 1994, 1998 და 2002 წლების ჩემპიონატების მონაწილემ, იტალიის 2000 წლის ჩემპიონმა „რომას“ შემადგენლობაში, „ფიორენტინას“ გმირმა – ადამიანმა, რომელსაც ფლორენციაში ძეგლი დაუდგეს და იმ იშვიათთაგანმა, ვისაც არგენტინის, კერძოდ, ბუენოს აირესის ორ ერთმანეთზე გადამტერებულ გოლიათში, „ბოკა ხუნიორსსა“ და „რივერ პლეიტში“ უთამაშია.
ბოლო ორი წლის განმავლობაში გაბრიელ ბატისტუტა ყატარში, „ალ არაბიში“ გამოდიოდა
…გაბრიელ ბატისტუტას პაპებს მელხიორი და ნესტორი ერქვათ. ისინი საყვარელ შვილიშვილს თევზის ჭერას და ნადირობას ასწავლიდნენ, მდინარე პარანაზე მიჰყავდათ, ბუნებას აჩვევდნენ, წინააღმდეგობების დაძლევაში ეხმარებოდნენ, კაცად ზრდიდნენ.
ბებიებიც თავზე დაჰფოფინებდნენ ბიჭს – აბა, კვება, აბა, დაბანა-დავარცხნა და აბა, საღამო ხანს, ქუჩაში დაკაწრულ-დაფხაჭნილ-გადატყავებულის დაამება. პატარა ძამიკო დების, ელისის, ალეხანდრას და გაბრიელას ზრუნვის საგანიც გახლდათ და ბუნებრივია, ყოველივეს მწვერვალზე მამა ომარი და დედა გლორია იდგნენ – ეს გახლდათ ერთ მუშტად შეკრული, ბედნიერი ოჯახი ქალაქ რეკონკისტადან.
გადიოდა წლები, მომავალი ვარსკვლავი იზრდებოდა, მაგრამ… თავი ფეხბურთის ვარსკვლავად კი არა, ფეხბურთელადაც კი არ ჰყავდა წარმოდგენილი. მას კალათბურთი უყვარდა, თუმცა მოედანზე, რომელსაც „ილ ლომბრიკოს“ ანუ მატლს ეძახდნენ, ბიჭებთან ერთად მაინც დასდევდა ბურთს.
ერთი სიტყვით, „ბატიგოლი“ დიდ ფეხბურთში შემთხვევით მოხვდა. საქმე კი ასე იყო: 1987 წლის იანვარში „ნიუელს ოლდ ბოიზის“ წარმომადგენელმა (ეს კლუბი ქალაქ როსარიოშია), ალბათ ბედის დავალებით, გაბრიელ ომარი შავ მანქანაში ჩაისვა და გააქანა… იქით, საიდანაც საქვეყნო დიდებისა და სიმდიდრის გზა იწყებოდა.
„სცადე, იქნებ მართლაც გაშალო ფრთები“ – წააქეზა ვაჟი მამამაც.
როსარიოში ჩასულმა ბატისტუტამ რა, რა და ერთი კი ნამდვილად მოახერხა: „ნიუელს ოლდ ბოიზის“ მწვრთნელს პირველი ვარჯიშებიდანვე მოაწონა თავი, ხოლო „ოლდ ბოიზის“ მწვრთნელი არც მეტი, არც ნაკლები მარსელო ბიელსა გახლდათ. ვფიქრობთ, ბიელსას შეხსენება არ სჭირდება, იგი სწორედ ხოსე პეკერმანის წინ გახლდათ არგენტინის ნაკრების მწვრთნელი და ეს თანამდებობა კარგა ხანს ეკავა.
ამბის გაგრძელება კი ასეთია: ვინმე გაბრიჩი დაშავდა, ბიელსამ ცხრანომრიანი მაისურა გაბრიელს ანდო, შეხვედრა კი არც მეტი, არც ნაკლები „კოპა ლიბერტადორესის“ ნახევარფინალისა გახლდათ და მეტოქე „სან ლორენსო“ იყო: და ბატისტუტამ გოლი გაიტანა! თამაშში სული და გული ჩადო, ძალიან გაიტაცა იმან, რაც გარშემო ხდებოდა, ხოლო საღამოს შინ მილასლასებულს მკვდარივით ჩაეძინა.
მეორე დილით ახალგაღვიძებულს მიუტანეს გაზეთი, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა: „ბატისტუტა – იშვა ახალი ვარსკვლავი!“
მართლაც ასე იყო, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც „სან ლორენსოსთან“ იმ თამაშის დღეს ეტყობა მარცხენა ფეხზე ბრძანდებოდნენ ამდგარნი და მერეც, გაბრიელ ბატისტუტას გვარ-სახელის გაგონებისას წლობით მარცხენას ეყრდნობოდნენ. ასეთთა შორის ყველაზე ცნობილნი და გავლენიანნი დანიელ პასარელა და ახლახან გარდაცვლილი ომარ სივორი იყვნენ. მერედა, პასარელამ ერთხელ რომ თქვა, ბატისტუტა ცუდი ფეხბურთელიაო, ცოცხალი თავით აღარ გადათქვა და მაშინაც კი, როდესაც ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს, გაბრიელს კარგა ხანს ჯიუტად არ იწვევდა გუნდში.
რაც შეეხება სივორის, მას უცნაური მეტამორფოზა მოუვიდა, თავიდან წლობით ლანძღავდა ჩვენი წერილის გმირს, შემდეგ კი, თითქოს ცხოვრებაში აუგი არ დასცდენოდა, ქებაზე გადავიდა.
თუ ნებას დაგვრთავთ, ამ წერილში გაბრიელ ომარ ბატისტუტას იტალიურ ცხოვრებაზე სიტყვას არ გავაგრძელებთ. ცხადია, ის წლები, რომლებიც „ბატიგოლმა“ ფლორენციაში გაატარა, მისი კარიერის უდიდეს და უდიადეს ნაწილს შეადგენს. ცხადია, საგანგებო იყო ის ერთგულება, რომელიც ფორვარდმა „იების“ მიმართ გამოამჟღავნა და გუნდთან ერთად სერია B-ში ჩაყვინთვით გამოხატა. სწორედ ქვედა იტალიური ლიგიდან დაიწყო 90-იან წლებში „ფიორენტინას“ და ბატისტუტას დიდი აღმასვლა. შემდეგ იყო ფაბიო კაპელოს „რომა“ და სკუდეტო, მერე „ინტერი“, მაგრამ ამ წერილში რაღაც უფრო… აი, მაგალითად:
ეს ამბავი ჯერ კიდევ რეკონკისტაში მოხდა. გაბრიელმა სრულიად შემთხვევით, მეგობრების წყალობით, ერთი უცნობი გოგონას თხუთმეტი წლის თავზე ამოჰყო თავი. თურმე არგენტინელი გოგონები თხუთმეტ წელიწადს, რატომღაც საგანგებოდ ზეიმობდნენ და ირინასაც სპეციალურად შეეკერა ვარდისფერი კაბა. გაბრიელი მაშინ 17 წლის იყო.
რვა თვის მერე წყვილმა პირველად აკოცა ერთმანეთს, თუმცა ორივესთვის მანამდეც ცხადი იყო, რომ მათი ბედი სადღაც, ზევით არსთა გამრიგეს უკვე გადაეწყვიტა: 1990 წლის 28 დეკემბერს გაბრიელმა და ირინამ „სანტა როკეს“ ტაძარში ჯვარი დაიწერეს.
…ზემოთ არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ვახსენეთ. გაბრიელ ბატისტუტამ სანაკრებო გოლების რაოდენობით თვით დიდ დიეგოსაც კი გადაასწრო და რად უნდა ბევრი მტკიცება იმას, რომ არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი თავდამსხმელიცაა. მომავალში კი… თუმცა, დანაპირები სულაც რომ არ აასრულოს და ფეხბურთში არც დარჩეს, თავადაც და ჩვენც მისი ბატიგოლობის ეპოქა გვეყოფა.
დასასრული კი ჩვენს წერილს მოდით, ასეთი გავუკეთოთ: ერთი იტალიელი ჟურნალისტი ამ ექვსი-შვიდი წლის წინ წერდა, ვინ იცის, ფლორენციის ამა და ამ ქუჩაზე რამდენ მანქანას გაუვლია, რამდენ მძღოლს გაუხედავს იქვე მდებარე მოედნიანი ეზოსკენ და უფიქრია ან გვერდით მჯდომისთვის უთქვამს, ნახე, ბავშვებთან კაცი რომ თამაშობს, ბატისტუტას როგორ ჰგავსო და რას წარმოიდგენს ეს ხალხი, ის კაცი მართლა გაბრიელ ბატისტუტა რომ არისო – ამბობდა ჟურნალისტი.
ფეხბურთის ასეთი სიყვარული და გაუმაძღრობა, მართლაც ძნელი წარმოსადგენია…
15.03 2005