ინგლისში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც „არსენალის” 21 წლის ფეხბურთელის, ალექს იობის დროსტარებაა გადაღებული. კამპანია ცეკვავს, სვამს, კანაფს ეწევა და, როგორც „სანი წერს”, სამხიარულო გაზს სუნთქვას. ჩანაწერში ჩანს, რომ ეს ყველაფერი ღამის 2 საათსა და 37 წუთზე ხდება. ამბობენ, რომ წვეულება სულ მცირე კიდევ ერთ საათს გაგრძელდა. „მეთოფეთა” ფანებისთვის კი ყველაზე შემაშფოთებელი ის აღმოჩნდა, რომ მეორე დღეს მათმა საყვარელმა გუნდმა ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე ეტაპზე „ნოტინგემ ფორესტთან”, რომელიც პრემიერლიგაშიც კი არ გამოდის, 2:4 წააგო და იობი იმ შეხვედრაში მონაწილეობდა. ეს იყო 7 იანვარს.

ადვილი წარმოსადგენია რა ამბავი ატყდა სოციალურ ქსელებში. წაგებას იობის აბრალებენ, მის გუნდიდან გაგდებას მოითხოვენ…

ცნობილი გახდა, რომ წვეულბა ცენტრალურ ლონდონში, სოჰოში, ნაქირავებ ბინაში გაიმართა. შეკრებილთა ღრიანცელმა მეზობლები გააღვიძა. ისინი ათასგვარმა, მათ შორის, როგორც თვითონ ამბობენ, სიმყრალის სუნმა შეაწუხა. მოქეიფენი კი ჩიოდნენ, რომ კლუბში არ შეუშვეს და იძულებულნი გახდნენ ბინა ექირავებინათ.

გუშინ, ალექს იობიმ ინტერნეტში დადო თავისი ფოტო და მიაწერა: „მენტალიტეტი შეიცვლება. გპირდებით. მაცადეთ”.

„არსენალს” ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ალექს იობი დაიბადა ნიგერიაში, მაგრამ 4 წლისა მშობლებმა ინგლისში წაიყვანეს. წარსულში ცნობილი ნიგერიელი ფეხბურთელი ჯეი ჯეი ოკოჩა ბიძამისი გახლავთ.