სხვა სფეროებისა აბა, რა გითხრათ და როდესაც საქმე ფეხბურთს და კულინარიას ეხება, ლუკას პოდოლსკი თავის სიტყვას ამბობს… თუმცა, სჯობს ასე ვთქვათ — თავის წილ მსუყე ნაჭერს იჭრის. 32 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, რომელიც ნელ-ნელა კარიერის დასასრულს უახლოვდება, კიოლნში საშაურმე გახსნა.
გახსნა და იქ ამბავი ატყდა… ხუთსაათიანი რიგი წარმოგიდგენიათ? ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს, ქალაქში ვისაც შიოდა ყველა პოდოლსკის „მანგალ დონერს” მიაწყდა. თუ ვინმე იკითხავს „მანგალ დონერი” რას ნიშნავსო, უთხარით, რომ სიტყვა მანგალი არაბულიდან ქართულში შემოსულია, როგორც მაყალი, ხოლო დონერი თურქული სიტყვაა და არაბულად მას შაურმა ჰქვია.
მშიერ კლიენტთაგან ზოგს გაუმართლა და პოდოლსკისთან სურათიც კი გადაიღო. პოლონური წარმოშობის გერმანელს, ხორცის შებრაწვა 2015-17 წლებში, „გალათასარაიში” თამაშის დროს შეუყვარდა.
სხვათა შორის, პოდოლსკის კიოლნში კარგა ხანია პოპულარული სანაყინე აქვს ანუ კაცმა ეს საქმე იცის.
ცნობისათვის: ლუკას პოდოლსკიმ გარისკა, რადგან ამ ცოტა ხნის წინ გერმანიაში საშაურმეების აკრძალვაზე იყო ლაპარაკი. მიზეზი ფოსფატების სიჭარბე გახლავთ, რომელიც სტერილიზაციისკენ მიდრეკილი ევროპელების აზრით მავნებელია, არადა შაურმას გემოს ეგ აძლევს.