„რეალმა” „სელტასთან” ცუდად ითამაშა, ვერ მოიგო (2:2) და ლა ლიგის ლიდერ „ბარსელონას” 16 ქულით ჩამორჩა. მადრიდელთა ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ მატჩის შემდეგ განაცხადა, რაცა ვართ ესა ვართ, მეტი არ შეგვიძლიაო.

მარსელო არც გინებას მოერიდა. მოგეხსენებათ, ყველა ენაზე თავისებურად ილანძღებიან, ამიტომ ბრაზილიელის ფრაზის ზუსტ თარგმანს ნუ მოგვთხოვთ, მაგრამ დაახლოებით ასე ითქვა:

„ჩვენ დათრგუნულები, მოტ….ები და ჩაძირულები ვართ. ყველა ღონეს ვხმარობთ ამ კოშმარიდან რომ გამოვიდეთ, მაგრამ არ გამოდის. მდგომარეობას ის ართულებს, რომ რაც უფრო მეტ ქულებს ვკარგავთ, მით მეტად იზრდება ფსიქოლოგიური სტრესი. სხვა არაფერი შეგვიძლია. ვცდილობთ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ, გოლები გავიტანოთ, ბურთი გავათამაშოთ, მაგრამ არ გამოდის. ერთადერთი, რაც დაგვრჩა, თავდადება და ბრძოლაა. თავდადებამ და ბრძოლამ წესით უნდა მოიტანოს შედეგი”.

მადრიდელთა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გაბრაზებულმა თქვა: „ყოველი ტურის წინ ჩემპიონობაზე ლაპარაკს არ ვაპირებთ. რომელ ჩემპიონობაზე მელაპარაკებით,  თუკი ქულებს ასე ვკარგავთ. ჩვენ ყოველ კონკრეტულ თამაშს უნდა მივხედოთ და მოვიგოთ”.