ანტონიო კონტემ ჟოზე მოურინიუს „თვალთმაქცი” და „პატარა კაცი” უწოდა — ესეც თქვენ გიჟების ამბის გაგრძელება. გიჟების იმიტომ, რომ ყველაფერი მოურინიუს ნათქვამიდან დაიწყო, ეს კონტე მოედნის კიდესთან რა გიჟივით იქცევაო. მართალია, გიჟივით იქცევა, მაგრამ თვითონ როგორ იქცეოდა? ჰოდა, ყვავმა ყვავს უთხრა შე შავოო.

თვალთმაქცობა… ჟოზე მოურინიუ და კლაუდიო რანიერი

მოკლედ, კონტემ მოურინიუზე თქვა მაგას ეტყობა ასაკობრივი დემენცია დაეწყო, რადგან საკუთარი ქცევა არ ახსოვსო. პორტუგალიელი გაბრაზდა და იტალიელს „სიენას” მწვრთნელობის დროინდელი ამბავი წამოაძახა — კონტე თამაშების ჩაწყობასთან იყო ირიბ კავშირში და ათთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, თუმცა შემდეგ გაამართლეს და ოთხ თვეში მუშაობის ნება დართეს.

„როდესაც ცდილობ, რომ ადამიანს გული ატკინო და შეურაცხყოფა მიაყენო, პატარა კაცი ხარ, — თქვა „ჩელსის” თავკაცმა ფეხბურთის ასოციაციის თასზე ნორვიჩში ნათამაშები 0:0-ის შემდეგ, — მაგრამ, ჩვენ მას და მის წარსულს ძალიან კარგად ვიცნობთ. ის არ იცვლება. პატარა კაცი იყო, პატარა კაცი არის და პატარა კაცი იქნება. და ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა არ არის.

სანამ მოურინიუ ჩემზე რამეს იტყოდა უნდა სცოდნოდა: ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია იმიტომ მომისაჯეს, რომ ამბავი არ მივიტანე. შემდეგ მე ნამდვილი სასამართლო გარჩევა მოვითხოვე, სადაც გამამართლეს, პატარა კაცმა კი ეს არ იცოდა”.

კონტე მოურინიუს სხვა მხრივაც გადასწვდა. იტალიელმა თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი თვალთმაქცია. მისი აზრით, იმ პიჯაკის ჩაცმა, რომელზეც კლაუდიო რანიერის მხარდასაჭერად ეწერა ასოები C და R, პირწავარდნილი თვალთმაქცობა იყო.

„მახსოვს, როგორ დასცინოდა რანიერის ცუდი ინგლისურის გამო. შემდეგ კი, როდესაც რანიერი „ლესტერიდან” გააგდეს, პიჯაკი ჩაიცვა და RC დაიწერა. ეს ნამდვილი თვალთმაქცობა იყო. შენ თვალთმაქცი ხარ!” — მიმართა მან კოლეგას.

„ჩელსი” „მანჩესტერ იუნაიტედს” 25 თებერვალს „ოლდ ტრეფორდზე” ხვდება და ანტონიო კონტე ამბობს, რომ მზად არის მოურინიუს კაცურად დაუდგეს.

„სიტუაცია მარტივია. მე გასამართლებელი არაფერი მჭირს. ცხოვრება კი თავისი გზით მიდის და მოურინიუზე საერთოდ არ ვფიქრობ. ხოლო, როდესაც მანჩესტერში ჩავალთ, მე მას პირისპირ შევხვდები და თუ რამე პრობლემაა, გასარჩევად შესანიშნავი მომენტი იქნება. მე მზად ვარ. აი, ის არის თუ არა მზად, ვერ გეტყვით. სხვა მწვრთნელებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ როდესაც ადამიანი რამეს ამბობ, შენს სიტყვებზე პასუხისმგებელიც უნდა იყო”, — თქვა „ჩელსის” თავკაცმა.