“არსენალისა” და “ჩელსის” 2:2-ის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე არსენ ვენგერმა თქვა, ეს თამაში რომ წაგვეგო თავს მოვიკლავდიო. “მეთოფეთა” ბოსმა სასაცილო უწოდა პენალტს, რომელიც მსაჯმა ენტონი ტეილორმა ედენ აზარის წაქცევის გამო დაინიშნა. ბელგიელმა თავად გაუტანა თერთმეტმეტრიანი “ლურჯების” ყოფილ მეკარეს პეტრ ჩეხს.

ჯობს გოლები თანმიმდევრობით ჩამოვთვალოთ: ანგარიში არსენალელმა ჯეკ უილშირმა გახსნა 63-ე წუთზე; 67-ეზე აზარმა ხსენებული პენალტი გაიტანა; 84-ეზე მარკოს ალონსომ “ჩელსი” დააწინაურა და ვენგერს თვითმკვლელობისკენ უბიძგა, მაგრამ 90+2-ზე ექტორ ბელერინმა (წორედ იმან, რომელმაც აზარი წააქცია თუ ვითომ წააქცია) მწვრთნელი სუიციდისგან იხსნა.

ვენგერი: “კვლავ ფარსი ვიხილეთ. ეს ნამდვილი შოკი იყო. შემდეგ, შეიძლებოდა ეს თამაში წაგვეგო კიდეც, მაგრამ შეხვედრის შემოსაბრუნებლად რესურსი აღმოგვაჩნდა. ყოველ წელიწადს ერთი და იგივე მეორდება. გაიხსენეთ, რამდენი ასეთი შემთხვევა იყო სეზონის დასაწყისიდან. სხვა რა გზაა, უნდა შევეგუოთ, რომ ასე იქნება და ვიბრძოლოთ. ასეთი პენალტი ყოველ შეხვედრაში შეიძლება ათი დაინიშნოს”.

პენალტის ეპიზოდის შესაფასებლად “სანმა” კომენტარი სთხოვა ყოფილ მსაჯს მარკ ჰეისლის, რომელმაც თქვა:

“ენტონი ტეილორისთვის ამ ეპიზოდში გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, მაგრამ ის სწორ პოზიციაში იდგა და მე ვხვდები, თუ რატომ დანიშნა პენალტი. კონტაქტი იყო, მაგრამ არა ბელგიელის კოჭთან, არამედ ფეხის ქვევიდან. აზარმა, რასაკვირველია, მაქსიმუმი გამოწურა, მაგრამ სიმულაცია მაინც არ იყო. ბელგიელი რომ არ წაქცეულიყო, მსაჯი პენალტს არ დანიშნავდა. ის ჭკვიანურად მოიქცა, თავი დაიზღვია. ვიდეორეფერი რომ ყოფილიყო, ისიც ტეილორს გაამართლებდა”.

არსენ ვენგერმა თვითმკვლელობაზე იფიქრა….