ჯორჯო რა იყო და… ფრანკო არმანი 31 წლის არგენტინელი მეკარეა, რომელმაც ბოლო შვიდი სეზონი კოლუმბიაში, კერძოდ მედელინის “ატლეტიკო ნასიონალში” გაატარა, ახალი წლის პირველ დღეს კი წერილობით აცნობა მთელ მსოფლიოს, რომ სამშობლოში ბრუნდება — “რივერ პლეიტში” გადადის. ამაზე არგენტინულმა “ოლემ” დაწერა, “რივერს” და მის მწვრთნელს მარსელო გალიარდოს ბედნიერი 2018 დაუდგათო.

“მე ავუხსენი “ატლეტიკო ნასიონალის” ხელმძღვანელობას, რომ “რივერში” გადასვლით დიდი ხნის ოცნებას ავიხდენდი. ყოველთვის მინდოდა ჩემი ქვეყნის რომელიმე წამყვან კლუბში მეთამაშა. გარდა ამისა, საშუალება მომეცემა ოჯახთან ვიცხოვრო და ნაკრების მწვრთნელთა თვალსაწიერშიც ვიტრიალო. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ხომ ცოტა დრო დარჩა.

რაც შეეხება “ატლეტიკო ნასიონალს”, სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, თუ რამხელა შესაძლებლობა მომცა ამ კლუბმა, როგორ დამიდგა მხარში. მისი დატოვება ძნელი გადასაწყვეტი იყო, მაგრამ შინ დაბრუნების ფაქტორმა იმოქმედა. ძვირფასო მედელინელო გულშემატკივარო, გთხოვთ მხარი დამიჭიროთ. ჩემი გაყიდვით, ჩვენი საყვარელი კლუბი ასე საჭირო 3 მილიონ დოლარს მიიღებს. გემშვიდობებით, მაგრამ არა სამუდამოდ”, — დაწერა არმანიმ.

ცნობისთვის: მარსელო გალიარდომ წინა სატრანსფერო ფანჯრების დროსაც სცადა “ატლეტიკო ნასიონალის” მეკარის ყიდვა.