საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სწრაფ და ბლიც ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელიც 30 დეკემბრამდე გასტანს და 2 მილიონდოლარიანი საპრიზო ფონდით გამოირჩევა. პირველი სამი დღე სწრაფი ჭადრაკისაა და ყოველ მონაწილეს დღეში 5 პარტიის თამაში ევალება. ბოლო ორი დღე ბლიცს დაეთმობა და მოჭადრაკეებს დღეში 10 პარტიის გამართვა მოუწევთ.
ვაჟთა შორის სწრაფ ჭადრაკში პირველი დღის გმირი ჩვენებური ბაადურ ჯობავა გახლავთ, რომელმაც ხუთი პარტიიდან 4 მოიგო, ერთი ყაიმით დაასრულა და რუს ვლადიმერ ფედოსეევთან ერთად ცხრილის სათავეშია, ხოლო დამატებითი მაჩვენებლებით ერთპიროვნული ლიდერიც გახლავთ. მე-14 პოზიციაზეა გიგა ყუფარაძე 3,5 ქულით. 3-3 ქულით 34-ე და 37-ე პოზიციებზე დგანან ლევან ფანცულაია და მიხეილ მჭედლიშვილი, არადა ლევანმა კარგად დაიწყო, პირველი ორი პარტია მოიგო და ცხრილშიც ლიდერობდა.
მძიმედ იძროდნენ ტურნირის პირველ დღეს მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი და ექს-პრეტენდენტი სერგეი კარიაკინი. წაგება ორივემ იგემა, კარიაკინმა – სულაც ორი.
ქალთაგან საუდის არაბეთში ჩამოსვლაზე უარი თქვა რაპიდ-ბლიცის მოქმედმა ჩემპიონმა, უკრაინელმა ანა მუზიჩუკმა, რომელსაც ერ-რიადში ჰიჯაბის ტარების სავალდებულო წესმა აუცრუა თამაშზე გული. “არ მინდა თავს მეორეხარისხოვან ადამიანად ვგრძნობდე” – დაწერა მუზიჩუკმა სოციალურ ქსელში, მაგრამ მისი გულწრფელობა საეჭვოა, რადგან: 1. სათამაშო სივრცეში მოჭადრაკეებს ჰიჯაბის ტარება არ ევალებათ, იგი მხოლოდ ქალაქში გასვლისას უნდა მოიხურონ და 2. ირანში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე მუზიჩუკს, სხვა მონაწილეთა მსგავსად, თავი შებურული ჰქონდა და ტურნირისთვის ბოიკოტი არ გამოუცხადებია.
ქართველ ქალთაგან საუკეთესო ბელა ხოტენაშვილია, რომელიც 4 ტურის მანძილზე ქულადაუკარგავად მოძრაობდა, თუმც მეხუთეში ჩინელ ჟუ ვენჟუნთან დათმო პარტია და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ჩინელი ლიდერობს, ხოლო ექვსი სხვა ქართველი მანდილოსნის განლაგება სატურნირო ცხრილში ასეთია: 21. ნინო ბაციაშვილი – 3,5 ქულა; 30. სოფიო გვეტაძე – 3; 36. ნანა ძაგნიძე – 3; 61 ინგა ჭარხალაშვილი – 2; 72. სოფო ხუხაშვილი – 2; 86. სალომე მელია – 1,5; 87. ლელა ჯავახიშვილი – 1,5.