“სანი” წერს, რომ “ჩელსის” იტალიელ თავკაც ანტონიო კონტეს “რეალის” მწვრთნელობა უნდა. 10 მილიონ გირვანქად ღირებული კონტრაქტის თანახმად კონტეს “ლურჯებთან” კიდევ აკავშირებს წელიწადნახევარი, მაგრამ პირველივე სეზონში პრემიერლიგის მოგების შემდეგ მას “სტემფორდ ბრიჯზე” რთულად მისდის საქმე — 19 ტურის შემდეგ ლიდერ “მანჩესტერ სიტის” 16 ქულით ჩამორჩება.

კვირას, ლონდონელებმა, “ევერტონთან” სტუმრად უსახური ფრე 0:0 ითამაშეს, “რეალმა” კი შინ წააგო “ბარსელონასთან” 0:3 — შედეგად მადრიდის გუნდი 14 ქულით ჩამორჩება კატალონიელებს.

ჟურნალისტმა და ბროდკასტერმა იან მაკგარიმ თქვა, რომ “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს გულში “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარდება აქვს ამოჭრილი.

“მადრიდელთა პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს “რეალის” სახის, ზინედინ ზიდანის უხეშად გაშვება რასაკვირველია არ ენდომება, მაგრამ ყურში კი უჩურჩულებს ფრანგს, რომ მისი წასვლის დროა. პერესმა ზიდანს შეიძლება ათასი მიზეზი უთხრას, დაწყებული იმით, რომ ფეხბურთელები მის დავალებებს ვერ ასრულებენ, დამთავრებული ვარჯიშების არასრულფასოვნებით. ამასთან, ვფიქრობ, რომ “რეალის” პრეზიდენტი კონტეს დიდ პატივს სცემს. მასზე უეჭველად მოახდენდა შთაბეჭდილებას ის, თუ როგორ მოიგო იტალიელმა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული პირველივე სეზონში. ასეა თუ ისე, ვფიქრობ, კონტე მომავალ სეზონში “ჩელსიში” აღარ იქნება”, — თქვა მაკგარიმ.

“ბარსელონასთან” დამარცხების შემდეგ კი სოციალურ ქსელებში (არა მარტო ესპანეთში) ზინედინ ზიდანის წინააღმდეგ დიდი ლაშქრობა მოეწყო. გულშემატკივრები ფრანგს განსაკუთრებით ქარიმ ბენზემას მიმართ ახირებულ ერთგულებას უწუნებდნენ.