მე არ მახსოვს მურთაზ ხურცილავას ფეხბურთი. მიყურებია კი, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორში და ტელევიზორში ნანახით ფეხბურთელზე წარმოდგენას ვერ შეიქმნი.
ჩემს მეხსიერებას მურთაზ ხურცილავას ფეხბურთიდან საზეიმო გაცილება შემორჩა ბუნდოვნად — ითამაშეს „დინამომ“ და სსრკ ნაკრებმა, მერე სხვა ფეხბურთელებმა ხურცილავა მხრებზე შეისვეს და ტრადიციულად გაიყვანეს მოედნიდან.
ეს არის და ეს, მინდორზე სხვაგვარი მურთაზ ხურცილავა მე არ მახსოვს. შესაბამისად, არც მისი ფეხბურთი დამამახსოვრდა. ფეხბურთი, რომელსაც მილიონები უკრავდნენ ტაშს და რომელიც მილიონებს ხიბლავდა. ამიტომ იყო, ბევრიც არ მიფიქრია სათაურზე — დიდი კაცი — აი, სათაურიც. ამ სათაურით ბევრი რამაა ნათქვამი. ასეთ სათაურს ყველა წერილს ვერ დაარქმევ, მაგრამ მურთაზ ხურცილავა ის ფეხბურთელი იყო, რომლისთვისაც ასეთი და მსგავსი ეპითეტები ალალია.
ახლა რომ მოვყვე და ის გამონათქვამები ვწერო, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის კორიფეებს გამოუთქვამთ ხურცილავას შესახებ, ამას მთელი ეს წერილი ეყოფა და მკითხველს რა ხეირი ამით. მკითხველმა ხომ კორიფეთა გამონათქვამების შესახებ აქამდეც იცოდა და მაინც, სერ ალფ რამსეის სიტყვებს მოვიყვან — მსოფლიოს უძლიერესი ფეხბურთელები პელე და ხურცილავააო, რომ თქვა.
როგორ გგონიათ, ცოტაა?
მე არცერთი სიტყვით არ შევეხები მურთაზ ხურცილავას ფეხბურთისშემდგომ მოღვაწეობას, ამ წერილის მიზანი და მისია მურთაზ ხურცილავა-დიდი ფეხბურთელის მორიგი წარდგენაა და სხვა — მწვრთნელობა, დეპუტატობა, ვეტერანობა არ არის ამ წერილის მიზანი. არა და ნუ, რა მურთაზ ხურცლავა-ფეხბურთელზე ცოტაა სალაპარაკო?
დავიწყოთ იმით, რომ ქართველ ქომაგებში მოარული ლეგენდა, თითქოს ცხონებულ ანდრო ჟორდანიას სადღაც შემთხვევით ენახოს ხურცილავა და მერე მიეწვიოს „დინამოში“, არ არის მთლად მართალი. კი, რასაკვირველია, ხურცილავას ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში უდიდესი და უმთავრესი როლი ანდრო ჟორდანიამ შეასრულა, მაგრამ, თუ მაინც და მაინც აღმოჩენაზე მიდგა საქმე, ნურც თავად ფეხბურთელის ღვაწლს დავამცრობთ — ხურცილავა აღმოაჩინეს იმიტომ, რომ… იგი არსებობდა. არსებობდა და სანამ „დინამოში“ აიყვანდნენ, იყო 1959 წლის მოსკოვის საკავშირო სპარტაკიადის მესამე პრიზიორი, შემდეგ სსრკ ნორჩ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი, 1961 წელს კი მინსკის საკავშირო სპარტაკიადის ვერცხლის მედალოსანი.
მურთაზ ხურცილავა თავისი აგებულებით მოჭიდავეს უფრო ჰგავდა, ვიდრე ფეხბურთელს. თვითონაც უთქვამს ამის შესახებ — არ არსებობს საფეხბურთო ნორმატივი, რომელიც მე შემესრულებინოსო. ანდრო ჟორდანია — სელექციონერის სიდიდეც იმაშია სწორედ, რომ „მოჭიდავეს“ დიდი საფეხბურთო მომავალი უწინასწარმეტყველა და სწორადაც.
ბრძოლა — აი, ის სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად ასახავს ხურცილავას გარჯას მინდორზე. იგი იბრძოდა ნებისმიერ ალაგას, მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთზე და რა გასაკვირია, რომ აგრე ეადვილებოდა მეტოქე თავდამსხმელების წინააღმდეგ პერსონალური თამაში. როცა მცველს ძალა ერჩის, ალღოს არ უჩივის და ბუნებამ ტექნიკაც დაამადლა, მისი მეურვეობის ქვეშ თამაში ვისაც გინდა გაუჭირდება. ხურცილავასთან თამაშიც ამიტომ უჭირდათ სტრელცოვს, ბიშოვეცს, ლოუს, მაცოლას, ფარკაშს, ვარგას, ლიუბანსკის, მიულერს, ჰერსტს, ტოსტაოს, ჟაირზინიუს, ტორესს და თვით პელესაც.
რას იტყვით, როგორი ჩამონათვალია, ამათ წინააღმდეგ რომ კაცი პერსონალურად (და საერთოდ) ითამაშებს არის თუ არა დიდი?
ხურცილავა-ფეხბურთელზე როცა გვიხდება ლაპარაკი, არ შეიძლება მის ერთ თავისებურებას არ გავუსვათ ხაზი — სხვა იყო ხურცილავა-დინამოელი და სხვა — ხურცილავა-სსრკ ნაკრების წევრი.
ხურცილავა სსრკ ნაკრებში მცველი იყო, ალბერტ შესტერნიოვის დიდებული მეწყვილე, „პერსონალშჩიკი“, რომელიც, რა თქმა უნდა, ეხმარებოდა ნახევარმცველებს, თავდასხმას, აქა-იქ გოლებიც გაჰქონდა, მაგრამ პირველ ყოვლისა მცველი იყო, კლასიკური სტოპერი, რომლის უმთავრესი მოვალეობაც ნაკრების კარის მისადგომების გამაგრება და ლოუს, მაცოლას, მიულერის, პელეს წინააღმდეგ პერსონალური თამაში იყო.
სულ სხვა გახლდათ ხურცილავა „დინამოში“. მის მონაყოლს რომ ვიხსენებ, მარკ ტვენის ერთი ცნობილი მოთხრობა მახსენდება ხოლმე. სწორედაც რომ ტომ კენტისეული კრძალვითა და შიშით მისულა ხურცილავა „დინამოს“ ბაზაზე და ცოტა ხანში იმგვარად შეიფერა დინამოელობა, როგორც პატარა გარეუბნელმა ინგლისის მეფისწულობა — ჟორდანიასთან რომ ვსაუბრობდი, მეგონა ღმერთთან ვსაუბრობდიო — იტყვის მოგვიანებით მურთაზ ხურცილავა და მიუხედავად ამ კრძალვისა და რიდისა მან შეძლო დაეძლია ახალბედას შიში, მორგებოდა გუნდს და მოგვიანებით, ორიოდე წლის შემდეგ, მის ლიდერადაც ჩამოყალიბებულიყო.
ლიდერი ფეხბურთში ნებისმიერი ამპლუის მოთამაშე შეიძლება გახდეს, ოღონდ ისეთი მოთამაშე, რომელიც არ იფარგლება მხოლოდ თავისი ამპლუით. მცველმა შეტევა უნდა შეძლოს, თავდამსხმელმა დაცვა, ნახევარმცველმა — ერთიც და მეორეც. მურთაზ ხურცილავამ შეძლო ეს — მცველადაც ივარგა, ლიდერადაც, იკაპიტნა კიდეც და კარიერის განმავლობაში ნახევარმცველადაც და თავდამსხმელადაც გაისარჯა. არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ცნობილი ფაქტი: 1967 წლის 16 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“ 5:1 მოუგო მოსკოველ თანაგუნდელებს და ამ არატრადიციული ანგარიშით მოგებაში ლომის წილი დაიდო მარჯვენა გარემარბად (!) მოთამაშე მურთაზ ხურცილავამ.
„მთვლემარე დათვი“, „ავაზა“, „რკინის მცველი“, „ფეხბურთის ჯენტლმენი“, „არაჩვეულებრივი მცველი“, „ბუმბერაზი და ეტალონი“ — აი, არასრული ჩამონათვალი იმ ეპითეტებისა, რომელიც მურთაზ ხურცილავას უძღვნეს მასმედიისა და ფეხბურთის წარმომადგენლებმა. საქმე ისე მიდიოდა, ლამის ყოველი კონკრეტული მატჩის შემდეგ ახალ-ახალი დითირამბით ამკობდნენ ხოლმე „დინამოს“ და ნაკრების კაპიტანს.
ნათქვამია, ცხოვრებაში კარგზე მეტად ცუდი ამახსოვრდებაო, ადამიანს. უამრავი გამარჯვებისა და საყოველთაო აღიარების მიუხედავად, ინგლისში პორტუგალიის ნაკრებთან ნახევარფინალური მატჩი ალბათ არასოდეს დაავიწყდება ხურცილავას. მით უმეტეს ამ შეხვედრას ცოტა არ იყოს ფატალურობაც სდევდა თან. საქმე იმაშია, რომ მატჩის წინა ღამეს ხურცილავას დაესიზმრა თითქოს ხელით ითამაშა საკუთარ საჯარიმოში. ამის შესახებ მურთაზს გიორგი სიჭინავასთვის მოუყოლია კიდეც და დახეთ ბედის დაცინვას, შეხვედრის ერთ-ერთ მომენტში ხურცილავა გიგანტ ტორესს აუხტა, რათა თავით თამაშში ეჯობნა, მაგრამ ბურთი ხელზე მოხვდა და მსაჯმაც პენალტი დადო…
ფატალური იყო ის, რომ ხურცილავა საჰაერო ბურთზე, როგორც წესი, ხელებაწეული ხტებოდა, ფატალური იყო ის სიზმარიც და ყოველივე რომ შეხვედრის მე-13 წუთზე მოხდა, ისიც ფატალური იყო. ამის შემდეგ მურთაზი ყველას მაგივრად იბრძოდა მინდორზე (ხუთი კაცის დატვირთვითო — იტყვის მატჩის მერე ვლადიმერ პონომარიოვი), მაგრამ ინგლისელი მსაჯის მიერ დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა თავისი დაღი დაასვა მთელ შეხვედრას და პოტუგალიელებმა მესამე ადგილი ააცალეს საბჭოელებს.
ზემოთ ხურცილავას ლიდერობაზე ვთქვით. ლიდერი რომ გახდეს ფეხბურთელს პიროვნული თვისებებიც უნდა უწყობდეს ხელს. ის ფაქტი, რომ შესტერნიოვის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლაური მურთაზ ხურცილავას გადაეცა, თავისთავად მეტყველებს მის უდავო ავტორიტეტზე სსრკ ნაკრებში. ხურცილავა-დადებითი პიროვნების შესახებ ყველაზე კარგად მისი განუყრელი და უკომპრომისო მეტოქის ედუარდ სტრელცოვის კომენტარი მეტყველებს — მურთაზი იყო საიმედო მცველი და კარგი მეგობარი სსრკ ნაკრებშიც და საკუთარ კლუბშიც. ის არასდროს არ უხეშობდა, მიხდებოდა ხშირი იმპროვიზირება, რომ მომეტყუებინა ასეთი ასეთი ჭკვიანი მცველი. ის დარჩა ჩემს მეგობრად ახლაც, როდესაც ჩვენ ერთად გამოვდივართ ვეტერანთა ნაკრებში.
— ის არასდროს არ უხეშობდა, მეტოქეს არ ურტყამდა ფეხებში უკნიდან და ქურდულად, ხვდებოდა მას პირისპირ, იწვევდა ვაჟკაცურ ორთაბრძოლაში. ჩვენ ვმეგობრობდით მრავალი წელი და ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება მანამ, სანამ ვიქნებით ამ ცოდვილ მიწაზე.
ეს სიტყვები კი ვიქტორ პონედელნიკს ეკუთვნის, საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთ კაშკაშა ვარსკვლავს.
ხურცილავას ძალუმი მანერა და ფიგურა პატივისცემას აღძრავდა მეტოქეთა შორისაც. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ მურთაზ ხურცილავა ბოლომდე იხარჯებოდა მინდორზე. მის კარიერაში არ ყოფილა მატჩი არც ნაკრების, არც კლუბის დონეზე, რომელშიც მიეღოს მონაწილეობა და არ ეთამაშოს ძალების ბოლომდე დახარჯვით. ამას აღნიშნავდნენ კიდეც ირგვლივ მყოფნი და სათანადოდაც აფასებდნენ.
— ძალიან მომწონდა შესანიშნავი მურთაზ ხურცილავა. ყოველი შეხვედრის შემდეგ იგი უმაღლეს შეფასებას იმსახურებდა. ერთი სიტყვით, მურთაზ ხურცილავა დიდი ფეხბურთელი იყო, — ეს გამონათქვამი პრაღის „ბოჰემიანსის“ უფროსი მწვრთნელის, ტომაშ პოსპიხალისაა.
ხურცილავას აღმავალი კარიერა პრიზებისა და ჯილდოების სინაკლულეს ვერ დაიბრალებს, თუმცა ხდებოდა ხოლმე, როცა ფეხბურთელს კუთვნილ ტროფეის არ ანიჭებდნენ და თუ ანიჭებდნენ, ესეც საკამათო და სავაგლახო ხდებოდა. როგორ შეიძლებოდა მურთაზ ხურცილავას ინგლისის 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მცირე ბრინჯაო არ რგებოდა — არადა, ლამის, უმედლოდ დატოვეს ქართველი ფეხბურთელი და მედალი კი კინაღამ პარკუიანს მიაკუთვნეს. თუმცა ჩემპიონატის შემდეგ სამართალმა პური ჭამა.
როგორ შეიძლებოდა მურთაზ ხურცილავას 1964 წლის ჩემპიონობა არ რგებოდა, მაშინ ხომ ხურცილავა უკვე ითვლებოდა „დინამოს“ ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად, საბჭოური ფეხბურთის ჩინოსნებმა კი ნათამაშევი მატჩების რაოდენობა „დაუწუნეს“ ახალგაზრდა დინამოელს. ასე დარჩა მურთაზ ხურცილავა სსრკ ჩემპიონად წოდების გარეშე.
თუმცა არც მარტო ჯილდოებშია საქმე. რამდენი დიდი ფეხბურთელი წასულა სარბიელიდან ისე, რომ საფეხბურთო ოცნება ვერ აუსრულებია, მაგრამ კვალი და სახელი კი დაუტოვებია… თანაც როგორი.
მურთაზ ხურცილავა ვერ გახდა მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონი, არც სსრკ პირველობის ოქროს მედალი რგებია მას, მაგრამ დიდ ფეხბურთელს არ ამშვენებს მხოლოდ ჯილდოები, ჯილდოებით ფეხბურთელის სიდიადე არ განისაზღვრება.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში მურთაზ ხურცილავა დარჩა დიდ ფეხბურთელად. მე თუ მკითხავთ, უდიდესადაც კი…
1998 წლის 24 დეკემბერი