შაბათს, 23 დეკემბერს, “ბარსელონა” “რეალს” ღირსების დერეფანს არ მოუწყობს — ასეთია კატალონიური კლუბის პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც მისმა ინსტიტუციურ ურთიერთობათა დირექტორმა, გილერმო ამორმა განაცხადა. შაბათს, მადრიდელებმა, მოგეხსენებათ, აბუ დაბიში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება მოიპოვეს.

“ჩვენი კლუბი ღირსების დერეფანს ჩვეულებრივ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მომგებ გუნდებს უკეთებს… ეს ის შემთხვევა არ არის,” — განმარტა ამორმა.

წლეულს უკვე იყო შემთხვევა, როდესაც ევროპის სუპერთასზე “მანჩესტერ იუნაიტედის” ძლევის შემდეგ ესპანეთში დაბრუნებულ “რეალს” პირდაპირ “ელ კლასიკოს” თამაში მოუწია და “ბარსელონამ” არც მაშინ სცა მადრიდის გუნდს ღირსების დერეფნით პატივი.

“ბარსელონას” “რეალისთვის” მხოლოდ ერთხელ მოუწყვია ღირსების დერეფანი — 2008 წელს, “თეთრებმა” ლა ლიგა მოიგეს და შემდეგი შეხვედრა პირდაპირ “ბლაუგრანასთან” მოუწიათ.

ამორის განცხადება სავარაუდოდ პასუხი იყო კრიშტიანუ რონალდუს ნათქვამზე, ლამაზი იქნება თუკი “ბარსელონა” “ელ კლასიკოს” დღეს “ღირსების დერეფნით” შეგვხვდებაო.

“იმედი მაქვს, რომ იმ თამაშსაც მოვიგებთ და ლა ლიგის ჩემპიონობის შანსებს შევინარჩუნებთ” — დასძინა პორტუგალიელმა.

წილი
წინა სტატიადიდი კაცი
შემდეგი სტატია… ახლა მართლა წავიდა
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.