ფეხბურთში, რასაკვირველია, ყველაფერი ხდება, მაგრამ დღეს ბევრისგან გაიგებთ, რომ პრემიერლიგაში უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია — “მანჩესტერ სიტის” ვეღარავინ დაეწევა. თან, ამას ამბობენ არა მხოლოდ გულშემატკივრები, არამედ კონკურენტი გუნდების მწვრთნელები, მიმომხილველები და სხვა. და არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომელსაც ინგლისში ხშირად მოისმენთ — ისე, როგორც მიმდინარე სეზონში “ქალაქელები” თამაშობენ, პრემიერლიგაში არასდროს არავის უთამაშია. “სიტი” პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდია.
ამ მოსაზრებას არ ეთანხმება “ევერტონის” თავდამსხმელი, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი, მრავლისმნახველი და მრავლისმომგები 32 წლის უეინ რუნი.
“არ ვარ დარწმუნებული, რომ “სიტი” უკვე ამდენად დიდი გუნდია, — ამბობს რუნი, — მას ჯერ კიდევ გრძელი აქვს გასავლელი. ჯერ ბევრი რამ უნდა მოიგოს. დღევანდელი “სიტი” 2008 წლის “მანჩესტერ იუნაიტედს” მაგონებს. პრემიერლიგის ისტორიას კი ბევრი დიდი გუნდი ახსოვს. მათ რომ გაუტოლდეს, “სიტის” დიდი ხნის განმავლობაში სტაბილურობის შენარჩუნება და ტიტულების მოგება სჭირდება”.
გასულ უქმეებზე, ნიუკასლში 1:0 გამარჯვების შემდეგ, ევერტონელთა ამ ერთადერთი გოლის ავტორმა, რუნიმ “ოლდ ტრეფორდს” მიაშურა და მანჩესტერულ დერბის დაესწრო — “სიტიმ” “იუნაიტედს” 2:1 მოუგო. ეს ის მატჩია, რომლის შემდეგ, გასახდელში, “იუნაიტედის” მწვრთნელის, ჟოზე მოურინიუს გამო ჯგუფური ჩხუბი ატყდა. ამ ჩხუბზე ინგლისში დღესაც ბევრს ლაპარაკობენ. შეგახსენებთ, რომ მოურინიუ “სიტის” გასახდელში შევარდა და გამარჯვებულ მეტოქეს ხმამაღლა ზეიმის შეწყვეტა მოსთხოვა. რუნის ჰკითხეს, მსგავსი რამ ალექს ფერგიუსონის მწვრთნელობის დროს თუ მომხდარა.
“იმ წლების განმავლობაში, რაც მე “მანჩესტერ იუნაიტედში” ვთამაშობდი, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ფერგიუსონს პიცა ესროლეს. ეს “არსენალთან” თამაშის შემდეგ მოხდა. სხვა რა გითხრათ, იყო მცირე ინციდენტები, მუჯლუგუნის კვრა და გაქაჩვა, მაგრამ სერიოზული არაფერი მომხდარა. აი, ბოლო წლების “ბარნლი” უნდა ნახოთ. მათ გასახდელში მუსიკალური სისტემა შეაქვთ და ყოველი მატჩის წინ და შემდეგ საშინლად გუგუნებენ. “სიტიმ” “ოლდ ტრეფორდზე” დიდი მატჩი მოიგო და სრული უფლება ჰქონდა ეზეიმა. მუსიკის ჩართვა არანაირად არ არის მეტოქის უპატივცემულობა”.