ესეც დისკვალიფიკაცია: “სანი” წერს, რომ ჟოზე მოურინიუ თავისივე კლუბმა, “მანჩესტერ იუნაიტედმა” დასაჯა. მომავალ პარასკევს, “იუნაიტედის” მოთამაშეები და პერსონალი საშობაო სუფრას მოუსხდებიან. მთავარი კერძი, რასაკვირველია შემწვარი ინდაური იქნება. ტრადიციის თანახმად, ამ დღეს, მოთამაშეებსა და კლუბის თანამშრომლებს მწვრთნელი და მისი ასისტენტები ემსახურებიან. ასე იყო ალექს ფერგიუსონის თუ ლუი ვან გაალის დროს. იდეა ის არის, რომ ხალხი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სხვებს ბრძანებას აძლევს, ამ დღეს მაინც უნდა დამდაბლდეს და მიმტანობა გასწიოს, მაგრამ ამპარტავან მოურინიუს თავმდაბლობა ეტყობა შობაზეც არ უწერია. “იუნაიტედის” მზარეულმა მიკ დონელიმ “განსაკუთრებულსა” და მის ასისტენტებს “წითელი ამოუღო” — სამზარეულოში შემოსული არ დაგინახოთ, სუფრას მე და ჩემი გუნდი თავად მოვემსახურებითო. მიზეზი: თურმე ზოგადად მწვრთნელებს კერძები ისე მაღლა და უხერხულად დააქვთ, რომ ლამაზად დაწყობილი ნაჭრები გორავს, ერთმანეთში ირევა და ცვივა. ერთი სიტყვით, მზარეულებს თავიანთი შრომა ენანებათ.
ცნობისთვის: მოურინიუმ “იუნაიტედის” ბევრი თანამშრომელი ისედაც გააღიზიანა, რადგან “ოლდ ტრეფორდზე” ვარჯიში მაინცდამაინც შობა დღეს, საღამოს 6 საათზე დანიშნა. ეს ნიშნავს, რომ ამ დროს კლუბის დაახლოებით 70 წევრი ოჯახთან ვერ იქნება.