“ბარსელონამ” ტრადიციული საშობაო ლანჩი მოაწყო. ზეიმი ლეო მესის და მისი ძმების რესტორან Bellavista del Jardin del Notre-ში გაიმართა. წვეულებას “ბლაუგრანას” თითქმის ყველა ფეხბურთელი დაესწრო. მოთამაშეებს საზეიმო განწყობა ჰქონდათ: გუნდი ლა ლიგას ცხრილში ლიდერია, ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალში გავიდა და ესპანეთის სამეფო თასზეც შემდეგ ეტაპზეა. ამას ემატებოდა მესის განახლებული კონტრაქტი, რომელსაც არგენტინელმა რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი.
ერთადერთი ჩრდილი რომელიც წვეულებას თან სდევდა კიდევ ერთი არგენტინელის, ხავიერ მასკერანოს საკითხი იყო. მოგეხსენებათ, “ალბისელესტეს” მცველს იანვარში “ბარსელონადან” წასვლა უნდა, კლუბი კი მისი გაშვებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
მესის რესტორანი ბოლოხანს კლუბის შეკრებათა მუდმივ ადგილად იქცა. მენიუში სხვა კერძებთან ერთად იყო ბოსტნეულის რაგუ, სალათი ბურატა და თევზის სევიჩე, სამხრეთ ამერიკელთა და კარიბელთა სამზარეულოდან.