ალბათ, იმასაც მნიშვნელობა აქვს, რითი იწყება შენი გულშემატკივრობა, ვის ხედავ მოედანზე, როდესაც გულში ფეხბურთის სიყვარული ჩაგივარდება, რადგან ბავშვობის შთაბეჭდილებები ხომ ყველაზე ძლიერია და მთელი ცხოვრება გაგყვება. ამიტომაც ბედნიერებაა, როცა შენი პირველი აღქმა ფეხბურთისა შენი საყვარელი გუნდის აღმავლობას ემთხვევა და მოედანზე ისეთი ვარსკვლავები გხვდება, რომლებიც სამუდამოდ შეგაყვარებენ სპორტის ამ ულამაზეს სახეობას. ქართულ ფეხბურთში ასეთები ყოველთვის იყვნენ და გულშემატკივართა ყველა თაობას თავისი კერპები ჰყავდა. ჩემი ფეხბურთის სიყვარული კი უდიდესი მოთამაშეების, სლავა მეტრეველისა და მიხეილ მესხის, შოთა იამანიძისა და ვლადიმერ ბარქაიას, ზაურ კალოევისა და სერგო კოტრიკაძის, გივი ჩოხელისა და გიორგი სიჭინავას თაობით ჩამოყალიბდა და გასაგებია როგორი ფეხბურთის გულშემატკივრად ვიქცეოდი.

და მაინც, მიუხედავად ამდენი შესანიშნავი ოსტატისა, ყველა დამეთანხმება, რომ ერთდროულად ორი ასეთი დონის თავდამსხმელი, როგორიც 60-იან წლებში თბილისის „დინამოს“ ორი უდიდესი „ფრთა“ იყო — სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი, ბევრ გუნდს არ ღირსებია. ქართული ფეხბურთის ამ ორი დიდოსტატის ერთად ყოფნამ „დინამოს“ იმ დროისთვის უდიდესი წარმატება, საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოუტანა, საბჭოთა კავშირის ნაკრებს კი დღემდე (თუ მის მემკვიდრედ რუსეთის ნაკრებს მივიჩნევთ) ყველაზე დიდი წარმატება — ევროპის ჩემპიონის ტიტული.

სლავა მეტრეველი ზღვისპირა ქალაქ სოჭში დაიბადა და ნიჭიერი მოთამაშე მალევე მოხვდა სპეციალისტთა ყურადღების ცენტრში. იგი ჯერ გორკის „ტორპედოში“ აღმოჩნდა, ოცი წლისა კი უკვე მოსკოვის „ტორპედოში“. იმ დროის მოსკოვის „ტორპედო“ უმაღლესი კლასის ოსტატებით გამოირჩეოდა: ვალენტინ ივანოვი, ბორის ბატანოვი, ვალერი ვორონინი, ვიქტორ შუსტიკოვი და სხვები და რუსეთის გუნდებში ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა. ამიტომაც იყო, რომ მოსკოვის სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე უფრო დიდი პატივისცემით ქართველი გულშემატკივარი „ტორპედოს“ უყურებდა და მასთან თბილისის „დინამოს“ შეხვედრებს უფრო ნაღდი საფეხბურთო ინტერესი ჰქონდა, ვიდრე სხვა, ეროვნული თუ პოლიტიკური მოტივით განპირობებული.

სლავა მეტრეველი მალევე იქცა მოსკოვის „ტორპედოს“ ერთ-ერთ ლიდერად და ნაკრებშიც მალევე მოხვდა. მარჯვენა გარემარბის ადგილი კარგა ხნით აღმოჩნდა მის მიერ დაკავებული. ცოტა ხანში, მარცხენა ფრთაზე მასზე ერთი წლით უმცროსი მიხეილ მესხიც გამოჩნდა და ამ უსწრაფესი ფრთებით საბჭოთა ნაკრებმა მალევე მოიპოვა წარმატებები და დიდად განაპირობა ევროპის პირველ ჩემპიონატში გამარჯვება. იუგოსლავიელებთან ფინალური მატჩი ხომ სწორედ მათ მოიგეს. პირველი გოლი სლავამ გაიტანა, მეორე კი მიშა მესხის ჩინებული პასით ვიქტორ პონედელნიკმა.

სლავა და პელე

მეტრეველი მაშინვე აღიარეს ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს მოთამაშედ. ბევრი უთქვამთ მისი და მიშას შესანიშნავი თამაშის შესახებ. არგენტინის ნაკრებთან ბუენოს აირესში 1961 წლის მატჩის წინ, არგენტინულ პრესაში, როგორც ამბობენ, არგენტინელთა საუკეთესო მოთამაშეების პროგნოზები გამოქვეყნდა. მათმა უძლიერესმა თავდამსხმელმა სანფილიპომ 4:1 იწინასწარმეტყველა თავისი გუნდის სასარგებლოდ, მცველმა სიმეონემ კი შეუსწორა ჩვენ გოლის გამშვები არ ვართო. რაც მეტრეველმა და მესხმა არგენტინელ მცველებს დღე აყარეს, დღესაც ახსოვთ სტაჟიან არგენტინელ გულშემატკივრებს. სტადიონი, სადაც უნახავთ დი სტეფანოს, ანჯელილოს და სხვათა თამაშები, აღფრთვანებული უკრავდა ტაშს ქართველ გარემარბებს, მატჩის შემდეგ კი გულშემატკივრები გამოეკიდნენ სლავას და მიშას, მათი მაისურები ნაკუწებად აქციეს და შინ სუვენირებად წაიღეს.

არასდროს არ ჰყოლია თბილისის „დინამოს“ ისეთი სახელგანთქმული დებიუტანტი, როგორიც 1963 წლის სეზონში ჰყავდა. სლავა მეტრეველი თბილისის „დინამოში“ გადმოვიდა. მახსოვს ის აჟიოტაჟი, რომელიც ამ გადმოსვლის დროს იყო. უკვე იანვარში გულშემატკივრები მოსალოდნელი საფეხბურთო სპექტაკლით წინასწარ ტკბებოდნენ. ისეთი ჭორიც არსებობდა, რომ საფეხბურთო კალენდარში, რომელზეც თბილისის „დინამოს“ გუნდი იყო გამოსახული, ჯერ კიდევ თბილისში ჩამოუსვლელი მეტრეველის თავი თბილისელთა სათადარიგო მოთამაშის ტანს მიამაგრეს, რომ ფოტოსურათზე სლავა უკვე „დინამოს“ ფორმაში ყოფილიყო გამოსახული.

მახსოვს სეზონის პირველი მატჩი. სლავამ ბურთი მიიღო მარჯვენა ფრთაზე, ცენტრიდან ოდნავ გადაცილებულმა და ხალხით გადაჭედილი ტრიბუნები გაინაბა. პატარა პაუზა. სლავა უცბად მოწყდა ადგილს და დაიწყო თავისი დაუვიწყარი დრიბლინგი. ისეთი, როგორიც მარტო მას შეეძლო. სპრინტერული სისწრაფით მეტოქის კარისკენ მქროლავი მეტრეველი ბურთს ისე რბილად ეხებოდა, თითქოს ეფერებაო და გულშემატკივრებსაც ერთბაშად აღმოხდათ აღტაცების ყიჟინა.

1964 წელს „დინამოში“ გავრილ კაჩალინი მოვიდა. სწორედ ის, ვისი ხელმძღვანელობითაც მოიპოვა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა. კაჩალინმა სიურპრიზი შესთავაზა მეტოქეებს. ტიპიური გარემარბი მეტრეველი ცენტრში, მარცხნივ გადაიყვანა და მესხს შეუწყვილა, მისი ადგილი კი ილია დათუნაშვილმა ჩაიბარა. აქაც გამოჩნდა სლავას უდიდესი საფეხბურთო დიაპაზონი. მან ბრწყინვალედ ითამაშა ცენტრალური თავდამსხმელის ადგილზე. მოწინააღმდეგის მარცხენა ფრთა მუდამ მცველებით იყო დახვავებული. არ გინდა, ერთდროულად, ერთ ფრთაზე ორ ასეთ ვირტუოზს გაუმკლავდე? ვერც გაუმკლავდებოდნენ და თბილისის „დინამომ“ თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა.

სლავას „დინამოში“ გადმოსვლას საკავშირო ფედერაციიდანაც მოჰყვა პასუხი. იგი ევროპის 1964 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ არ წაიყვანეს. ახლა ბევრი აღნიშნავს, რომ რუსი მწვრთნელები არც ისე ცუდი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ ქართველი ფეხბურთელებისადმი, როგორი აზრიც იყო მათ მიმართ, მაგრამ აქ საქმე მწვრთნელებისა და ფეხბურთელების დამოკიდებულებას არ ეხება. ნაკრების საკითხი უფრო ზევით, უმაღლეს საფეხბურთო ეშელონებში წყდებოდა და არა ქართველთა სასარგებლოდ. აბა, რით უნდა აიხსნას, რომ როცა სლავა მეტრეველი „ტორპედოში“ გამოდიოდა, მის ნაკრებში უთამაშებლობაზე ლაპარაკიც არ იყო, „დინამოში“ გადმოსვლის შემდეგ კი 1964 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურმა ეტაპმა მის გარეშე ჩაიარა. რასაკვირველია, იქ მიშა მესხიც არ იყო და დანიის ძალიან სუსტ (მაშინ დანიას საერთოდ არავინ აგდებდა სათვალავში) გუნდთან გამარჯვების შემდეგ, საბჭოთა ნაკრები ფინალში ესპანელებთან დამარცხდა 1:2, სლავამ და მიშამ კი „დინამოს“ შემადგენლობაში დაამტკიცეს, რაც შეეძლოთ. „დინამომ“ პირველად გაიმარჯვა საკავშირო პირველობაზე.

შემდეგ წელს საბჭოთა გუნდები პირველად უნდა გასულიყვნენ ევროპის საკლუბო ტურნირებზე, მაგრამ რადგან ჩემპიონი თბილისის „დინამო“ გახდა, ევროპაში არ გაუშვეს და მხოლოდ თასების მფლობელთა თასზე კიევის „დინამოს“ მონაწილეობით დაკმაყოფილდნენ: ვითომ დებიუტანტები ვართ და ჯერ თასების თასი დავაჭაშნიკოთო.

რადგან ევროპის საკლუბო ტურნირების გზა ჩახშულიყო, საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად ისევ საბჭოთა კავშირის ნაკრები რჩებოდა და სლავამაც ბევრი დაუვიწყარი მატჩი ითამაშა მის შემადგენლობაში. თუნდაც მატჩი ბრაზილიელებთან რიო დე ჟანეიროში, როცა სლავას შესანიშნავი თამაშის წყალობით საბჭოთა ნაკრებმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება (2:2). 1966 წელს, ინგლისში, მეტრეველი კვლავ ნაკრების შემადგენლობაშია, მაგრამ სლავა არც პირველ, არც მეორე მატჩში ძირითადში არ დაუყენებიათ. როგორც ნაკრების მწვრთნელის ნიკოლაი მოროზოვის ინტერვიუებიდან ვიგებდით, სლავას ტრავმა აქვს და ამიტომ არ თამაშობსო. სინამდვილეში კი მეტრეველს საამისო არაფერი სჭირდა. საბოლოოდ ინგლისში მეტრეველმა მხოლოდ ორი მატჩი ითამაშა. არაფრისმთქმელი — ჩილეს ნაკრებთან და მესამე ადგილისთვის პორტუგალიასთან. და ფაქტობრივად ერთი მატჩით, პორტუგალიის წინააღმდეგ (სადაც სლავამ გოლიც გაიტანა) მაინც დაამტკიცა თავისი უმაღლესი ოსტატობა და მსოფლიოს უძლიერეს ფეხბურთელთა რიგებში თავისი ადგილი შეინარჩუნა. ამის დადასტურება კი ის იყო, რომ სლავამ 1966 წლის მსოფლიოს ნაკრებში ითამაშა ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ, მსოფლიო ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავების წინააღმდეგ, ისეთი ვარსკვლავების გვერდით, როგორებიც ფრანც ბეკენბაუერი, ფლორიან ალბერტი, დრაგან ჯაიჩი, ვილი შულცი და სხვები იყვნენ.

სლავა მეტრეველმა კარიერის ბოლომდე შეინარჩუნა საუკეთესო ფორმა. 1970, მექსიკის ჩემპიონატის წელს, 34 წლის მეტრეველმა ბრწყინვალედ დაიწყო სეზონი და კვვლავ მოხვდა იმ ფეხბურთელებში, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ, მაგრამ ნაკრების უფროს მწვრთნელს, კაჩალინს კვლავ არ დართეს ნება თავისი სურვილით დაეყენებინა შემადგენლობა. გვირჩევნია გუნდი გამოვარდეს პირველობიდან, ვიდრე ამდენი ქართველით მიაღწიოს პირველობასო. იმ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ხომ ერთდროულად 6 ქართველ ფეხბურთელს უნდა ეასპარეზა. სლავას გარდა გუნდში კავაზაშვილი, ძოძუაშვილი, ხურცილავა, ასათიანი და ნოდია იყვნენ. შედეგად, ნაკრები მეოთხედფინალშივე გამოვარდა გათამაშებიდან, მეტრეველს კი არც ერთხელ არ მისცეს თავის გამოჩენის საშუალება თავის მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე.

სლავა მეტრეველმა 48 მატჩი ჩაატარა ნაკრების შემადგენლობაში (გაიტანა 11 გოლი), გაცილებით მეტი კი უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ რას იზამ. რაც დააკლეს, თავის თავს დააკლეს. ჩვენ კი, თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრები დიდხანს ვტკბებოდით სლავას უზადო ოსტატობით.

მახსოვს, იმდროინდელი თბილისის „დინამოს“ გამოსვლებისას რა ლაპარაკი იყო მატჩის დასაწყისში ტრიბუნაზე. ნეტავ, მალე გაგვიტანოს მეტოქემ გოლი, რომ ჩვენებმა მთელი ძალით თამაში დაიწყონო და ასეც იყო. დაწინაურებულ მოწინააღმდეგეს ისეთი რისხვა ატყდებოდა თავს, რომ იქიდან გამოძვრომა რთულად თუ იყო შესაძლებელი. მესხი და მეტრეველი, ბარქაია და დათუნაშვილი, იამანიძით და გიორგი სიჭინავათი ზურგგამაგრებულნი საშინელ დღეს აყრიდნენ მეტოქის დაცვას და ამ შეტევათა სულისჩამდგმელი რა თქმა უნდა სლავაც იყო.

სლავა მეტრეველს ყველაფერი ის ახასიათებდა, რაც აქვს დიდ ოსტატს: ფანტასტიური სისწრაფე, ვირტუოზული ტექნიკა, მოედნის შესანიშნავი ხედვა. უმაღლეს ტექნიკურ ილეთებს საოცარი სიმსუბუქით ასრულებდა. ფართო იყო მისი სათამაშო დიაპაზონიც. მიხეილ მესხისგან განსხვავებით, რომლის სამოქმედო არე „მისი“ მარცხენა ფრთა იყო, სლავას უკან ჩამოსულსაც ნახავდით, საჯარიმოში ცენტრიდან შეჭრილსაც და მეორე ფრთაზე გადასულსაც.  სლავას პასი ყოველთვის გამოზომილი იყო, დარტყმა კი… მე არასოდეს მინახავს მას ალალბედზე დაერტყას კარში. იგი ყოველთვის ინარჩუნებდა „ცივ“ გონებას  და ამიტომაც მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის სწორი იყო. კარში დარტყმა კი ყველანაირი პოზიციიდან შეეძლო: მაკრატელათი, შემობრუნებით, საჯარიმო ხაზის გარედან თუ მახვილი კუთხით. ამასთან ყველაფერს გასაოცარი სილამაზით ასრულებდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია მის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანებიც, როდესაც ბურთი კარში შესვლამდე ძელს გაუცაცუნებდა ხოლმე.

დღეს 19 ნოემბერია, 34 წლის წინ, გუშინდელ დღეს, ტაშკენტში ქართულმა ფეხბურთმა პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა. თბილისის „დინამოს“ მაშინდელი შემადგენლობა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა და ფეხბურთის ქართველ ოსტატებს, რომლებიც არც მანამდე აკლდა ჩვენს ფეხბურთს, გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჩაუნერგა. სწორედ მაშინ დაედო საფუძველი „დინამოს“ სვლას ევროპული ფეხბურთის მწვერვალებისკენ, რაც თასების თასის მოპოვებით დაგვირგვინდა.

ახლა ქართულ ფეხბურთს ისევე როგორც ყველაფერს უჭირს. მაგრამ როგორც ყველაფერს, ალბათ, გაჭირვებასაც ოდესმე ექნება თავისი დასასრული და ჩვენი ფეხბურთიც გაიკვალავს გზას საერთაშორისო წარმატებისაკენ. მაგრამ, ალბათ, მაინც მოსანატრებელი იქნება შესანიშნავი ოსტატებისგან შემდგარი გუნდი, რომლის ფრთებსაც ორი უდიდესი, მსოფლიო კლასის მოთამაშე ამშვენებდა. მარცხნივ — მიხეილ მესხი და მარჯვნივ — სლავა მეტრეველი.

1998 წლის 19 ნოემბერი