კოლუმბიელ ვარსკვლავს, ხამეს როდრიგესს, მიუნხენის “ბაიერნთან” უფრო ზუსტად კი მიუნხენთან და “ბაიერნთან” შეგუება უჭირს. ის ვერც გერმანულს სწავლობს და არც თანაგუნდელებთან აქვს კარგი ურთიერთობა — ბაზაზე მიდის, ვარჯიშობს და იქაურობას დაუყოვნებლივ ტოვებს. ხამესი “რეკორდმაისტერში” არავის დამეგობრებია. ამასწინათ, გასაჯაროვდა მისი მიმოწერა ყოფილ თანაგუნდელ მარსელოსთან, რამაც მიუნხენელები გააღიზიანა.

“ყოველდღე რაიმე ახალს ვსწავლობ, მაგრამ გერმანული ძნელი ენაა. მეორე მხრივ, მთავარია ფეხბურთში ივარგო, ხოლო თანაგუნდელები ჩინურად ლაპარაკობენ თუ ფრანგულად, მნიშვნელობა არ აქვს. შენ კარგად ითამაშე და ყველაფერი კარგად იქნება”, — დაპოსტა ამასწინათ კოლუმბიელმა.

ერთი ფაქტია, ხამეს როდრიგესს ვერავინ დააბრალებს, რომ მოედანზე სულსა და გულს არ ტოვებს. ვინ იცის, იქნებ ბოლოს და ბოლოს “ბაიერნსაც” შეეგუოს, თუ არა და სხვა კლუბის ძებნას დაიწყებს, თუმცა უპირველეს ყოვლისა “რეალში” დაბრუნებას შეეცდება.