ძალა ერთობაშია. სანამ ლიგის რაგბის მსოფლიო თასზე დიდი ბრიტანეთი ერთიანი ნაკრებით გამოდიოდა, იგი გახლდათ ცამეტკაცას ჰეგემონ ავსტრალიის მთავარი თავსატკივარი, სამგზის ჩემპიონობით (1954, 1960, 1972) და ოთხგზის ფინალში გასვლით (1957, 1970, 1977, 1989–92). 1995 წლიდან რაგბი-ფეხბურთის ლიგის (RFL) მესვეურებმა დაასკვნეს, ინგლისი, შოტლანდია და უელსი ამას იქით მსოფლიო თასებზე ცალკე გუნდებად შევუშვათო და ნაწილებმა მთელი უკვე ვეღარ შეკრეს: შოტლანდიაში ცამეტკაცა ვითომ არც არსებულა (ერთი გასვლა მეოთხედფინალში 2013 წელს), უელსი ორჯერ იყო ნახევარფინალში (1995, 2000) და სულ ეს არის, მხოლოდ ინგლისი ამტვრევს საჩემპიონო კარებს, მაგრამ ყოფილ კოლონიას უკანასკნელი 22 წლის მანძილზე ვერაფერს უხერხებს.
ახლაც, 2017 წლის მსოფლიო თასზე ალბიონელებმა ჯგუფური მატჩი პირწმინდად დაუთმეს “კენგურუებს”, შემდეგ ღმერთის ხელმა ისინი ტონგასთან იხსნა და ფინალში კი თავად სცადეს ხელი გამოეღოთ, მაგრამ ამაოდ. მძიმე, ოფლით და ჯაჯგურით სავსე თამაშში ერთადერთი ლელო გავიდა: ნესვა-ბურთის აზრიანი გათამაშების შემდეგ ბოიდ კორდნერმა მოძებნა ღრიჭო ინგლისელთა დაცვაში, ხოლო კემერონ სმითმა გარდასახა. ინგლისი ბოლო წუთებამდე უტევდა და თავს იცავდა. წამზომზე 80:00 რომ დაფიქსირდა, ბურთი გამოცდილ ჯერმენ მაკგილარს მიუვიდა და ინგლისელთა ბოლო იმედის შეტევას თითქოს ნათელი ბოლო უჩანდა, მაგრამ მაკგილარმა ხელმარცხნივ თავისუფალ სივრცეში ბურთის გადამისამართებას ჩათვლის მოედანზე მისი შეგორება ამჯობინა და იქ კი მეტოქეს ვერ გაუსწრო. 6:0 და ბრისბენში, 40 ათასი ქომაგის თვალწინ მოპოვებული მორიგი ტიტული – ცამეტკაცა და ავსტრალია სინონიმებად დარჩნენ.