საქართველოს თასი „ჩიხურამ“ მოიგო! დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი საჩხერის „ჩიხურასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირება როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულად წარიმართა. შეხვედრა სახიფათო მომენტებით დახუნძლული არ ყოფილა, თუმცა საგოლედ რამდენიმე კარგი მომენტი ორივე კართან კი შეიქმნა. დასაწყისშივე საჩხერელთა მთავარმეგოლე დიმიტრი ტატანაშვილმა, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში 7 გოლის გატანა მოახერხა, მარცხენა ფეხით კარისკერ ძლიერად დაარტყა, მაგრამ როინ კვასხვაძემ რთული ბურთის მოგერიება მოახერხა. მე-20 წუთზე კი საქართველოს ჩემპიონებს დაწინაურების მშვენიერი შანსი მიეცათ – საჩხერელთა მეკარე დინო ჰამზიჩმა ტორპედოელი კორობკა აკრძალული ილეთით საჯარიმო მოედანზე შეაჩერა და არბიტრმა ჯენერი ხორავამ უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რომელიც გიორგი კუხისნიძემ ხარიხას გაარტყა. მატჩის ძირითადმა და დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოსვლინა. საფეხბურთო ლატარიაში კი უკეთესად ზემო იმერლები გაისარჯენ და ისტორიაში პირველად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფლნენ. შეგახსენებთ,რომ საჩხერელებმა მესამე ცდით მოახერხეს საწადელის მიღწევა. მატჩის საუკეთესო მოთამაშეთ დინო ჰამზიჩი აღიარეს,რომელმაც პენალტების სერიაში ორი პენალტი მოიგერია. გადამწყვეტი პენალტი მან იმავე გიორგი კუხიანიძეს არ გაატანინა და „ჩიხურა“ თასი გაუნაღდა, რაც ბოსნიელმა ძლიერ ემოციურად აღნიშნა კიდეც.
მაშ ასე, საჩხერის „ჩიხურა“ ევროპის ლიგაზე იასპარეზებს, ხოლო ქუთაისის „ტორპედოს“ ჩემპიონთა ლიგა ელის…