26.11.17 – ქუთაისის „ტორპედოს“ ერთ-ერთმა ფანმა ეს ციფრები და თან, როინ კვასხვაძის ისტორიული ნახტომიც მოიხატა მკერდზე. ეს ერთმა ქომაგმა გააკეთა, მაგრამ ნათლად გამოხატა მთელი ქუთაისის მაჯისცემა – რაც ამ მატჩს წინ უძღოდა, რაც იმ ორი საათის განმავლობაში იყო და რაც მას შემდეგ ხდება…
სასიხარულოა, რადგან თურმე ჯერ კიდევ არ ჩამკვდარა საქართველოს ჩემპიონატი. დონე დაეცა და ჩვენ კლუბებს ყველა იბრიყვებს, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ხერხდება, რომ ასეთი თამაშები გამოერიოს, როგორიც 26 ნოემბერს ვნახეთ.
საქართველოს ნაკრების სლოვაკი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც სტიმულს იძლევა, ზოგჯერ იძახებს ფეხბურთელებს ეროვნული ლიგიდან და „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ წარჩინებითაც ჩააბარა კიდეც ტესტი. გოლი გაიტანა ბელარუსთან.
კიდევ გამოიძებნება ათი-თხუთმეტი ფეხბურთელი ამ ლიგიდან, რომლებზეც ნაკრებში დაყრდნობა (თუნდაც გაჭირვების ჟამს) შესაძლებელია. როგორი ბიჭია გიორგი ხარაიშვილი? ან გიორგი ქიმაძე? ბაქარ ქარდავა? ოთარ კიტეიშვილი? პრეცენდენტები, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან შეიძლება გამოიძახო ვინმე და გაგიმართლოს, ხდება.
საერთო სურათი კი ვერაა დამაიმედებელი. მთლიანად ჩემპიონატისა რა მოგახსენოთ, „სიარულ-ლიგა“ მოუხდებოდა სახელად. აკი მოსწრებული შეძახილიც გავიგონეთ ამასწინათ სტადიონზე – ე ბიჭო, არ გაიქცე, გული გაგისკდებაო.
მე თუ მკითხავთ, ჩემპიონატის მთავარი გმირი როინ კვასხვაძესთან ერთად იყო კახა კაჭარავა. კაცმა ჯერ ერთი გუნდი ააწყო და უკონკურენციოდ მიჰყავდა ჩემპიონობისკენ. ეს გუნდი დაუშალეს, საუკეთესოები წავიდნენ და მერე 17 წლის გიორგი ჩაკვეტაძე გახდა უპირობო ლიდერი.
ჩაკვეტაძეც გაიყიდა და „დინამო“ მაინც პირველ ადგილს ინარჩუნებდა. კაჭარავას მესამედ მოუწია გუნდის აწყობა და მაინც არ შერცხვენილა, მაინც ბოლომდე, ბოლო წამამდე ჰქონდა ჩემპიონობის შანსი და რაღა დააკლდა?
ზაფხულს აქეთ თუ გადმოვიხედავთ, „საბურთალომ“ მოუმატა და მეოთხე ადგილზე ისე გავიდა, ახლოს არავინ მიიკარა. მეორე თბილისურმა კლუბმა „ლოკომოტივმა“ კი ქარს გაატანა ყველა ავანსი, რაც შუა ჩემპიონატამდე მასზე გაიცემოდა. გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი ხსენებული სიხარულიძე იყო. ბიჭმა 25 გოლი გაიტანა და დასაფასებელია.
„ჩიხურამ“ აღმა-დაღმა იარა და ბოლოს მეხუთეზე გავიდა. სოსო ფრუიძის გუნდი თასს თუ მოიგებს, ჩასაკოკლოზინებელი სეზონი გამოუვა.
დანარჩენ ოთხ გუნდს ზემოთ არც აუხედავს. გორის „დილა“ შედარებით სხვებზე უკეთესი იყო და პლეი-ოფებში წვალების გარეშე დარჩა უმაღლესში, ქობულეთის „შუქურა“ ბოლოზე იყო და ბოლოზე დარჩა, ხოლო ბათუმის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთს“ დასარჩენი თამაშები მოუწევთ.
ბათუმელებისაა გასაკვირი, ასეთი ცუდი სეზონი არ უნდა ჰქონოდათ. ბათუმის „დინამოსგან“ რაც სასიამოვნოდ გასახსენებელი დარჩება, რაგბის სტადიონის გავსებული ტრიბუნები და ფეხზე მდგომი ხალხი.
რა მოგვიტანა ამ ჩემპიონატმაო, იკითხავთ. ეს მომავალში უფრო გამოჩნდება. ვფიქრობ, ეს ჩემპიონატი უპირველესად 26 ნოემბრის ბოლო წამის ამბით გაახსენდებათ.
აკი, მარკა-მ და ბიბისი-მაც გააშუქეს, ნახეთ რა ამბავი დატრიალდა საქართველოს ჩემპიონატის ბოლო მატჩშიო.