ირაკლი მოდებაძე
დაიბადა 1984 წლის 4 ოქტომბერს თბილისში
სიმაღლე: 184 სმ
ამპლუა: თავდამსხმელი
საკლუბო კარიერა
2000-2001 ვალენსია თბილისი 4 (1 გოლი)
2001-2002 მერანი თბილისი 0 (0)
2002-2007 მეტალურგი ზაპორიჟიე 81 (16)
2009 ჩერნომორეცი ოდესა 1 (0)
2009-2010 მეტალურგი ზაპოროჟიე 11 (1)
2010-2012 ოლიმპი რუსთავი 49 (22)
2012-2014 დილა გორი 34 (15)
2014 დინამო თბილისი 7 (0)
2014- დილა გორი 57 (28)
სანაკრებო კარიერა
2000 საქართველო 17 წლ. 1 (0)
2001-2003 საქართველო 19 წლ. 8 (4)
2004-2005 საქართველო 21 წლ. 6 (2)
2006-2013 ეროვნული გუნდი 3 (0)
ირაკლი მოდებაძე იმ პირველ ქართველ ლეგიონერებს შორის გახლავთ, ვინც სრულიად ჭაბუკი წავიდა სათამაშოდ. 17 წლის იყო ზაპაროჟიეს „მეტალურგში“ გადავიდა და დაახლოებით თითქმის ათი წელიწადი ერთგულად ემსახურა ამ უკრაინულ კლუბს… ბევრი ლამაზი საფეხბურთო ეპიზოდი უჩუქებია მას ქომაგისთვის, ბევრი მცველი გაუბითურებია, ბევრი ჯილდო და გოლია მის ანგარიშზე და ბევრიც ტრავმა, რის გამოც რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო კარიერის დამთავრებაზე გამოაცხადა…
– ასე მწამს: თუ ფეხბურთს თამაშობ, 100 პროცენტით მზად უნდა იყო. მე კი ტრავმებმა დამტანჯა, თავს ვატყობდი, რომ შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა მიჭირდა, – გვითხრა ირაკლი მოდებაძემ, – ზერელედ თამაში არ შემიძლია, არც კლუბთან ვიქნები მართალი, არც ქომაგთან და არც საკუთარ თავთან… არ იყო იოლი ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
– მუხლი იყო მთავარი პრობლემა?
– დიახ. ორჯერ გერმანიაში გავიკეთე მუხლზე ოპერაცია, ორჯერ უკრაინაში, ერთხელაც საქართველოში. ერთი მუხლის ტრავმისას, დატვირთვა მეორეზე მოდიოდა და შემდეგ უკვე იმ ფეხზე ვაგრძელებდი მკურნალობას. ბოლო დროს თითქოს არაფერი მაწუხებდა, მაგრამ გარკვეულ დისკომფორტს მაინც ვგრძნობდი.
– ექიმები რას ამბობდნენ, რისი შედეგია ასეთი ტრავმიანობაო?
– ერთი, რაც ნამდვილად ვიცი ისაა, რომ ჩემი ტრავმიანობა ახალგაზრდულ ასაკში მიღებული მაღალი დატვირთვების შედგია. მახსოვს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დანიას ეთამაშებოდა, ერთ-ერთი შეტევისას ჩაწოდებულ ბურთზე სათამაშოდ ავხტი, დახტომისას კი მუხლის საშინელი ტკივილი ვიგრძენი. გული მწყდება, რომ სწორედ ასეთი შემთხვევების გამო უფრო მაღალ დონეზე ვერ ვითამაშე. უკან რომ ვიყურები, გამოდის, რომ ჯამში აღებული დაახლოებით სამი წელიწადი მტკივან მუხლს ვმკურნალობდი. მაგალითად, ერთ-ერთი მორიგი ტრავმის მკურნალობას 4 თვე მოვანდომე, თითქოს გამოვჯანმრთელდი და მალევე ისევ დავშავდი.
– ახალგაზრდულ ასაკში მიღებული მაღალი დატვირთვებიო, რა იგულისხმე?
– უკრაინულ დატვირთვებზე საფეხბურთო სამყაროში ლეგენდები დადის. ამ მხრივ გამონაკლისი არც ზაპაროჟიეს „მეტალურგი“ იყო. იქ ახლაც დიდი დატვირთვების ფონზე თამაშობენ და განსაკუთრებით რთული ვითარება იყო მაშინ, როცა კარიერას ვიწყებდი. 17 წლის ბიჭს ძალიან დიდ დატვირთვებს მაძლევდნენ.
– 17 წლის ბიჭი უკრაინაში როგორ მოხვდი?
– თუ გახსოვთ, ბავშვთა საფეხბურთო კლუბი იყო – „გოლეადორი“, რომელიც ბონდო კაკუბავამ ჩამოაყალიბა. ჩემი კარიერაც სწორედ ამ კლუბიდან დაიწყო. თურქულ შეკრებაზე ხარკოვის „მეტალისტს“ ვეთამაშებოდით, მატჩს კი ზაპაროჟიეს „მეტალურგის“ მწვრთნელები ესწრებოდნენ. ჰოდა, იმ თამაშის შემდეგ მე და ჩვენი კლუბის კიდევ ერთი ფეხბურთელი გასინჯვაზე ზაპაროჟიეში მიგვიწვიეს. წავედი და წავედი, თითქმის ათი წელიწადი იქ გავატარე.
– ჩამოხვედი და რუსთავის „ოლიმპში“ ჩაირიცხე…
– სხვათა შორის, ძალიან ტკბილად მაგონდება რუსთავში გატარებული დრო, აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და „რუსთავს“ უძლიერესთა ლიგაში დაბრუნებას მივულოცავ. რუსთავში ყოველთვის გამორჩეულად უყვარდათ ფეხბურთი.
– 17-წლიან კარიერაში ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა?
– ცხადია, ის ტიტულები, რომლებიც ჩემმა კლუბებმა მოიპოვეს, თუნდაც რუსთავში თამაშის პერიოდი. ასევე ინდივიდუალური პრიზები – საუკეთესო ფეხბურთელის, ბომბარდირის… გოლები, რომლებმაც გუნდს გამარჯვება მოუტანა.
– გოლები, იცოცხლე, მართლაც ბევრი და ლამაზი გაქვს გატანილი. რომელს გამოარჩევ?
– უეფას თასზე ზაპაროჟიეს „მეტალურგი“ ინგლისურ „ლიდს“ მასპინძლობდა. მაშინ „ლიდსი“ მაგარი გუნდი იყო, ვარსკვლავები თამაშობდნენ. მე კი მოხდენილი თავური გავიტანე და „მეტალურგი“ დავაწინაურე. შემდეგაც კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ ბოლოს მატჩი 1:1 მორჩა. ლამაზი გოლი კი ხომ იცით, ძნელად დასავიწყებელია.
– ისე, გოლის ალღოთი მოედანზე ბევრისგან გამოირჩეოდი…
– ჩემს თავზე ლაპარაკი მიჭირს, სჯობს ეს სხვამ გააკეთოს. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ყოველთვის მონდომებული ვიყავი და ვცდილობდი, ჩემი საქმე კარგად მეკეთებინა. იგივეს ვიტყვი მოზარდთა გასაგონადაც. საათნახევიანი ვარჯიშით ნუ დაკმაყოფილდებიან. ვურჩევ, რომ ნაკლები დრო დაუთმონ კომპიუტერულ თამაშებს და უფრო ბევრი ითამაშონ მოედანზე, ეზოში, ყველგან, სადაც ბურთის გაგორება შეიძლება.
– თავად რა დააკელი საკუთარ თავს?
– ჯანმრთელობის პრობლემა რომ არ შემქმნოდა, ვფიქრობ, გაცილებით მაღალ დონეზე ვითამაშებდი.
– ქვეყნის ყველა ასაკობრივ და ეროვნულ გუნდში გითამაშია. ხარ ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი… როგორ ფიქრობ, რა არის ქართული ფეხბურთის წარუმატებლობის მიზეზი?
– ძნელია მოკლედ ამ კითხვაზე პასუხი. კომპლექსური თემაა და კონკრეტულად ერთი რომელიმე საკითხის მოგვარებით პრობლემას არ ეშველება. მაგალითად, კარგია, რომ მომავალი სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატის მატჩები ხელოვნურსაფარიან მოედნებზე აღარ ჩატარდება. კარგია ისიც, რომ მატჩები ხელოვნური განათების ქვეშ ტარდება. ეროვნულ ჩემპიონატში კი უფრო მეტ კონკურენციას ვისურვებდი. კარგი იქნება ასევე, თუ ახალგაზრდა ფეხბურთელები დაბალი დონის უცხოურ კლუბებში არ წავლენ, ასეთი გუნდებიდან კი ლეგიონერები უკან დაბრუნდებიან…
– კარიერა დაამთავრე. ახლა რა უნდა აკეთო?
– როცა ერთ საქმეს ამთავრებ, ბუნებრივია, მეორეს დაწყებაზე ფიქრობ… თუმცა, ვიდრე ახალი საქმის კეთებას შევუდგებოდე, მსურს მადლობა ვუთხრა ყველა იმ კლუბის ხელმძღვანელს, ფეხბურთელს თუ ქომაგს, ვინც კარიერის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა და ტრავმიანობისა თუ სხვა პრობლემები დროს მამხნევებდა, ძალას მმატებდა, პატივს მცემდა… მადლობა „სარბიელს“, რომელსაც ჩემზე თბილი სიტყვები არ დაუშურებია… ჩემი ახალგაზრდობის გაზეთს, მუდამ სიამოვნებით ვკითხულობდი და ძალიან გამიხარდა ინტერნეტ სივრცეში რომ დაბრუნდა…ერთ მადლობასაც კი ისევ გორელებს ვეტყვი, რომლებმაც კლუბში დარჩენა და სამსახური შემომთავაზეს, სიტყვიერად შეთანხმებულები ვართ, ოღონდ რა პოზიციაზე ვიმუშავებ, ჯერ არ ვიცი.
– სამწვრთნელო საქმეს უმიზნებ თუ მენეჯმენტს?
– უფრო მენეჯმენტს.
– აღარ ხატავ?
– ეგ უფრო ბავშვობაში. ვერთობოდი, თორემ სერიოზულად გატაცებული არ ვყოფილვარ.
– მაგრამ ნიჭი თუ არ გაქვს, ვერ დახატავ…
– გენების ამბავი ხომ იცით, ბიძა მყავს მხატვარი…
– და ახლა რით ხარ გატაცებული, მით უმეტს, ფეხბურთს აღარ თამაშობ.
– ჩემი გატაცება, საქმეც და ზოგადად, ცხოვრება ფეხბურთია და ჩემს გარშემო ყველაფერი მას უკავშირდება…
– აბა, წარმატებები ახალ საფეხბურთო გზაზე.
– გმადლობთ, ასევე, წარმატებებს გისურვებთ.

