როცა ვიტიყვი ა, მაშინ გამოვალ

Home აქეთურ-იქითური როცა ვიტიყვი ა, მაშინ გამოვალ
როცა ვიტიყვი ა, მაშინ გამოვალ

ნეიმარს სურს, თვითონ გადაწყვიტოს, რომელ მატჩში ითამაშებს და რომელში – არა. საიდან მოიტანა და ვინ მოუყვა, უცნობია, მაგრამ  „Yahoo Sports“-ის  ჟურნალისტმა დანკან კასტლესმა „პარი სენ ჟერმენიდან“ სწორედ  ასეთი ამბავი გამოიტანა.

თუ  ეს მართლია, მაშინ ძალიან იოლია ნეიმარის მომავლის წინასწარმეტყველება მისი მადის ზრდადობის გათვალისწინებით.

1) „ბარსელონადან“ წავიდა –  მესის ჩრდილში ყოფნა აღარ ისურვა.

2) უძვირესია ფეხბურთის ისტორიაში – 222 მილიონი ევრო.

3) 36 მილიონ ევროს იღებს ხელზე.

4) ედინსონ კავანის პენლტის დარტყმის უფლება წაართვა.

5) თვითონ აირჩევს რომელ მატჩში უნდა ითამაშოს.

რა მოხდება ამის შემდეგ ?

6) უნაი ემერის გაუშვებენ და ნეიმარი გახდება მოთამაშე-მწვრთნელი, ოღონდ თვითონ აირჩევს, რომელი მატჩის წინ გაწვრთნას გუნდი და რომელის – არა.

7) ედინსონ კავანის აუკრძალავს საჯარიმოში შესვლას.

8) დაუნიშნავენ მწვრთნელობის ხელფასს – 36 მილიონ ევროს თვეში.

9) ორ წელწადში ექნება უფრო მეტი ფული, ვიდრე კლუბის  პრეზიდენტ ნასერ ალ ხელაიფის.

10)  2019  წელს იყიდის პსჟ-ს. ამავე წელს ედინსონ კავანის სისხლში დოპინგი აღმოაჩნდება და ფეხბურთიდან მოკვეთენ.

11) 2020 წლის გაზაფხულზე ნეიმარი პარიზის მერის არჩევნებს მოიგებს, შემოდგომაზე კი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის – ამჟამინდელ პრეზიდენტს დაამარცხებს,  დანი ალვეში კი გახდება მისი პირველი მრჩეველი პსჟ-ში პენალტების შესრულების საკითხებში.