რობინიოს იტალიაში ვირის აბანო ელის

„მილანის“ ყოფილ ფეხბურთელ რობინიოს მილანის სასამართლომ  გაუპატიურებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გასულ ხუთშაბათს გამართულ პროცესზე პროკურორმა 10 წლიანი პატიმრობა მოითხოვა ბრაზილიელისთვის, მოსამართლემ კი 9 გადაწყვიტა.

„ატლეტიკო მინეიროს“ ფეხბურთელმა განაჩენის შესახებ იმ დრო შეიტყო, როცა  ვარჯიშზე მიდიოდა. რობინიო უარყოფს  ბრალდებას და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მისი ადვოკატები საამისოდ ქაღალდებს უკვე აგროვებენ. კლუბი თავს იკავებს კომენტარებისგან, თანაგუნდელები კი იცავნენ, მაგ საქმეს არ იზამდაო.

ამბავი, რომლის გამოც  საქმე აღიძრა, 2013 წლის 22 იანვარს მილანის „სიო კაფეში“ მოხდა. დაზარალებული ალბანელი გოგოა, რომლის ნაამბობიდანაც ირკვევა, რომ იმ საღამოს კაფეში ორ მეგობარ გოგოსთან ერთად ყოფილა. დაქალები წასულან, მასთან კი რობინიო და კიდევ ხუთი ბიჭი დარჩენილა. გოგო უგონოდ დაუთვრიათ და უძალადიათ.

ძალადობის გამო რობინიოს   მომჩივანი  2009 წელს ინგლისშიც ჰყავდა, როცა  „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა. ლიდსში, დისკოთეკაზე გაცნობილმა გოგომ უჩივლა და შეშინებული ფეხბურთელი კლუბის დაუკითხავად გაიძურწა ბრაზილიაში,  აქ ვერ დამიჭერენო. ინგლისში დაბრუნებულმა სათავდებო ფული გადაიხდა და სამ თვეში ის საქმეც არქივში მოისროლეს.

რა ელის რობინიოს? მილანში მიღებული განაჩენი ბრაზილიაში არაფერს ნიშნავს და რობინიო იტალიის ციხეში ვერ მოხვდება. ბრაზილიური კანონით, ასეთ შემთხვევაში, თავის მოქალაქეს არ გადასცემენ იმ ქვეყანას, რომლის სასამართლომაც პატიმრობა მიუსაჯა. ისეთი კანონიც არ მოქმედებს, რომ  რობინიოს ბრაზილიაში მოახდევინონ სასჯელი.

იტალიურ სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს რობინიოს დაპატიმრება მესამე ქვეყანაში მისი ყოფნის დროს. მაგალითად, არგენტინაში ლიბერტადორესის თასზე თუ ჩავა სათამაშოდ, მაგრამ ამასაც დღეები და ქაღალდომანია დასჭირდება.

ჯერჯერობით საქმე ასეა და რობინიოს ვექილებს ერთხელ კი არა, რამდენჯერმე აქვთ გასაჩივრების უფლება და რასაკვირველია, ყველა ფინტს გამოიყენებენ  კლიენტის გასამართლებლად.

წილი
წინა სტატიაბიჭი ნაგავსაყრელიდან — ნეიმარის ისტორია
შემდეგი სტატიავინ ფიქრობს კანკავაზე?
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.