ინგლისური “სანის” წერილი ნეიმარის შესახებ ასეთი სიტყვებით იწყება: “ჩვენ ნულიდან არ დაგვიწყია, ჩვენ… მინუს ხუთიდან დავიწყეთ”.

უფროსი ნეიმარი ვაჟს ისეთ სიღარიბეში ზრდიდა, რომ იმ ცხოვრების რამენაირად დაკავშირება უმცროსი ნეიმარის დღევანდელ პარიზულ ყოფასთან საოცარ ფანტაზიას მოითხოვს. ნუთუ ეს ერთი და იგივე ხალხია? არადა, ფაქტია, რომ ასეა: ბრაზილიელი “პარი სენ ჟერმენმა” “ბარსელონასგან” 220 მილიონ ევროდ იყიდა და კვირაში დაახლოებით 575 ათას ევროს უხდის. ნეიმარის “პარკ დე პრენსზე” გადასვლამ, პარიზის ეს სტადიონი, ჟარგონისთვის ბოდიში და, ცნობილი ხალხის “ტუსოვკის” ადგილად აქცია. რა მნიშვნელობა აქვს ფეხბურთში ერკვევი თუ არა, მთავარია პსჟ-ს თამაშს დაესწრო, დაფიქსირდე, რომ იქ იყავი, პაპარაცებმა გადაგიღონ. თუ არა და სელფი, ინსტაგრამი და მისი ჯანი. მათთვის, ვისაც არ სჯერა: რიანა, რეპერები დრეიკი და თაიგა, ნაომი კემპბელი, დები კარდაშიანები ამალით, ბექემების ოჯახი, ჯასტინ ბიბერი, … ყველა იყო “პარკ დე პრენსზე”, ყველამ გადაიღო სურათი.

ნაომი კემპბელი და ლინი კრევიცი

მეორე მხრივ, რა არის გასაკვირი? განა გზა სიღატაკიდან სიმდიდრემდე თუ ფაველადან პარიზამდე სწორედ პროფესიულ ფეხბურთზე არ გადის? რასაკვირველია, გადის. მაგრამ ჩნდება ასეთი კითხვაც: ამდენი ღამის თევის, ვარსკვლავ ქალებთან ღლაბუცისა და წვეულებების შემდეგ, როგორღა ახერხებს ნეიმარი ვარჯიშს, რეჟიმის დაცვას, თამაშს? ეჰ, რამდენი შემთხვევა იცის იმავე პროფესიული ფეხბურთის ისტორიამ, თუ როგორ გამოილია საბანკო ანგარიში, როგორ დაშრა შამპანურის მდინარე…

რიანა “პარკ დე პრენსზე”

 

მაგრამ, იმასაც ამბობენ, რომ პირადად ნეიმარს ასეთი რამ არ ემუქრება, რადგან სან პაულუს გარეუბან მოჯი დას კრუზესში მეტისმეტად მწარე ბავშვობა ჰქონდა, რომლის დავიწყებას ვერასდროს შეძლებს. უფროსი ნეიმარი და მისი მეუღლე ნადინე იმდენად ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, რომ ნადინეს მომავალ ფეხბურთელზე ფეხმძიმობის პერიოდში ექოსკოპიაზეც კი ვერ მივიდნენ.

მერე, ნეიმარი ოთხი თვის იყო, როდესაც მამამისს ავარია მოუვიდა. დარტყმის ძალამ პატარა ავტომობილიდან მოისროლა, მამამ კი თეძო მოიტეხა და ამით მის ფეხბურთელობას წერტილი დაესვა. ოჯახი თავიანთ პაწაწინა სახლში ხშირად ელექტროენერგიის გარეშე, სანთლის შუქზე ატარებდა საღამოებს.

პატარა ნეიმარი ბურთით ერთობა. მიაქციეთ ყურადღება პირდაპირ იატაკზე დადებულ მატრასს

უბანი, სადაც ნეიმარი და მისი მშობლები ცხოვრობდნენ არათუ ღარიბებისთვის, არამედ ნაყარ-ნუყარა ხალხისთვის იყო განკუთვნილი — იქ რომ დასახლდნენ ყურის ძირში ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა ქალაქის ნაგავსაყრელი. მდგომარეობა საშინლად გაუარესდა, როდესაც მამა ნეიმარმა ფეხბურთელის ისედაც უსახური კარიერა დაასრულა და ოჯახს (ამასობაში პატარა ნეიმარის უმცროსი და, რაფაელაც გაჩნდა) შემოსავალი საერთოდ მოესპო. ამრიგად, სანამ პსჟ-ს ვარსკვლავი ქუჩებში და მინი ფეხბურთის მოედნებზე ფინტებს ხვეწდა, ოჯახის უფროსი სამ სამსახურში ღვრიდა ოფლს: ერთგან მუშა იყო, მეორეგან მექანიკოსი და მესამეგან გამყიდველი.

“და ეს განა ძალიან დიდი ხნის ამბავია? სულ ახლახანს იყო, სადღაც 2000 წლამდე. როდესაც ნეიმარი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, მერეღა ამოვისუნთქეთ” — ამბობს მამა.

ოჯახი საშინლად მოუსვენარ ნეიმარს ყოველმხრივ უწყობდა ხელს. მას კი ყველაფერი უნდოდა: სუპერმენობა, რეინჯერობა…

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავს მამის ზრუნვა არასდროს დაავიწყდება. ამიტომაც აწერია მაისურზე “ნეიმარი უმცროსი” — ხაზს უსვამს, რომ მასზე დიდი ნეიმარიც არსებობს.

“პარი სენ ჟერმენში” გადასვლის წინ ნეიმარმა ინსტაგრამზე დაპოსტა: “შენ ხარ ჩემი ერთადერთი მეგობარი… შენნაირი მეგობრის ყოლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მხარეა. მიყვარხარ, მამა!”

ტატუ – დედის სახე

ნეიმარს ოჯახის ყველა წევრის სახე სხეულზე აქვს ამოსვირინგებული. რაფაელას ბოლო სამი დაბადების დღის გამო ვარსკვლავმა ავადმყოფობაც კი მოიგონა და თამაში გააცდინა.

14 წლის იყო ნეიმარი, როდესაც ოკეანის გადაღმიდან “რეალმა” მიაგნო და კონტრაქტი შესთავაზა, ის კი პატარა გახლდათ და ოჯახს ვერ დაცილდებოდა. ამიტომ, მისი დებიუტი დიდ ფეხბურთში “რეალში” კი არა, “სანტოსში” შედგა. მაშინ თავდამსხმელი 17 წლის გახლდათ.

საინტერესო დეტალი: “სანტოსთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაში ნეიმარებმა ჩააწერინეს, რომ ტრანსფერებზე თავად იზრუნებდნენ. და როდესაც 2013 წელს ამომავალი ვარსკვლავი “ბარსელონაში” გადავიდა, ოჯახმა ამოისუნთქა. მამა ნეიმარს, როგორც აგენტს, 39 მილიონი ევრო ერგო.

არ გაინტერესებთ, რამდენი შეხვდა “სანტოსს”? მხოლოდ 17 მილიონი ევრო.

იმ წლებში, როდესაც მისი ვაჟი “კამპ ნოუზე” დაფრინავდა ნეიმარმა უფროსმა გვარიანი ფული იშოვნა. დეტალებს აღარ ჩავუღრმავდებით — თანხა, რომელიც 2013-2017 წლებში პირადად თავდამსხმელის მამამ “ბარსელონასგან” მიიღო, აღემატება თანხას, რომელიც კლუბმა ლეო მესის გადაუხადა.

ამის ფონზე, გასულ ზაფხულს, ნეიმარის მოულოდნელმა გადასვლამ “ბარსელონადან” “პარი სენ ჟერმენში” დიდი გაოცება და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. “ბარსელონას” MSN-ად (მესი, სუარესი, ნეიმარი) წოდებული თავდასხმის ტრიოს დაშლა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. საქმეში ძალიან დიდი ფული იყო ჩარეული. სწორედ მაშინ დაიწყეს ლაპარაკი სიხარბეზე, იმაზე, რომ ფულად ყველაფერი იყიდება. და მართლებიც იყვნენ. რად უნდა ბევრი ლაპარაკი, რომ ნეიმარმა “ბარსელონა” ფულის გამო დატოვა და “ბარსელონაც” ფულის გამო შეელია “ნეიმარს”.

მამის თვალი შვილის მკლავზე

მაგრამ, ნეიმარსაც უნდა გავუგოთ. გავიხსენოთ, საიდან მოდის, გავიხსენოთ ნაგავსაყრელი და…

ბრაზილიაში უამრავი ადამიანი დღესაც ღატაკია, ის კი აღარ.

არა, მამა ნეიმარს აღარასდროს დასჭირდება სამ სამსახურში მუშაობა.

პსჟ-ს ვარსკვლავი თავის საბანკო ანგარიშს არასდროს გაანულებს ცნობილ ქალებთან ღლაბუცის გამო.

შვილის ბედს სასწორზე არასდროს შეაგდებს!