“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი ციხეშია, ხოლო საქმის გაჭიანურებული განხილვა მის ოჯახზე გამანადგურებლად მოქმედებს.
როსელი მიმდინარე წლის 23 მაისს დაიჭირეს, მის საბანკო ანგარიშებს კი ყადაღა დაადეს. შედეგად, “ბლაუგრანას” 2010-2014 წლების შეფის ცოლ-შვილი ახლობლების კმაყოფაზე აღმოჩნდა.
როსელის ვექილი პაუ მოლინსი ამბობს: “ციხეში გატარებული ექვსი თვე პატიმრის ოჯახისთვის დრამაა. ჩემს კლიენტს ყველა ანგარიში გაუყინეს. მის ცოლ-შვილს სხვები ინახავენ. კეთილისმსურველები რომ არა, საჭმლის ფული არ ექნებოდათ. როსელის სახელზე გაფორმებული მანქანებიც კი წაიყვანეს”.
როსელმა სამჯერ მიმართა სასამართლოს თავდების თხოვნით, მაგრამ სამივეჯერ უპასუხეს, რომ მისი გაშვება სარისკოა.
მოლინსი: “მისი ციხეში დატოვება საკუთრივ ციხის, როგორც პრევენციის საშუალების იდეას აკნინებს. სხვა მრავალი ხერხისთვის შეეძლოთ მიემართათ. მაგალითად, ფეხზე ჩიპიანი ბრასლეტი შემოერტყათ ან პასპორტი ჩამოერთმიათ და ორ კვირაში ერთხელ შეემოწმებინათ”.
ადვოკატს ჰკითხეს, ყოფილი პრეზიდენტი “ბარსელონას” დირექტორებიდან თუ მოინახულა ვინმემ, რაზეც მან უპასუხა, რომ ეეჭვება.