სერბეთის სუპერლიგის მატჩში სუპერ საპროტესტო აქცია გამართა ჩაჩაკის „ბორაცმა“. გასულ კვირას სტუმრად სუბოტიცას „სპარტაკთან“ შეხვედრის პირველ ტაიმში ჩაჩაკელები იგებდნენ (1:0) და მსაჯმა ტაიმის ბოლოს მასპინძლების სასარგებლოდ საეჭვო პენალტი დანიშნა. „ბორაცის“ ფეხბურთელები მსაჯს აუჯანყდნენ და სასტვენის მბრძანებელმა პასუხად ორი კაცი გაუძევა, „სპარტაკმა“ კი პენალტით გაათანაბრა.
9 კაცით დარჩენილი სტუმრები ჯერ თამაშის გაგრძელებას უარობდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში მაინც გავიდნენ მოედანზე და პროტესტის ნიშნად თავის საჯარიმოსთან პოზიციები გაამაგრეს – მინდორზე დასხდნენ. ათწუთიანი მჯდომარე აქციის შემდეგ კი უცნაური ფეხბურთი გააჩაღეს – ბურთს უტყაპუნებდნენ ტრიბუნებისკენ და ასე გაჰყავდათ დრო, მაგრამ ცხრანი რას გახდებოდნენ, „სპარტაკმა“ ორი გოლი კიდევ გაიტანა და 3:1 მოიგო.