დიდი სიხარულია რუსთავში. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ვარლამ კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა ეროვნული ლიგა ერთის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქვემოქართლელებმა საშინაო სარბიელზე „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლეს და დათა სიჭინავას და ზაზა ციცქიშვილის გოლებით 2:0 დაამარცხეს. „რუსთავმა“ მთელი სეზონი სტაბილურად, დამაჯერებლად ჩაატარა და შედეგად დამსახურებულად მოიპოვა ლიგა ორის ჩემპიონობა.

30 გატანილი ბურთით ამაში დიდი წვლილი დათა სიჭინავამ დაიდო,  მაგრამ წარმატების მთავარი შემოქმედი ვარლამ კილასონია გახლავთ, ვინაც, უკვე მეორედ მოახერხა გუნდის ზედა ეშელონში აღზევება. თავის დროზე კილასონიას, მანამდე გასავარდნად განწირული გუნდი ორჯერ უმაღლეს ლიგაშიც დაუტოვებია, 2009 წელს კი მართლაც ფურორი მოახდინა, როცა შვიდი ტურის შემდეგ ჩაიბარა სამქულიანი და ბოლოადგილოსანი „რუსთავი“, სეზონი კი მესამე ადგილზე დაასრულა და გუნდს ევროპალიგის საგზური მოუტანა…

სამიათასამდე გულშემატკივართან ერთად გუნდის წარმატება რუსთავის ახლადარჩეულმა მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქალაქის საკრებულოს წევრებმაც იზეიმეს… საახალსეზონოდ რუსთაველებს, ცხადია, მათი თანადგომის იმედიც აქვთ.