ჩვენი ქვეყნის ამბავი ისეთია, რომ საზოგადო საქმეზე თავგადადებულ ხალხს ახირებულ ვინმეებს ეძახიან. აი, კაცი თუ გადაწყვეტს, ჩემი გამორჩენისთვის კი არა, ხალხისთვის უნდა გავაკეთო რამე და დახმარება მჭირდებაო, ასეთ დროს ორგვარად ფიქრობენ: ამბობენ, გიჟიაო, ან თუ გიჟი არ არის, რაღაც გამორჩენას მოელის, თორემ ისე როგორ შეეჭიდებოდა ასეთ საქმესო. ახირებულები კი, თუ გამორჩენას ელიან, მხოლოდ საქვეყნოს.
აი, ვარიანში რომ გიორგი კანდელაკმა საკრივო კლუბი “ჩემპიონი” გახსნა და ქართლელ ბიჭებს ხელთათმანები მოარგო – ნამდვილი საზოგადო საქმეა. ბიჭებისთვის ხელთათმანზე უკეთესს ვერაფერს შეარჩევს კაცი და, ესეც არ იყოს, ჩვენს არეულ დროში ვარიანის კრივის დარბაზი სითბოსაც აფრქვევს.
ახირებისა და გამორჩენის ამბავი აქ არაფერ შუაშია, აქ გულისა და სიკეთის საკითხია.
გამორჩენა კი… გამორჩენა იქნება, ოღონდ სულ სხვაგვარი, სახალხო.
ხოლო თუ როგორია სახალხო გამორჩენა, ბერკოვიცის მეოთხე საკრივო ფურცელი გიჩვენებთ.
ქალაქი №
სამხრეთ აფრიკა, მდანსტანე, ქალაქ ისტ ლონდონის ახლო დასახლება – ნაღდი საზანგეთი. არეული ქვეყნის უღარიბესი მხარე. სიცხე და მტვერი. ოდესღაც თეთრების სამოთხედ წოდებული აფრიკანერული ალაგი დღეს აშლილი და დაბნეულია. მდანსტანეში კი არც არასდროს უცხოვრიათ თეთრებს – მდანსტანე ყოველთვის სიღატაკის საუფლო იყო.
ისტ ლონდონში არ არის ფართო არჩევანი. ქუჩის ბიჭისთვის მისაღები საქმე ქურდობაა. სიღარიბე ცხოვრების წესია.
მაგრამ აქაც არის მოულოდნელი სურათები. კაცი დაიბნევა კიდეც: ქუჩაში ბიჭი მოდის, თავზე კეტბურთელის კეპი ახურავს და მხარზე სპორტული ჩანთა მოუგდია. მტკიცე, სპორტული ნაბიჯით მიდის ნორს სტრიტისაკენ.
კარზე წითელი საღებავით, ოკრობოკრო ასოებით წაუწერიათ: „ეიეთუს საკრივო კლუბი“. შიგნით – ქვისიატაკიანი დარბაზი. კედლებზე – დიდი ჩემპიონების გახუნებული პლაკატები. შუგარ რეი ლეონარდის, ტომას ჰერნსის, მაიკ ტაისონის და ხულიო სეზარ ჩავესის გახუნებული სახეები. ამ გარემოში კი ოცდაათამდე სხვადასხვა ასაკისა და წონის ბიჭი ებრძვის ტომრებს და ერთმანეთს.
გიმის ქვის იატაკზე სამი გამორჩეული კაცი დგას, უფრო სწორად, ეს ის სამი კაცია, მთელი პროვინცია რომ იცნობს, ეს სამი კაცი მსოფლიოს საკრივო სამყაროში ცნობილი ვინმეა და მდანსტანეში ჩემპიონის ქამარი აქვს ჩამოტანილი.
განა უბრალო?
ველქამ (მეტსახელად ძერა) ნკიტა ფედერაციის მცირე ბუმბულის წონის (122 ფ.) ყოფილი ჩემპიონი და დღესაც ტიტულის პირველი პრეტენდენტია ბუმბულოსნებში. მჰულელო ბოტილე კი იმავე ვერსიის მამლის წონის (118 ფ.) ჩემპიონი და ჯერაც დაუმარცხებელი მეფეა.
მესამე კაცი კი მთავარია. ის მშვიდად დააბიჯებს მოვარჯიშეთა შორის და ხმადაბალ რჩევებს აძლევს ბავშვებს. მას ვუთანი ბუნგუ ჰქვია და იმავ ფედერაციის ვერსიაში დღესაც მცირე ბუმბულის წონის ჩემპიონია. ბუნგუა აქაურობის სული და გული, მწვრთნელი და დამრიგებელი.
ეს უბრალო, კედლებდაბზარული კლუბი კი სამხრეთ აფრიკის საკრივო მაჯისცემას განსაზღვრავს. ეიეთუს დარბაზმა ბოლო ექვს წელიწადში სამი მსოფლიოს პროფესიონალი ჩემპიონი მოუვლინა კრივს, ექვსი ბიჭი კი ქვეყნის ჩემპიონი გახადა.
სამი ჩემპიონი ერთი პატარა, ღატაკი ქალაქიდან, სადაც საძღომად მხოლოდ მზეა!
მეტი რა გინდა?
„ჩვენი საიდუმლო ისაა, რომ რაც უნდა დიდი მოკრივე გამოიზარდოს, აქ ის ვერასდროს იქნება ეიეთუს კლუბზე დიდი“ – ამბობს ნკიტა. მისი აზრით, მთავარი კლუბია და არა სახელი.
აფრიკელ ზანგებს ისედაც არ ესწავლებათ ერთობა და ტომად ყოფნა.
ბუნგუს ფილოსოფია: „ეს არ არის თითოეულის წარმოჩინების ადგილი. ეს არის საერთო საქმე. ჩვენ ძმები ვართ, მისტერ მზი კი მამაა ჩვენი“.
მისტერ მზი და ჰეფიბოი მგქსაჯი
პირველად იყო მისტერ მზი, იგივე მზი მნგუნი – ამ პატარა ქალაქის ერთი უიშვიათესი ბიზნესმენთაგანი, წვრილშვილის პატრონი კაცი, რომელსაც კრივი შეუყვარდა. მისტერ მზი არასოდეს მდგარა რინგზე, მუშტიც, ბავშვობის შემდეგ, არ გაუქნევია, მაგრამ საკრივო სანახაობაც, ღატაკი ქალაქის პირობაზე არ გაუცდენია.
და მან გადაწყვიტა. ეს იყო დიდი ხნის წინათ, მზიმ საზოგადო საქმე დაიწყო.
„მე ვერ ვხედავდი ჩემს თავს მწვრთნელად ან მენეჯერად, მაგრამ ვხედავდი ისეთ ვიღაცად, წამოწყება რომ ძალუძდა“ – იხსენებს მზი – „მე ხელთათმანები ვიყიდე და დარბაზი ვიპოვნე. ისე გამოვიდა, ჯერ მენეჯერი, შემდეგ კი პრომოუტერი გავხვდი. ესეც ბიჭების გამო იყო – თუ მავანთან შერკინება უნდოდათ და ვერ ახერხებდნენ, შუაში მე ვიდექი და ორთაბრძოლას ვუჩარხავდი“.
მისტერ მზის ფრთის ქვეშ აღიზარდა მსოფლიოს სამი ჩემპიონი და კიდევ ის ერთი, რომელიც ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ დიდი კრივის ქალაქში შემომტანი კი გახდა თავისი ოსტატობით.
მას ჰეფიბოი (სიტყვა-სიტყვით – ბედნიერი ბიჭი) მგქსაჯი ერქვა და მდანსტანეს ნამდვილი მეფე იყო.
ოდესღაც, 70-იან წლებში ჰეფიბოი ამტკიცებდა, რომ აპართეიდით ტანჯულ ხალხსაც ერგება თავისი სიხარული. ის ჩხუბობდა. მეტად ლამაზ, შემტევ სტილში და მოსლიოს გვირგვინსაც უმიზნებდა ქვემსუბუქ წონაში, ჰეფიბოის დიდი სახელი ჰქონდა, მის სანახავად სისა დუკაშეს სტადიონზე 25 ათასი კაციც კი შეკრებილა.
სამწუხაროა, მაგრამ ჰეფიბოი ეგრეც ვერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 1979 წელს მან ასოციაციის ჩემპიონ სემი სერანოსთან წააგო, მაგრამ…
ბუნგუ ჰყვება: „ის გმირი იყო, თავისი „მერსედესით“ რომ დაჰქროდა ქალაქის ქუჩებში, ჩვენ უკან დავდევდით. მისი არსებობა ჩვენს ბედშავ მხარეში იყო მიზეზი იმისა, რომ ხელთათმანები ჩავიცვით”.
სალდასტის კრივი
დღევანდელ საკრივო მედიაში არაერთხელ დაისვა კითხვა: „რა თაფლი სცხია მდანსტანეს, რომ იქ ყველა ბიჭს ხელთათმანები ესიზმრება? რა მიზეზია, რომ ამ ღვთისგან დავიწყებულ ქალაქში პროჩემპიონები იბადებიან?“
ჰეფიბოის ცხოვრება და მოღვაწეობა მხოლოდ ბიძგია.
თურმე, ნუ იტყვით და ძველი თბილისისა არ იყოს, მდანსტანეშიც გავრცელებული ყოფილა სალდასტის კრივი ანუ ხის ხმლებითა და მუშტებით ბრძოლა. იქაური სალდასტის თავისებურება კი ის ყოფილა, რომ ყმაწვილი უეჭველად მამისტოლა კაცს უნდა შებრძოლებოდა ხის ხმლით.
ამით უნდა დაემტკიცებინა, რომ ვარგისი ბიჭია და ვაჟკაცურ ცხოვრებაში ფეხი შეუდგამს.
აჰ, რამდენი სიჩაუქე იყო საჭირო ასეთი საქმისთვის.
ვუიანი ბუნგუს მამა, სახელად დანიელი, განთქმული მოსალდასტე ყოფილა. ახალგაზრდობაში ბადალი არ ჰყოლია და სალდასტის სული შვილებისთვის გადაუცია.
ახლა სალდასტის კრივი ჩამკვდარია, მაგრამ მისი სული, მოგონებები და თქმულებები ყოველ მდანსტანურ ქოხმახში ცხოვრობს.
„მე მგონია, რომ სალდასტი საფუძველია, ჰეფიბოი კი ვარსკვლავი, გზა რომ გაანათა“ – ამბობს მისტერ მზი და დაეჯერება კიდეც. მაგრამ ეს მართლაც, რომ საფუძველი და ვარსკვლავია, რაც თავისთავად, მოქმედებს ბიჭებზე, მაგრამ მთავარი მაინც ადამიანის ბედია.
ბუნგუს ბავშვობა
„კრივი მიყვარდა, მაგრამ სულაც არ ვაპირებდი მოკრივეობას“ – აღიარებს ვუიანი ბუნგუ ჩემპიონი – „პროდ გახდომა ოჯახურმა პირობებმა მაიძულა“.
ოჯახური პირობები: ოროთახიანი ბინა, რომელშიც არ არის ონკანი. ასთმით ტანჯული ინვალიდი მამა და დედა, რომელიც სახლიდან 40 კილომეტრზე მუშაობს, რათა რეცხოს და ოჯახი შეინახოს. შინ მხოლოდ თვეში ერთხელ ჩამოდის და მაშინ შვილებს შეუძლიათ ხორციანი კერძი და ბოსტნეული დააგემოვნონ. დანარჩენ დროს კი – პური და ჩაი.
დიდი მოკრივე სიღატაკეში იბადება. ეს აქსიომაა.
ბუნგუ კი მასწავლებლობას აპირებდა. კურსებიც გაიარა და მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, რათა ზანგურ სკოლებში განათლება შეეტანა, მაგრამ დრო გამოდგა ცუდი – აპართეიდის წინააღმდეგ მებრძოლ ზანგებს საგაფიცვო კომიტეტი ჰქონდათ და მთავარ საგაფიცვო ძალას მოსწავლეები წარმოადგენდნენ.
მდანსტანეში სამ წელიწადს არ უმუშავია თუნდაც ერთ სკოლას, ამიტომ ბუნგუმ მოკრივეობა გადაწყვიტა. პირველივე ბრძოლა ნოკაუტით მოიგო და გაამაყებულ დედას უთხრა, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ სახლი გიყიდოო.
„ჩვენი ხალხისთვის კრივი იგივეა, რაც სხვებისთვის ხვნა-თესვა, მძღოლობა და ბიზნესმენობა. ეს ადამიანურად ცხოვრების საშუალებაა. ეიეთუს კლუბში ოთხი-ხუთი წლის ბიჭები მიდიან. ისინი ხელთათმანებით იზრდებიან. კრივი მათთვის ცნობილი ერთადერთი ხელობაა და როგორ გინდა, რომ სხვაგვარად იცხოვრო?“ – განმარტავს ბუნგუ.
და მართლაც ასეა, კრივი არსებობის საშუალებაა.
ისევ ქალაქი
მდანსტანეში, ერთ-ერთი სკოლის ალაყაფი იღება და იქედან ბიჭები გამოდიან. გაკვეთილები დამთავრდა, მაგრამ ქუჩაში არავინ დგას და არავინ აბოლებს სიგარეტს. ბიჭებს შორის ვერ ნახავ ვერც ერთს, ზურგზე სპორტული ჩანთა რომ არ ჰქონდეს მორგებული. ისინი ეიეთუსკენ მიიჩქარიან.
ბევრი მათგანი საერთოდ არ გავს მოკრივეს, წვრილი მკლავებით და კნაჭა ფეხებით, ასეთი ბიჭები დიდხანს ვერ გაატანენ რინგზე, მაგრამ გაივლის წლები და ისინი მებრძოლებად იქცევიან. ქვისიატაკიან დარბაზში მათ არა უბრალოდ მწვრთნელი, არამედ დამრიგებელი და აღმზრდელი ვუიანი ბუნგუ ელით. თავის დროზე მანაც ასე დაიწყო, დარბაზში, სადაც არც ერთი მთელი ფანჯარა არ იყო, სავარჯიშო ტომარაც ტილოსი იყო და ეზოში მოჩიჩქნილი მიწით გამოეტენათ.
კლუბის დარბაზი არც ახლაა მდიდრული. ყველაფერი უბრალოა და იაფი.
„აი, აქ ვისწავლე კრივი – ამბობს ველქამ (სიტყვა-სიტყვით – „კეთილ იყოს თქვენი ფეხი), ნკიტა, ჩემპიონი – „აქ ფუფუნება არ არის, მაგრამ ჩემპიონები კი იზრდებიან“.
აქ არავინ არავის ჩაგრავს. აქ ძმობა მეფობს. კედელთან კი სულ პატარები ჩამწკრივებულან და ვარჯიშს უყურებენ. მათი ჯერიც მოვა.
გარეთ კი ქალაქია. ამ ქალაქში კრივზე ლაპარაკობენ. ყველგან: ტაქსში, კლუბში, პაბში, ქუჩაში, სახლის აივანზე.
„ეს უბრალოდ ლაპარაკი არ არის“ – ხუმრობს ნკიტა – „ეს ის არის, რითაც ჩვენი ხალხი საუზმობს და ვახშმობს“.
თქვენს წინაშეა მოკრივეთა ქალაქი, სადაც ბედნიერების მისაღწევად ერთადერთი ადგილი უპოვნიათ – რინგი. ეგებ ამ ამბავში, მისტერ ბუნგუსა და მისი სამეზობლოს ისტორიაში ბევრი რამ იყოს საინტერესო და მისაბაძი. მითუმეტეს, რომ შორეულ მხარეში მიმდინარე ამბავი ძალიან ჰგავს ჩვენებურ ვარიანში წამოწყებულ საქმეს. აფრიკული გაჭირვება, აპართეიდი და შიმშილობა ღმერთმა გვაშოროს, ქართლის გულში ასეთი რამ არ უნდა იყოს და არც იქნება, მაგრამ ხალხურობა და სული იქაურობისა, მართლაც რომ მოსაწონია.
კრივი იმხელა ჯაფაა, რომ სუსტი ნებისყოფის კაცს, ჰა თუ მწვრთნელს, ჰა თუ მოკრივეს, იქ არაფერი ესაქმება.
ეს აქედან, ბერკოვიცის გვერდიდან ჩანს მდანსტანეს ამბავი შერბილებული, თორემ ფედერაციის ჩემპიონების გაზრდას უბრალო ტომრებითა და თხუთმეტდოლარიანი ხელთათმანებით, რა ჯაფაც სჭირდება, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.
დიდი საკრივო გამარჯვების გზაზე შემდგარი კაცი კი არც დალხინებულია და არც მოსვენებული.
ესეც არ იყოს და, აბა, რა უნდა გიმში იმ ბიჭს, რომელიც ყოველდღე ხუთ ცხელ ფუნთუშას, ოთხ ფილა შოკოლადს და სამ დიდ ბოთლ კოკა კოლას“ ჩაუშვებს მუცელში?
ასეთმა არც კი იცის, სად არის კრივის დარბაზი. ასეთს არც სჭირდება კრივი. უფრო სწორად, კრივი მხოლოდ იმაში სჭირდებათ ხოლმე, რომ ტელევიზორთან მჯდომმა ბატიბუტი ახრამუნოს და ჩხუბის ყურებით გაერთოს.
არა, გენაცვალე, აბა, ასეთი დარბაზში უნდა მიიყვანო?
და ჩვენ გვახსენდება არჩილ სულაკაურის საუცხოო ზღაპარი „სალამურას თავგადასავალი“, იქ აღწერილი მოკრივეთა ქალაქი და პური და წყალი (გაიხსენეთ ბუნგუს პური და ჩაი), რომლითაც პატარა მოკრივეებს ზრდიან.
პური და წყალი – სიმტკიცესა და სიმკაცრეს გულისხმობს.
მებრძოლი ტორტით არ იზრდება. ტორტი მერე მოდის.
ჩვენ კი გვინდა მოკრივეთა ქალაქი. მითუმეტეს, რომ იქა, შუაგულ ქართლში მოკრივეთა სოფელს ეყრება საძირკველი.
ვუიანი ბუნგუ და მისი ამხანაგები თვალნათლად გვიმტკიცებენ: კაცი არ უნდა წაიქცეს, სპორტი კი გადარჩენის ერთ-ერთი გზაა.
10.01.1998