დღეს, “ტოტენჰემ ჰოთსპური” ჩემპიონთა ლიგის მატჩს დორტმუნდში თამაშობს. ასეთი დონის შეხვედრებში მწვრთნელებზე, ცხადია, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ვინ რას მოიფიქრებს და მოიმოქმედებს საღამოს გამოჩნდება, მანამდე კი ერთადერთი რაც ვიცით ის არის, რომ მაურიციო პოჩეტინიომ დელე ალის პერსონალური დავალება მისცა: თითები სადმე დამალოს.

საქმე ის არის, რომ დღევანდელი შეხვედრის მსაჯი გახლავთ ფრანგი კლემენტ ტურპენი, რომელიც სექტემბერში ინგლისისა და სლოვაკეთის შეხვედრას ემსახურებოდა. იმ შეხვედრაში ფიცხმა დელემ ვიღაცას შუა თითი აჩვენა. თავიდან ეგონათ, რომ ეს ვიღაც არბიტრი იყო, მაგრამ მერე გაირკვა (ან დაიჯერეს), რომ “სფურზის” 21 წლის ვარსკვლავმა თითი თანაგუნდელ კაილ უოქერს აჩვენა და დამნაშავეს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს.

პოჩეტინიომ თქვა: “სიფრთხილეა საჭირო. დელე საგანგებოდ დავარიგე. დარწმუნებული ვარ, რომ მსაჯს გულში წყენა არ ჩარჩენია, მაგრამ თავის კონტროლი ყველაფერს სჯობს”.