რა სხვაობაა კრიშტიანუ რონალდუს და იუია ოსაკოს შორის ? რონალდუ წლიურად 30 მილიონამდე ჯამაგირს იჯიბავს, ხოლო „კიოლნის“ იაპონელი ფორვარდი, ალბათ, ამის მეათედსაც ვერა. საერთო რაღა აქვთ? ორივემ ამ სეზონში თითო გოლი გაიტანა.

რონალდუ და ბენზემა ადრე თუ  მეტოქეებს სცემდნენ შიშის ზარს, ახლა მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და „რეალის“ ქომაგები არიან თავზარდაცემულნი. ორივემ ერთად 12 ტურში 2 გოლს მოუყარა თავი. ესაა ერთ-ერთი უცუდესი შემტევი წყვილი ევროპის ხუთი ბობოლა ჩემპიონატის 98 გუნდში.

შარშან ამ დროს რონალდუს და ბენზემას 12 გოლი ჰქონდათ,  2014-2015 წლების სეზონში კი 25.

98 გუნდში „რეალის“  წყვილთან ერთად  ორ-ორი გოლით ბოლოსწინა ადგილს იყოფენ  ოსაკო და გირასი (კიოლნი), დეფო და კინგი ( ბორნმუთი), ჰანი და ვუდი ( ჰამბურგი ), დეპუატრე და კაჩუნგა ( ჰადერსფილდი ).

ბოლო ადგილზე კი ლემელო და კოდა არიან „ბენევენტოდან“ – ერთი გოლი ორ კაცზე.