მესამე ტაიმი იციან რაგბიში – მეტოქე გუნდების მოთამაშეები, ერთმანეთის დამჩეჩქვავი ბიჭები ერთად სხდებიან, ჭამენ, სვამენ და მხიარულობენ. ეგრე იქნებოდა უელსშიც, შაბათის თამაშის მერე. ჩვენი, ტელევიზორების აქეთ მხარეს მიმჯდარი ხალხის მესამე ტაიმი კი ინტერნეტში გაგრძელდა. სანამ 6 ერის კარზე ვაკაკუნებთ, იქამდე ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება დანარჩენი სამყაროს აზრს ქართულ რაგბიზე. ჰოდა, გადავქექეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ, გული მოვიოხეთ – რაც დაიწერა, კარგები ეწერა. ერთი ეგაა, რომ უელსელების შეშინებულმა საქციელმა გადაფარა ქართველების მაგარი თამაში. მაგრამ, ეგ შიშიც ხომ აქედან იყო.
აი, საქართველოში კი არიან ისეთები, ვინც თვლის, რომ უელსთან 7 ქულით წაგება მაინც წაგებაა და გასახარი ამ ამბავში არაფერია. რაღაცნაირად მართალიცაა – ეს სპორტია და სპორტში წაგება კარგი ვერ იქნება, მაგრამ რაგბი ცოტა სხვანაირი სპორტია. ამ ერთ აბზაცში ამას ვერ ავხსნი, რაგბის უნდა უყურებდე და მისი ისტორია იცოდე. ბოლო 20 წლის ისტორია მაინც, რაც ჩვენში ეს სახეობა სახალხო გახდა.
ჰო, ჩვენ შაბათს წავაგეთ უელსთან. მაგრამ წავაგეთ მხოლოდ უელსთან და მოვუგეთ პირველ რიგში საკუთარ თავს. დავინახე როგორ მოუგო ახლანდელმა ვიტომ ძველ ვიტოს, როგორ აჯობა უელსთან მოთამაშე მოდებაძემ კანადასთან მოთამაშე მოდებაძეს და მთლიანად, როგორ აჯობა მეორე ტაიმის საქართველომ პირველი ტაიმის საქართველოს.
ჩვენ წავაგეთ უელსთან, მაგრამ მოვუგეთ იმ ბოროტ ბობოლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს 6 ერში შესვლას.
წავაგეთ უელსთან, მაგრამ მოვუგეთ იტალიას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კაი ხანია რეიტინგში მათზე წინ ვართ, ცხვირს გვიბზუებდა და ჩვენთან თამაშს არ კადრულობდა.
ჩვენ წავაგეთ უელსთან 7 ქულით და ეს გვეწყინა. ყველაზე მაგარი ამ ამბავში ისაა, რომ ეს გვეწყინა. ჰოდა, ვინც თვლით, რომ ეს წაგება მაინც წაგებაა და ვინც თვლით, რომ ეს წაგება- მოგებაა, მოდი, მომავალში ჩვენს 15 ბიჭთან ერთად მივაწვეთ, რომ მერე აღარ გვეწყინოს. ხომ ზუსტად იცით, ეს თამაში „დინამოზე“ რომ ყოფილიყო, იმ ბოლო ლელოს 50 015 კაცი ერთად დავდებდით.
წინ კი აშშ-ის ნაკრებია…