სერხიო რამოსისთვის ცხვირის ტრავმა უცხო ხილი არ არის. ცხვირი “რეალის” მცველმა ათი წლის წინაც გვარიანად დაიშავა. მერე სამი თვე ოპერაციის გარეშე თამაშობდა. და აი, შაბათს, რამოსს კვლავ გაუტეხეს ძგიდე. საინტერესოა, რომ მადრიდელი ვარსკვლავის ცხვირს უცხოელები, უფრო კი ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები არიან გადაკიდებულნი. 2007-ში ეს “ბაიერნის” ჰოლანდიელი თავდამსხმელი როი მაკკაი იყო, ამჯერად კი “ატლეტიკოს” ფრანგმა მცველმა ლუკას ერნანდესმა ივაჟკაცა.

სხვათა შორის, მაკაის ინციდენტიდან სამ დღეში, რამოსმა “ელ კლასიკოში” მიიღო მონაწილეობა.

ახლა კი იმის შესახებ, უნდა დაენიშნა თუ არა ხსენებულ ეპიზოდში ანუ მადრიდული დერბის 36-ე წუთზე მსაჯს “რეალის” სასარგებლოდ პენალტი. გაზეთმა “მარკამ” კომპეტენტური კომენტარისთვის ყოფილ არბიტრს, ანდუხარ ოლივიერს მიაკითხა, რომელმაც თქვა: “ამ ეპიზოდში რამოსიცა და ლუკასიც მათთვის ნებადართულ ფარგლებში მოქმედებდნენ (იგულისხმება, რომ არც რამოსს დაუხრია ზედმეტად თავი და არც ლუკასს აუქნევია ფეხი ზღვარზე მეტად), ამიტომ პენალტი არ არის. მსაჯი აბსოლუტურად მართალი იყო”.