სერია A-ს მეცამეტე ტურში, “ნაპოლიმ” “მილანს” უმასპინძლა და 2:1 მოუგო. ამ შეხვედრას “გაძეტა დელო სპორტში” გამოქვეყნებული რეპლიკის გამო მივაქციეთ გამორჩეული ყურადღება, თორემ შაბათ საღამოს რომაული დერბიც იყო — “რომამ” “ლაციო” ასევე 2:1 დაამარცხა. რეპლიკის მთავარი წინადადება ასეთი გახლდათ: “ვინჩენცო მონტელას მოთამაშეები, პირველ ტაიმში, მეტოქის საჯარიმოში ბურთს საერთოდ არ შეხებიან”. სხვა სიტყვებით, “როსონერიმ” ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში ვერ შეიტანა. რეპლიკას დიაგრამაც ახლდა, რომელზეც ასახული იყო მოედნის ის მონაკვეთები, სადაც შესვენებამდე სტუმრებმა ბურთი გააგორეს.
“გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც სერია A-ს გუნდმა ზემოთ ნახსენები რამ “მოახერხა” — “მილანამდე” მეტოქის საჯარიმოში ბურთი მხოლოდ აუტსაიდერმა “ბენევენტომ” ვერ შეიტანა.
შემდეგ კი აღნიშნულია, რომ მაურიციო სარის გუნდი ისეთივე ყოჩაღია, როგორიც სანაკრებო წყვეტამდე იყო. ნაქებია ლორენცო ინსინიე, რომელმაც პირველი გოლი შეაგდო და ზოგადად, შეხვედრის მთავარი ვარსკვლავი იყო — ინსინიემ მილანელებს კარიერაში მეექვსე გოლი გაუტანა.
“გაძეტა დელო სპორტი”, ისევე, როგორც იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტები და თავად მატჩის მონაწილე ფეხბურთელები, ხაზს უსვამენ, რომ “როსონერის” მოქმედებებში შეინიშნებოდა ყოყმანი, საკუთარი ძალების უნდობლობა. ბოლოს კი მილანური გაზეთი წერს, რომ ეს იყო შეხვედრა, რომელსაც მონტელას გუნდი რაც უფრო მალე დაივიწყებს, მით უკეთესი იქნება.